პოლიციამ სოფელ გუმათთან რკინის ბარიკადები აღმართა. რა ხდება რიონის ხეობაში
გამთენიისას პოლიციამ რიონის ხეობაში, გუმათჰესთან რკინის ბარიკადები აღმართა და ადგილობრივ მცხოვრებლებს გადაადგილებას ამ დრომდე უზღუდავს.
“ჩვენ, ამ ხეობის მცხოვრებლებს არ გვეძლევა სახლში შესვლის უფლება იმიტომ, რომ სახელმწიფო იცავს კერძო კომპანიის ინტერესს. ვფიქრობ, რომ მთელი საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ”, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი.
რკინის ჯებირებს აქტივისტების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ისინი ბარიკადებს სხვადასხვა ნივთებს ურტყამენ და პოლიციას უპირისპირდებიან.
გოლეთიანის თქმით, აქციის მონაწილეები ადგილზე რჩებიან და მოვლენების განვითარებას ელოდებიან:
“ვნახოთ, რა ნაბიჯები გადმოიდგმება იმ რეპრესიულ დიაპაზონში ხელისუფლების მხრიდან და ამის შემდეგ, ალბათ, რა თქმა უნდა, ჩვენი აქციები გადაინაცვლებს დედაქალაქში”
რიონის ხეობაში სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც 11 აპრილს, სოფელ ნამოხვანში, რიონის ხეობის მცველების კარვები პოლიციამ მდინარის ადიდების მიზეზით დაშალა, შემდეგ კი ნამახვანჰესის მშენებელმა კომპანიამ ტრაქტორებით გადახნა ის ტერიტორია, სადაც აქტივისტების კარვები იყო განთავსებული.
დემონსტრანტებს უკვე რამდენიმე დღეა, სოფელ ნამოხვანში შესვლა არ შეუძლიათ.
____________________________
● მათი ხეობა. როგორ იცავენ ადგილობრივები საკუთარ სახლებს ნამახვანჰესის დიდი პროექტისგან
______________________________
გუშინ ღამე, დემონსტრანტებმა ნამახვანჰესის მშენებელი კომპანიის, ENKA-ს ოფისთან გადმოინაცვლეს და ნამოხვანამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს. ისინი ამბობდნენ, რომ გაატარებდნენ მხოლოდ მოსახლეობას, ხოლო კომპანია ENKA-ს თანამშრომლებს და მათ კუთვნილ მანქანებს გადაადგილების უფლებას არ მისცემდნენ.
სწორედ ენკას მანქანების გამოჩენას მოჰყვა აქტივისტებისა და პოლიციის დაპირისპირება, რის შემდეგაც 6 ადამიანი დააკავეს. პოლიციის განმარტებით, გაფრთხილების მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა არ გაათავისუფლეს გზის სავალი ნაწილი და სწორედ ამიტომ დააკავეს ისინი.
ოთხ თვეზე მეტია, მდინარე რიონის ხეობაში არ წყდება პროტესტი ნამახვანის ჰესის პროექტის წინააღმდეგ, რომელსაც თურქეთის უმსხვილესი სამშენებლო კომპანია ENKA ახორციელებს.
2020 წლის ოქტომბრის ბოლოს, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯონეთში კარვები გაშალეს. მათ ENKA– ს მოსთხოვეს დაუყოვნებლივ შეეჩერებინა სამუშაოები და ხეობიდან ტექნიკა გაეყვანა.
ელენე ასათიანის ეს ფილმი რიონის ხეობის მცველებზეა, თუ როგორ დაუკავშირეს მათ საკუთარი ცხოვრება ხეობის პროტესტს ჰესის წინააღმდეგ: