ოქრუაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს - ოპოზიცია საარჩევნო სისტემაზე მიღწეული შეთანხმების ჩაშლით იმუქრება
თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს 20 ივნისის საქმეზე 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არღვევს საარჩევნო სისტემის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, პოლიტპატიმრები უნდა გაეთავისუფლებინათ. ხელისუფლება აცხადებს, რომ შეთანხმების შესახებ ოპოზიცია ცრუობს და ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ამჟამად პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს დააკავეს. პროკურატურა მას 20 ივნისის ღამეს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ნაწილში გაამართლა, მონაწილეობის ნაწილში კი დამნაშავედ ცნო.
„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ბრალდებას არ აღიარებს და განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ოქრუაშვილისთვის პატიმრობის მისჯით ხელისუფლებამ დაარღვია 8 მარტს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მიღწეული შეთანხმება, რომელიც საარჩევნო სისტემის შეცვლასთან ერთად, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებასაც გულისხმობდა.
ოპოზიცია ირაკლი ოქრუაშვილის, გიგი უგულავას, ბესიკ თამლიანის და გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვს. 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი წინასწარი პატიმრობიდან 23 მარტს გაათავისუფლეს. ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი რურუა და გიგი უგულავა კი ისევ პატიმრობაში რჩებიან ( გიგი უგულავამ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა).
“ან ირაკლი ოქრუაშვილი იქნება თავისუფალი და პოლიტიკური შეთანხმება შესრულდება, ან არ იქნება ნორმალიზაცია და იქნება მძიმე შედეგები ივანიშვილისთვის და მისი გარემოცვისთვის,“ – ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას.
ბოკერია აცხადებს, რომ მანამ, სანამ ხელისუფლება დანაპირებს არ შეასრულებს და ოქრუაშვილს, რურუას და უგულავას არ გაათავისუფლებს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება შესრულებულად ვერ ჩაითვლება.
- 120/30: ყველა მთავარი კითხვა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეულ შეთანხმებაზე
- რატომ არის მნიშვნელოვანი ბრძოლა პროპორციული სისტემისთვის
ხელისუფლებასთან თანამშრომლობის საკითხს კითხვის ქვეშ აყენებს ნაციონალური მოძრაობაც: “ვერ ვხედავ ვერანაირ რესურსს ამ მოძალადე, ანტიდემოკრატიულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისა, თუნდაც ჩვენი უცხოელი პარტნიორების თანამონაწილეობით. ერთ-ერთი პირობა იყო შეთანხმების, რომ პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლებულიყვნენ. ირაკლი ოქრუაშვილი კი არ გაათავისუფლეს, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა არარსებულ საქმეზე,” – უთხრა TV პირველს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ.
“ოქრუაშვილისთვის შეთითხნილ ბრალდებაზე მისჯა არის ივანიშვილის ხელისუფლების ზუსტი სახე – არაფერი ადარდებს და ახლა გადაწყვიტა, რომ ამ მძიმე სიტუაციით ისარგებლოს”, – წერს ფეისბუკში ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე.
ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოპოზიცია ცრუობს, ქვეყანაში პოლიტპატიმრები საერთოდ არ არსებობენ და მემორანდუმის ფარგლებში ამ საკითხზე არანაირი შეთანხმება არ მომხდარა.
პროკურატურა ოქრუაშვილს 2004 წელს, მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასაც ედავება. მას ბუტა (ამირან) რობაქიძის საქმეზე ბრალი 19 ნოემბერს წაუყენეს. ოქრუაშვილს ამ საქმეზეც შეუფარდეს პატიმრობა. თუმცა, სასამართლოს ამ საქმეზე საბოლოო განაჩენი ჯერ არ გამოუტანია.
არასამთავრობო ორგანიზაციამ – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TI) ირაკლი ოქრუაშვილი დაასახელა იმ 9 პირს შორის, რომელთა მიმართაც მართლმსაჯულება პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად გამოიყენება.
“ნიშანდობლივია, რომ ბრალდების წარდგენა სისხლის სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის 15-წლიანი ვადის გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა.
ოქრუაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას წინ უძღოდა მისი სკანდალური განცხადებები, სადაც იგი ღიად საუბრობდა, რომ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ არსებულ სისხლისსამართლებრივ საქმეებში ხელისუფლებას ეხმარებოდა. ამასთანავე, მან ღიად განაცხადა, რომ 2016 წელს მას მოსთხოვეს, უარი ეთქვა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მის პრეტენზიებზე, რასაც ის არ დათანხმდა, “ – აღნიშნულია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებაში.
ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, ის 2014-2016 წლებში დიდ დროს ატარებდა პროკურატურაში და პროკურატურას ვანო მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის და მიხეილ სააკაშვილის საქმეებზე ჩვენებებს ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნით აძლევდა.