ოთხდღიანი ომი
თალიში: ნანგრევების ისტორია
1992 წლიდან სომხური სოფელი თალიში ორჯერ დაინგრა და ამ სოფლის მოსახლეობის ევაკუაცია ორჯერ გახდა საჭირო. პირველი ევაკუაციის დროს არამ ოგანიანი თავის შვილების გადარჩენას ცდილობდა, მეორე ევაკუაციის დროს კი – შვილიშვილების.
” შვილიშვილებს ტანით გადავეფარე, რომ სეტყვასავით წამოსული ჭურვებისგან დამეცვა. ყველა გადარჩენილი ნივთი შევაგროვე. სხვაგან გადავყავართ,” – თქვა ოგანიანმა.
თალიში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და დიდი დასახლებული პუნქტია მთიან ყარაბაღში. 1992 წელს, როდესაც აზერბაიჯანის სამხედრო შენაერთებმა იერიშით აიღეს სოფელი, ოგანიანმა ეს ადგილი დატოვა, რომ ბავშვებიც გადაერჩინა და თავიც. სწორედ მაშინ დატოვეს ეს ადგილები სხვა მოსახლეებმაც – სულ დაახლოებით 40 ათასმა სომეხმა.
აზერბაიჯანის ჯარი თალიშს თითქმის ორი წლის განმავლობაში აკონტროლებდა. 1994 წლის აპრილში, როდესაც სომხურმა ძალებმა მოწინააღმდეგე აიძულეს, უკან დაეხია, ოგანიანი და ზოგი სხვა დევნილიც დაბრუნდნენ და დანგრეული სახლები აღადგინეს.
2016 წლის 2 აპრილს, როდესაც აზერბაიჯანის არმია თალიშის მიმართულებით ინტენსიურად ისროდა, ოგანიანებს – ცოლ-ქმარს, მათი რძალსა და სამ შვილიშვილს (რომელთაგან უმცროსი 4 თვისაა) თავიანთ ოთახებში ეძინათ. მათი ვაჟი სამხედრო მოსამსახურეა და იმ ღამეს პოსტზე იყო.
“ბავშვები ვერ ხვდებოდნენ, რა ხდებოდა. აფეთქებებისგან შეშინებულები ხმამაღლა ტიროდნენ. ჩემმა რძალმა ოთხი თვის ბავშვი ხელში აიყვანა და მთელი ტანით გადაეფარა, მე და ჩემი ცოლი კი დანარჩენ ორ ბავშვს გადავეფარეთ,” – ამბობს თავის დანგრეულ სახლში მდგომი ოგანიანი.
თალიში მთიანი ყარაბაღის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს და აზერბაიჯანულ სოფლებს ესაზღვრება. დაბომბვიდან რამდენიმე საათში სოფლის მოსახლეობა ამ დასახლებული პუნქტიდან გაიყვანეს. სოფლის განაპირა უბანში მდებარე სახლებში რამდენიმე მოხუცი დარჩა. 2 აპრილს, დილით სოფელში აზერბაიჯანული დივერსიული ჯგუფი შემოიჭრა. როგორც მასობრივი ინფორმაციის ადგილობრივი საშუალებები იტყობინებოდნენ, მათ სამი მოხუცი მოკლეს და გარდაცვლილებს ყურები დაათალეს.
აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს რამდენიმე სამხედრო პოსტი, რომლებიც რამდენიმე დღის შემდეგ სომხებმა უკან დაიბრუნეს. გამყოფი ზოლის სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით აზერბაიჯანელებმა ლელე თეფეს სიმაღლე და ხუთი საყრდენი პოსტი აიღეს.
როგორ დაიწყო ოთხდღიანი ომი
1-5 აპრილის ომმა სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შედეგად მოუტანა ასობით დაღუპული და დაჭრილი ადამიანი. თუმცა, ეს შემთხვევა მოულოდნელად არ უნდა მივიჩნიოთ, რადგან 1994 წლის მაისის (სწორედ მაშინ მოეწერა ხელი უვადო ზავს) შემდეგ მხარეებმა შეჯიბრი დაიწყეს შეიარაღებაში. მთლიანობაში მოლაპარაკებების პროცესი ჩიხში შევიდა, აზერბაიჯანს კი არაერთხელ განუცხადებია საჯაროდ, რომ მზად იყო, კონფლიქტი სამხედრო გზით დაესრულებინა.
ოთხდღიანი ომის განმავლობაში მხარეებმა ადამიანურ დანაკარგებთან ერთად მატერიალური და სამხედრო ზარალიც იწვნიეს. თუმცა, იმ უმნიშვნელო ტერიტორიას თუ არ ჩავთვლით, რომელიც აზერბაიჯანის სამხედრო ძალების კონტროლის ქვეშ გადავიდა, 1994 წლის სტატუსკვო არ შეცვლილა.
როგორ დაიწყო ომი? გთავაზობთ ოთხ შესაძლო სცენარს
პირველი სცენარი: დივერსიული ოპერაციიდან ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებამდე
1-2 აპრილის ღამით თალიშში აზერბაიჯანული დივერსიული ჯგუფი შეიჭრა, მაგრამ მათი მანევრი წარუმატებლად დასრულდა. მათ დასახმარებლად გამოეშურა აზერბაიჯანული ვერტმფრენი Mi 24/35, რომელიც მრავის მთის აღმოსავლეთ ფერდობზე ჩამოაგდეს. ამდენად, სამხედრო მოქმედებები მთიანი ყარაბაღის გამყოფი ზოლის მთელ პერიმეტრზე გაიშალა. მხარეები მძიმე არტილერიას, მათ შორის “სმერჩისა” და “გრადის” სახელით ცნობილ, ცეცხლსსასროლ სისტემებს იყენებდნენ. იბომბებოდა როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ობიექტები.
არ იყო გამორიცხული, რომ სოფელ თალიშისა და მატაგისის აღების შემთხვევაში, წარმატებით ფრთაშესხმული აზერბაიჯანული ჯარები სხვადასხვა მონაკვეთზე შეჭრილიყვნენ და, ძირითადად, აგდამ-სტეფანაკერტის მიმართულებით გაეგრძელებინათ მსვლელობა.
მეორე სცენარი: ვერშემდგარი ბლიცკრიგი
აზერბაიჯანი შეეცადა, ბლიცკრიგი განეხორციელებინა და სომხური დასახლებები ან რაიონები ჩაეგდო ხელთ. ამ ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს ის, რომ პირველი აპრილის წინა დღეს გამყოფი ზოლის მთელ პერიმეტრზე აზერბაიჯანული მხარის მძიმე ტექნიკა და პირადი შემადგენლობა ინტენსიურად გადაადგილდებოდა. მთიანი ყარაბაღის ლიდერი, ბაკო სააკიანი ამტკიცებს, რომ, კონტრდაზვერვის წყალობით, ყარაბაღის მხარე ამ გადაადგილებების შესახებ ინფორმირებული იყო. აზერბაიჯანული ბლიცკრიგი ჩაფლავდა.
მესამე სცენარი: რუსეთის “ფარული ხელი”
ამ დღეებში დასავლელი და, ნაწილობრივ, სომეხი ექსპერტებისა და პოლიტოლოგების წრეებში განიხილებოდა ვერსია, რომლის მიხედვითაც, სამხედრო შეტაკება რუსეთის პროვოცირებული იყო, იმ მიზნით, რომ მხარეებს სამხედრო მოქმედებების დასრულების თხოვნით მიემართათ მოსკოვისთვის. რუსეთის შუამავლობით უნდა შემდგარიყო შეხვედრა, რომლის შედეგადაც სამხედრო მოქმედებები შეწყდებოდა, მომავალში კი კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოები უნდა განლაგებულიყვნენ.
მართლაც, კრემლის შუამავლობით, სომხეთისა და აზერბაიჯანის გენშტაბების ხელმძღვანელები ერთმანეთს შეხვდნენ და სამხედრო მოქმედებები შეწყდა.’
მეოთხე სცენარი: თურქეთის “ფარული ხელი”
სომეხი და, ნაწილობრივ, რუსი ექსპერტებისა და პოლიტოლოგების წრეებში აქტიურად განიხილება ვერსია, რომლის მიხედვითაც, მთიანი ყარაბაღისა და აზერბაიჯანის გამყოფ ზოლზე სამხედრო მოქმედებების წარმართვა თურქეთის ინტერესებში შედიოდა. ამ მოსაზრებას მიემხრო რუსეთის პრემიერმინისტრი დმიტრი მედვედევიც. რთულია, ერთმნიშვნელოვნად თქმა, თუ რას ეფუძნება აღნიშნული ვერსია, მაგრამ ერთი რამ ცხადია – თურქეთი ღიად იცავს და მხარს უჭერს აზერბაიჯანს.
ანტირუსული დღეები სომხეთში
სომხეთი ანტირუსულ დღეებს განიცდის. ბევრს ეს შეიძლება შეუძლებლად და გასაოცრად მიაჩნდეს, მაგრამ ასეთია რეალობა. ქვეყნის პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა შეშფოთება გამოხატეს იმის გამო, რომ აზერბაიჯანი ყარაბაღის წინააღმდეგ იმ იარაღს იყენებს, რომელიც მოსკოვისგან იყიდა (და ახლაც ყიდულობს). სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანმა რუსეთის მხრიდან აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვას უზნეობა უწოდა.
რუსმა ჩინოვნიკებმა, მათ შორის პრემიერმინისტრმა და ვიცეპრემიერმა, აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდებას არსებული შეთანხმებების შესაბამისად გააგრძელებენ. რუსეთის ოფიციალური პირები და მედიასაშუალებების წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ იმაზე, რომ აზერბაიჯანს აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს ყარაბაღის მოსაზღვრე ის რაიონები, რომლებიც სომხური მხარის კონტროლის ქვეშაა. ეს რაიონები სომხების კონტროლს, ძირითადად, 1993 წელს დაექვემდებარა, როდესაც აზერბაიჯანის ხელისუფლების სათავეში ილხამ ალიევის მამა, ჰეიდარ ალიევი იმყოფებოდა.
როგორც ჩანს, სომხეთის ხელისუფლება რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ქვეყნის სტრტეგიული მოკავშირე, რუსეთის ფედერაცია აზერბაიჯანს აიარაღებს და პროპაგანდისტულ ზეწოლას იყენებს იმისთვის, რომ მთიანი ყარაბაღის მიმდებარე რაიონებიდან სომხური ძალები გავიდნენ.
სერჟ სარგსიანისთვის რთული პერიოდი დადგა. როგორც ჩანს, სწორედ ამ სიძნელეებმა აიძულა იგი, თავის ყველაზე მკაცრ კრიტიკოსსა და დაუნდობელ მოწინააღმდეგეს, სომხეთის პირველ პრეზიდენტ ლევონ ტერ-პეტროსიანს შეხვედროდა. შეხვედრაზე, რომელიც პირველი პრეზიდენტის სახლში გაიმართა, მხოლოდ მთიანი ყარაბაღის საკითხი განიხილეს.
სტატიაში გამოთქმული აზრები და გამოთქმები, ასევე ტერმინოლოგია, მხოლოდ ავტორს ეკუთვნის, რასაც, შესაძლოა, რედაქცია არ იზიარებდეს.
გამოქვეყნებულია 13.04.2016