1 ივლისიდან ყველა მძღოლს 100 ქულა ექნება
100 ქულიანი მართვის მოწმობის სისტემა 1 ივლისიდან ძალაში შედის.
ეს იმას ნიშნავს, რომ 1 ივლისიდან ქართველ მძღოლებს ახალ წესებთან შეგუება მოუწევთ.
1 ივლისიდან ყოველ მძღოლს მიენიჭება 100 ქულა. საგზაო მოძრაობის წესების ყოველ დარღვევაზე მძღოლს ქულები დააკლდება. მძღოლს, რომელიც იმდენად ხშირად დაარღვევს მოძრაობის წესებს, რომ 100 ქულას გაფლანგავს, მართვის მოწმობა შეუჩერდება და მისი ხელახლა აღება მოუწევს.
რამდენი ქულა ჩამოგეჭრებათ კონკრეტულ დარღვევებზე:
- მანქანის მართვა მთვრალ მდგომარეობაში – 30 ქულა (ერთი წლის განმავლობაში განმეორებით – 40 ქულა)
- ავტომობილის შეგნებულად იმ პირისთვის გადაცემა, რომელიც ნარკოტიკული თრობის ქვეშაა – 40 ქულა
- იმ ავტოტრანსპორტის მართვა, რომელსაც სავალდებულო პერიოდული ტესტირება არ გაუვლია – 15 ქულა
- მძღოლის ან წინა სავარძელზე მგზავრის მიერ ღვედის გამოუყენებლობა – 5 ქულა
- მობილურზე საუბარი – 15 ქულა
- მოპედით/მოტოციკლით მგზავრობა ჩაფხუტის გარეშე – 5 ქულა
- გაუმართავი სამუხრუჭე სისტემის/გაუმართავი საჭის/გაუმართავი მაშუქების მქონე ავტომობილის ტარება – 5 ქულა
- სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც თან არა აქვს მართვის მოწმობა და მანქანის პასპორტი – 5 ქულა
- იმ ავტომობილის ტარება, რომელიც დასაშვებ ზღვარზე მეტად აბინძურებს გარემოს – 10 ქულა
- თვითნებურად გადაკეთებული ავტომობილის ტარება – 10 ქულა
- არასწორი ქვეკატეგორიის მართვის მოწმობით ავტომობილის ტარება – 15 ქულა
- დაბურული მინების მქონე ავტომობილის ტარება – 5 ქულა (ერთი წლის განმავლობაში განმეორებით – 10 ქულა; მესამედ – 15 ქულა)
- წესების დარღვევით მოძრაობა, რასაც მოჰყვა, ავტომობილის, ინფრასტრუქტურის ან ადამიანის სხეულის მცირე დაზიანება – 20 ქულა
- ავტომობილზე ციმციმა სიგნალის ან ხმოვანის სიგნალის გამოყენება, სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება – 15 ქულა (იგივე განმეორებული წლის მანძილზე – 20 ქულა)
- ესკორტის ავტომობილის შეფერხება – 10 ქულა
- საწრაფოს/სამაშველოს/სახანძროს ავტომობილის შეფეხრება – 20 ქულა (იგივე ქმედება, რასაც მოჰყვა ავტომობილის, ინფრასტრუქტურის, ან ადამიანის სხეულის მცირე დაზიანება – 40 ქულა)
- ავტომობილის გადაცემა არასრულწლოვნისთვის ან იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის – 15 ქულა. იგივე ქმედება, რასაც მოჰყვა ავტომობილის, ინფრასტრუქტურის, ან ადამიანის სხეულის მცირე დაზიანება – 25 ქულა (იგივე ქმედება განმეორებული წლის მანძილზე – 30 ქულა)
- წინასწარი შეცნობით, სანომრე ნიშნის გარეშე მოძრაობა ან სანომრე ნიშნის შეცვლა/გადაკეთება – 10 ქულა. სატრანსპორტო საშუალების მართვა წინასწარი შეცნობით სხვისი ან შენიღბული სახელმწიფო სანომრე ნიშნით – 30 ქულა
- საგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება ან სატრანსპორტო საშუალების შემთხვევის ადგილიდან გადაადგილება – 15 ქულა
- ავტომობილის გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა – 20 ქულა
- სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით – 10 ქულა
- სიჩქარის გადაჭარბება იმ პირის მიერ, რომელსაც მგზავრები გადაჰყავს – 25 ქულა
- სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება – 30 ქულა
- აღნიშნული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება – 40 ქულა
- ქვეითებთან მიმართებით საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა – 5 ქულა (იგივე ქმედება განმეორებით ჩადენილი ერთი წლის მანძილზე – 10 ქულა)
- ქვეითებთან მიმართებით მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა – 20 ქულა
- ქვეითებთან მიმართებით საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომელსაც მოჰყვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება – 30 ქულა
- მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას – 5 ქულა
- ღერძულა ხაზის გადაკვეთა – 10 ქულა (იგივე ქმედება განმეორებული ერთი წლის მანძილზე – 20 ქულა)
- ღერძულა ხაზის გადაკვეთა და მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა – 30 ქულა
ეს დარღვევების არასრული ჩამონათვალია. სრულად წაიკითხეთ აქ.