ერევნის სამი ყველაზე ძველი ავტომობილი
1934 წლის ავსტრიული Steyr, რომელმაც მეორე მსოფლიო ომი გამოიარა, 1984 წელს სტალინგრადიდან ერევანში ჩავიდა. ამჟამად მანქანა მსახიობობას ეწევა და ზოგჯერ ქორწილებშიც მონაწილეობს.
“ეს მანქანა გენერლებს ემსახურებოდა. ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, როდესაც სომხეთში ჩამოვიდა. რესტავრაცია ჩავუტარეთ, გადავღებეთ და ის იერი მივეცით, რაც ახლა აქვს. ამჟამად ამ მანქანას ფილმებსა და კლიპებში იღებენ – მაგალითად, ის მონაწილეობს ფილმში “კარი გააღე”. ასევე – გადაღებულია ჯივან გასპარიანისა და სარქის ედვარდსის კლიპებში,” – სიამაყით აღნიშნავს ავტომობილის მფლობელი, ჟორა პეტროსიანი.
ძველი მანქანების კოლექციონერ ჟორა პეტროსიანს ყოველთვის უყვარდა 82 წლის ბერიკაცი Steyr. 90-იან წლებში ამ მანქანაში 300 ათას ამერიკულ დოლარსაც კი სთავაზობდნენ, მაგრამ ჟორა პეტროსიანმა საყვარელი მანქანა არ გაყიდა.
“ყოველთვის მომწონდა ძველი ავტომობილები. მე მყავს 1936 წლის “მერსედესი”, 1940 წლის BMW, 1950 წლის ЗИС-ი… მაგრამ Steyr ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან სხვა მანქანებს კაბრიოლეტის ასეთი მექანიზმი არ აქვთ.”
ძველი ავტომობილებისადმი ვნება ჟორა პეტროსიანმა გადასდო სიძესაც, რომელიც ოჯახური სიამაყეს თან დაჰყვება ჩვენებებზე.
ЗИС 110-მა, რომელიც საბჭოთა პერიოდში კრემლის პირველ პირებს ემსახურებოდა, ახლახან 70 წლის იუბილე აღნიშნა. “ლეგენდარული” ავტომობილი სომხეთში მოხვდა 1960 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელმა, ნიკიტა ხრუშჩოვმა გადაწყვიტა, ეს მანქანა სასტუმრო პარკიდან ამოეწერა და სიძისთვის, გაზეთ “იზვესტიას” რედაქტორ ალექსეი აჯუბეისთვის ეჩუქებინა.
“აჯუბეის ორი მანქანა ჰყავდა და ამიტომ გადაწყვიტა, ეს გაეყიდა. სომხეთში ჩამოვიდა და ერთ-ერთ სასტუმროში გაიცნო მამაჩემი, რომელსაც ეს მანქანა ძალიან მოეწონა და 80 ათას რუბლად იყიდა. მაშინ მაგ თანხით სამი მანქანის ყიდვა შეიძლებოდა,” – ამბობს მანქანის ამჟამინდელი მფლობელი სურენ ხორენიანი.
გარკვეული პერიოდის შემდეგ სწორედ ამ მანქანით გაემგზავრა სურენ ხორენიანი საქორწინო მოგზაურობაში და მთელი საბჭოთა კავშირი მოიარა. ხორენიანებს ხშირად სთავაზობდნენ ძველი ЗИС 110-ის გაცვლას უცხოური წარმოების უახლეს ავტომობილებში, მაგრამ ისინი ყოველთვის უარს ამბობდნენ.
“ძალიან რბილი, მდიდრული ავტომანქანაა. 56 წელიწადს პატიოსნად გვემსახურა. რა თანხაც უნდა შემომთავაზონ, მაინც არ გავყიდი. არ არსებობს ისეთი ფული, რომლის გამოც უარს ვიტყვი მასზე,” – ამბობს სურენ ხორენიანი
1948 წელს გამოშვებული “პობედა” თითქოს ახლახან გამოვიდა ქარხნიდან. ეს მანქანა ერევნელი რაზმიკ მარგარიანის ძველი ავტომობილების კოლექციაში შედის.
“ამ ავტომობილის ყველა ნაწილი ორიგინალურია. სხვა მანქანის არაფერი აქვს. ჩემს “პობედას” შეუძლია ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას მიგიყვანოთ. ყოველთვის სრულ მზადყოფნაშია,” – ამბობს რაზმიკ მარგარიანი.
დიდი ხანია, რაც მექანიკოს რაზმიკ მარგარიანს ძველი მანქანების მიმართ დიდი სიყვარული გაუჩნდა და დროთა განმავლობაში ეს გრძნობა კიდევ უფრო მეტად გაუმყარდა. “მოხუცი კაცი ვარ და ძველი მანქანები მომწონს. მყავს 1950 წლის “მოსკვიჩი”, 1968 წლის “ვოლგა”, 1953 წლის “ზილი” და 1977 წლის მერსედესი. გადაადგილების ძირითად საშუალებად მერსედესს ვიყენებთ. სხვა ავტომობილებს ვერ გავყიდი – თითოეულ მათგანს ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდი უკავშირდება.”