ქუჩის პროტესტების მიუხედავად, სამხრეთ ოსეთში ოპოზიციური კანდიდატის რეგისტრაციის პრობლემა არ გვარდება
ფოტო: გრიგორი აბაევი
ორშაბათს, 20 მარტს, ცხინვალი მშვიდად გამოიყურება, რაც ოდნავ გასაკვირიც კია, შაბათს და ნაწილობრივ კვირასაც ქუჩებში მომხდარი დაპირისპირებების შემდეგ.
ერთადერთი შესხენება იყო – სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალან ტეხოვის ტელერადიოკომპანია „ირ“-ის ეთერით გამოსვლა.
„ ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის სარჩელთან დაკავშირებით შედგება სამხრეთი ოსეთის უზენაესი სასამართლოს ახალი სხდომა, სასამართლოს გადაწყვეტილება გადასინჯვას არ ექვემდებარება“, – თქვა ტეხოვმა.
9 აპრილს სამხრეთ ოსეთში შედგება საპრეზიდენტო არჩევნები და იმავდროულად რეფერენდუმი – რესპუბლიკისთვის სახელის ალანიად შეცვლის თაობაზე. დარეგისტრირებულია სამი კანდიდატი, მათ შორის – მოქმედი პრეზიდენტი და სპიკერი. რეგისტრაციაზე უარი მიიღო ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ, რაც მთელი მარტის განმავლობაში საპროტესტო აქციებისა და გამოსვლების მიზეზად იქცა.
ტეხოვის გამოსვლა ედუარდ კოკოითისა და მისი მრავალრიცხოვანი მომხრეების მიმართ საბოლოო პასუხივით გაისმის.
14 მარტს რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ მისთვის კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა – იმ მიზეზით, რომ ბოლო წლებში კოკოითის რესპუბლიკაში საცხოვრებელი ცენზის მოთხოვნებისთვის შესაბამისი დროის განმავლობაში არ უცხოვრია. კოკოითი მრისხანედ უარყოფს ცენტრალური საარჩევნო კომისიის არგუმენტებს და მისი მომხრეები, უკვე მხოლოდ კანდიდატად მის დარეგისტრირებას კი არა, შინაგან საქმეთა მისნისტრისა და КГБ-ს ხელმძღვანელების გადადგომასაც მოითხოვენ – დოკუმენტების გაყალბების გამო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის უარი ცხინვალში დიდი ხნის განმავლობაში გამუდმებული საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა. ედუარდ კოკოითი ახლა თავს ოპოზიციის ფაქტობრივ ლიდერად წარმოაჩენს. გასულ უქმეებზე ის თავის მომხრეების დიდ ჯგუფთან ერთად – 300-დან 500 ადამიანამდე ცხინვალში მთვრობის შენობის წინ იდგა, მთავარი მოთხოვნა ისევ იგივე იყო – გაუქმდეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება და კოკოითი სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტრირონ.
შაბათს, 18 მარტს ქალაქის ცენტრი მთლიანად მეპროტესტეებს ჰქონდათ დაბლოკილი. სამთავრობო შენობასთან მისასვლელები მილიციამ მხოლოდ საღამოხანს გაათავისუფლა.
სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალან ტეხოვის თქმით, რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები ედუარდ კოკოითის მომხრეებთან დიალოგს გააგრძელებენ. „ლეონიდ თიბილოვი ყოველთვის მზადაა დიალოგისთვის. ჩვენ გახსნილები და მზად ვართ განვიხილოთ ყველა საკითხი, გარდა ისეთებისა, რომლებიც ჩვენს კანონმდებლობას ეწინაღმდეგება… კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, დაიცვან კანონი და სიმშვიდე“, – თქვა ტეხოვმა.
თავად ლეონიდ თიბილოვი ამჯერად მოსკოვში იმყოფება, 21 მარტს დაგეგმილია მისი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
ონლინ მედია პლატფორმა „ეხო კავკაზასთან“ საუბრისას სამხრეთის ოსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ანატოლი პლიევმა ასევე დაადასტურა: ედუარდ კოკოითისა და ლეონიდ თიბილოვის შეხვედრის შესაძლებლობა, უკვე რამდენიმე დღეა, განიხილება.
„მინდა ვთქვა, რომ მოლაპარაკებები უკვე შედგა. პირველ საღამოსაც კი (პროტესტის) მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, ანუ კოკოითის წარმომდგენლები, სახალხო პარტიის წარმომადგენლები აქ იმყოფებოდნენ. პრეზიდენტთან საუბარი შედგა. განხილული იყო გარკვეული საკითხები. სამომავლოდ სავარაუდოა, რომ დიახ, შეხვედრა შედგება…
სიტუაციის გამწვავების აუცილებლობას ვერ ვხედავ. ეს გამწვავება არავისთვის არის ხელსაყრელი, მათ შორის არც ედუარდ ჯაბეევიჩისთვის არის სასარგებლო. ყველაფერი სამართლებრივ კალაპოტში უნდა გადაიჭრას… ზედმეტი ემოციები და პოლიტიკურ ავანტიურებში ადამიანების ჩათრევა პრობლემის გადაწყვეტას ხელს ვერ შეუწყობს“.