კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა, გარდაცვლილთა ანტირეკორდი და ახალი წესები
ბოლო 24 საათში საქართველოში 1194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და პანდემიის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მეტი – 15 ადამიანი გარდაიცვალა.
დღეს გამოვლენილი ინფიცირებულთა რაოდენობა ახალი ანტირეკორდია. ეს 8-ით მეტია გუშინდელ მონაცემებთან შედარებით (1186), და 2-ით მეტია 18 ოქტომბერს დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელთან (1192 ) შედარებით.
სულ დადასტურებულია 19 857 შემთხვევა
აქედან:
გარდაცვლილი – 158
აქტიური შემთხვევა (ანუ ახლა არიან ავად) – 11033
გამოჯანმრთელებული – 8666
ინფიცირებულთა შორის 60 სამედიცინო პერსონალია
ვირუსის გავრცელების გეოგრაფია
კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი 425 ინფიცირებული თბილისში გამოვლინდა.
კიდევ ერთ ცხელ წერტილად გამოიკვეთა იმერეთი – ამ რეგიონში 372 ინფიცირებულია.
შედარებით დასტაბილურდა ეპიდსიტუაცია აჭარაში – აქ 20 ოქტომბერს 193 შემთხვევა გამოვლინდა, მაშინ როცა წინა დღეებში 300-ზე მეტი იყო.
რაც შეეხება სხვა რეგიონებს: გურიაში 21 შემთხვევა დადასტურდა, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 27, ქვემო ქართლში -53, შიდა ქართლში -64, მცხეთა-მთიანეთში- 18, კახეთში-3, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთში -9, ხოლო სამცხე-ჯავახეთში ასევე 9 შემთხვევა.
გარდაცვლილები
გარდაცვლილებიდან თბილისში 7 დაიღუპა, ბათუმში 4, ქუთაისში 2,
გორში 1, მცხეთაში 1 პაციენტი.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარაში გარდაცვლილი ოთხი პაციენტიდან, ყველაზე ახალგაზრდა 40 წლის ქალია, რომელსაც ჰქონდა თანდაყოლილი ცერემბრალური დამბლა და ასევე დიაბერი.
ბათუმში გარდაცვლილი ყველაზე ხანდაზმული პაციენტი იყო 82 წლის ქალი. ასევე, ბათუმში გარდაიცვალა კიდევ ორი ქალი – 62 წლის და 65 წლის. ერთ-ერთის თანმხლებ დაავადებად სახელდება დიაბეტი და სიმსუქნე, ხოლო მეორეს ფილტვის კიბო ჰქონდა.
აქტიური შემთხვევები. ვინ სად მკურნალობს
ამ დროისთვის ქვეყანაში 11 ათასამდე ადამიანს აქვს ვირუსი.
მათგან 341 მძიმე პაციენტია. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 75 ადამიანი.
ახალი წესით, 18-დან 65 წლამდე უსიმპტომო და მსუბუქი სიმპტომებით პაციენტები რჩებიან სახლში. დღეისთვის 2817 პირი მკურნალობს საავადმყოფოში, 6 ათასამდე კოვიდინფიცირებული მკურნალობს სახლში, ხოლო 1672 ადამიანი კოვიდსასტუმროში.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტების სამყოფი საწოლები ქვეყანაში არის. ქვეყნის მაშტაბით დღეის მდგომარეობით დაახლოებით 800-900 საწოლია თავისუფალი, აღნიშნა გამყრელიძემ ჯანდაცვის მინისტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ახალი წესები და შეზღუდვები
● სავარაუდოდ ხვალიდან, 21 ოქტომბრიდან შეიცვლება წესები საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში საზღვარგარეთიდან შემოდიან. მათ აღარ უნდა გაიარონ 12 დღიანი კარანტინი, საკმარისია ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენა.
● როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, ხვალიდან, 21 ოქტომბრიდან, დაიწყება სწრაფი ტესტირება ანტიგენზე ცხელების ცენტრებში თბილისსა და ქუთაისში, იქ სადაც ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევებია.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში არის კორეული წარმოების ანტიგენზე დამყარებული ტესტი. „ანტიგენის ტესტი უკვე, თითქმის მიუახლოვდა „პისიარის“ სარწმუნოებას და უმრავლეს შემთხვევაში მას გამოვიყენებთ. დადგინდება ჯგუფები, ვის გაუკეთდება „პისიარი“ და ვის ანტიგენის ტესტი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
● 21 ოქტომბრიდან, საღამოს 22:00 საათიდან რესტორნები მცხეთაშიც დაიკეტება (თბილისში, იმერეთში და აჭარაში ეს შეზღუდვა უკვე მოქმედებს)
● მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, მალე გამკაცრდეს ჯარიმები პირბადის არგაკეთებაზე ან ტარების წესის დარღვევაზე. ამჟამად პირბადის ტარება საქართველოში სავალდებულოა ყველა დახურულ სივრცეში, მათ შორის ტაქსიში და სხვა ტრანსპორტში, ჯარიმა 50 ლარია.
● მეზვრიშვილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა შეზღუდვები დაწესდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტით გადაადგილებაზე. თუმცა, ეს შეზღუდვები იქნება წერტილოვანი და არა საყოველთაო, აღნიშნა მან. “ეპიდემიოლოგების რჩევით, სადაც საჭირო იქნება, შესაძლოა შეზღუდვები ისევ დაწესდეს,” – განაცხადა მეზვრიშვილმა. მან არ დააკონკრეტა, რომელ ქალაქებს შეიძლება შეეხოს შეზღუდვები ან როდიდან ამოქმედდება ისინი.