"როცა შენ გამო კი არა, სხვების მაგივრად გრცხვენია" - ისტორია აფხაზეთიდან
აფხაზეთში ახალი სკანდალია, რომელიც „ქართულ“ თემას უკავშირდება. გოგონამ სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ვიდეო განათავსა, სადაც ამბობს, რომ „აფხაზეთი – საქართველოა“. ამის გამო, 19 წლის ალიონა ტანია და მისი მშობლები შსს-ში დაიბარეს. მოგვიანებით, ახალი ვიდეო გამოჩნდა, სადაც გოგონა საჯაროდ იხდის ბოდიშს.
ვიდეოს გარდა, ალიონა ტანიამ საკუთარ გვერდზე, რამდენიმე ფოტოსურათიც განათავსა, სადაც ის მილიციის ფორმაში ჩაცმული პოზირებს. ამის გაკეთებისას, ალბათ, მას არანაირი პოლიტიკური ან სხვანაირი მიზნები არ ჰქონდა, თუმცა, მთელმა ისტორიამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა აფხაზურ საზოგადოებაში.
სოციალურ ქსელებში, გოგონას კრიტიკა დაატყდა თავს, ბევრი მას ღალატში ადანაშაულებდა და ოჯახის საქართველოში გასახლების ინიციატივით გამოდიოდა.
მეორე დღეს, გოგონა მშობლებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. წინასწარი გამოძიების ფარგლებში ჩატარებული დაკითხვის კადრები სახელმწიფო ტელევიზიით აჩვენეს და სოციალურ ქსელებში განათავსეს.
გაირკვა, რომ გოგონას მამა აფხაზეთის ომის ვეტერანია და მშობლებმა არაფერი იცოდნენ ვიდეოს შესახებ. თავად ალიონა ამბობს, რომ ვიდეოს განთავსება, სადაც ის ამბობს ფრაზას – „აფხაზეთი – საქართველოა“ – მას გარკვეულმა პიროვნებამ სთხოვა, რომლის სახელსაც არ ასახელებს.
კომენტარი
ინალ ხაშიგი, JAMnews-ის რედაქტორი აფხაზეთში და „Чегемская правда“-ს რედაქტორი
სიტუაცია, რომელშიც 19 წლის ალიონა ტანია გაება (სხვა სიტყვის მოძებნა მიჭირს), ჩემი აზრით, ისეთია, მტერს რომ არ უსურვებ.
ასე მაინც ეფიქრა, როგორც ამ ვიდეოშია, სადაც ამბობს „აფხაზეთი – საქართველოა“-ო. არადა, ყველაფრიდან ჩანს, რომ პრობლემა ისაა, რომ მას არავითარი შეხედულებები არ გააჩნია არც საქართველოზე, არ თვით აფხაზეთზეც კი, სადაც მთელი ეს წლები გაუსვლელად ცხოვრობს. მეეჭვება, რომ დღევანდელი პრეზიდენტის ასლან ბჟანიას სახელი უცებ გაიხსენოს.
- ქართულ-აფხაზური კონფლიქტი: გამოსავალი არ ჩანს, არც დიალოგის სურვილი. ხედვა სოხუმიდან
- მწერალი ზურაბ ჯიშკარიანი: შურისძიების სურვილი ხელს გვიშლის აფხაზებში ადამიანი დავინახოთ
გოგონას უბრალოდ ცოტაოდენი ჰაიპის დაჭერა უნდოდა სოციალურ ქსელებში. ერთნი, ამისათვის, პირად გვერდზე აქვეყნებენ ნახევრად შიშველ ფოტოებს ეიფელის ფონზე, მეორენი – თავს იწონებენ ძვირადღირებული ბრენდული ტანსაცმლით ან „მიფრინავენ“ ბოლო თაობის „ლექსუსით“ შუქნიშნის წითელ ნიშანზე.
ალიონამაც, როგორც ჩანს, სცადა საზოგადოების გაკვირვება იმ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რომელიც მას ჰქონდა. მოაწყო ფოტოსესია მილიციის ლეიტენანტის ფორმაში, რომელიც მეზობლისგან ინათხოვრა. მაგრამ ამას ცოტამ თუ მიაქცია ყურადღება, თვითონ იმავე მილიციაში.
და მაშინ მან „გაისროლა“ თავისი ვიდეოთი, სადაც აფხაზეთი – საქართველოა და შიგ წერტილში მოარტყა. ასეთი ყურადღება მისი პერსონისადმი, უფრო მეტიც, მისი ოჯახისადმი, ამის შემდეგ აღარასოდეს იქნება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოისურვოს.
მხოლოდ გოგონასა და მისი ოჯახის დაბნეულობის ხარისხს უნდა შეხედოთ, რომლებიც სახელმწიფო მანქანამ დაუცველ მსხვერპლად აქცია – და ყველაფერი გასაგები იქნება.
ხელისუფლება დიდი სიამოვნებით მიესალმა საზოგადოების მთელ ამ აღშფოთებას სოციალურ ქსელებში, რომლებიც გასახლებას, დაწვას, დახვრეტას ითხოვდა. ყველას ხმამაღლა უჩვენეს, რომ „მტერი ვერ გაივლის, ჩვენ ამას ვაკვირდებით“.
ხელისუფლებას განსაკუთრებული ინტერესი არ აქვს ასეთი უბრალო ოჯახების, სადაც ადამიანები, საუკეთესო შემთხვევაში, ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრობენ. აქ კი, ასე უცებ – შსს-ში დაკითხვა წინასწარი გამოძიების ფარგლებში და ცალკე სიუჟეტები სახელმწიფო ტელეარხზე.
იმ ჩინოვნიკებზე, რომლებიც ანალოგიურ „ქართულ“ თემაზე „დაიწვნენ“, ასეთი წარმოდგენები არ გაუმართავთ. ვაითუ, ამისთვის დასაჯონ. აქ კი – შეიძლება.
რას განიცდის ამ „ალიაქოთის“ შემხედვარე ნორმალური ადამიანი? „ესპანურ“ სირცხვილს. როცა შენ გამო კი არა, სხვების მაგივრად გრცხვენია.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო