ფიტნესკლუბი, რომელიც რეგულაციების დარღვევისთვის დააჯარიმეს, "გირჩის" ლიდერმა იქირავა
პოლიტიკური პარტია “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ბათუმში მდებარე ფიტნესკლუბის, “რეფორმერის” დარბაზს საცხოვრებელ სახლად ქირაობს.
“რეფორმერი”, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილ რეგულაციებს არ დაემორჩილა და მუშაობა არ შეაჩერა, გუშინ, 28 ნოემბერს, შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა.
ჯაფარიძე მოქალაქეებს მიმართავს და ამბობს, რომ ყველას, ვისაც ვარჯიში სურს, შეუძლია, დარბაზში მივიდეს:
“მაქვს სავარჯიშო ინვენტარი, რომელსაც აქირავებს ფართთან ერთად გიორგი [მფლობელი] და ნებისმიერ ადამიანს, ვინც ბათუმში ან ახლოს ვარჯიშობს და დარბაზები დაუკეტეს, შეგიძლიათ სტუმრად მოხვიდეთ აქ, ჩემთან სახლში და ივარჯიშოთ”.
● „გირჩის“ პოლიტიკური შტაბების მიერ კარანტინის წესის დარღვევას შსს იძიებს
მისი თქმით, გაფორმდა ზეპირი ხელშეკრულება და ფიტნესკლუბი საკუთარ საცხოვრებელ სახლად იქირავა, შესაბამისად, სანამ რეგულაციები იქნება ეს იქნება საცხოვრებელი სახლი და მას ვერავინ დააჯარიმებს.
“შრომის ინსპექციას შეუძლია შემოვიდეს და ნახოს თუ უნდა, სალარო აპარატი მუშაობს თუ არა. აპარატი არ იმუშავებს, გატრიალდებიან და გავლენ, სხვას აქ არავის შემოვუშვებ”, – აცხადებს ზურა ჯაფარიძე.
მან ასევე აღნიშნა, რომ ფართი მხოლოდ სავარჯიშოდ იქნება გამოყენებული.
“მარტო მოვარჯიშე ხალხს ვუშვებ, სმა, წევა და რამე არ მოსულა. მეც ვივლი თბილისიდან და ვივარჯიშებ, იქ დაკეტილია ყველაფერი”, – ამბობს ჯაფარიძე.