„რა განსაკუთრებული სტატუსი აქვს რუსულ ენას?“ აზერბაიჯანში რუსულენოვან განათლებაზე დისკუსია განახლდა
რუსულენოვანი განათლება აზერბაიჯანში
მმართველი პარტიის, „ახალი აზერბაიჯანის” დეპუტატმა ჰიქმეთ ბაბაოღლუმ (მამედოვი), სახელმწიფო ბიუჯეტიდან რუსულენოვანი სასკოლო განათლების დაფინანსების გადახედვა მოითხოვა.
ამის შესახებ მან 16 ნოემბერს, აზერბაიჯანის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვისას განაცხადა.
ბაბაოღლუს თქმით, რუსულენოვან კლასებში 157 ათასი მოსწავლე სწავლობს, აზერბაიჯანულენოვან კლასებში კი 1 მილიონ 570 ათასი. ამასთან, სახელმწიფო თითოეული მოსწავლის განათლებაზე წელიწადში 2 ათას მანათს (დაახლოებით 1177 დოლარს) ხარჯავს.
დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ „ეროვნული იდენტობა და ეროვნული იდეოლოგია განათლების პროცესში ყალიბდება“ და იკითხა, არსებობს თუ არა აზერბაიჯანში ინგლისურ ან ჩინურ ენაზე სწავლების სკოლები, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს:
„რატომ? ამაზე დაფიქრება ღირს“.
მისი თქმით, ანალოგიური ვითარებაა უმაღლესი განათლების სფეროშიც.
ბოლო ორი წლის განმავლობაში აზერბაიჯანში რუსულენოვანი განათლების მომავლის საკითხი არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი.
თუმცა ამჯერად ის მმართველი პარტიის დეპუტატმა პარლამენტის ტრიბუნიდან წამოჭრა და არგუმენტად საბიუჯეტო მონაცემები მოიშველია. ეს აჩენს კითხვას:
საქმე განათლების ხარჯებთან დაკავშირებულ დავას ეხება თუ ბაქოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებს?
რას გვიჩვენებს რიცხვები?
დეპუტატის მიერ მოყვანილი მონაცემებით, აზერბაიჯანში მოსწავლეების საერთო რაოდენობის დაახლოებით 9 პროცენტი რუსულენოვან კლასებში სწავლობს.
თუ თითო მოსწავლეზე დასახელებულ ხარჯს გავითვალისწინებთ, რუსულენოვანი განათლების დაფინანსება სახელმწიფოს წელიწადში დაახლოებით 314 მილიონი მანათი უჯდება.
იმავე თანხას ასახელებს ქალბაჯარის რაიონის 35-ე სკოლის დირექტორი ელშან აზიმიც. მისი ინფორმაციით, რუსულენოვანი განათლებისთვის ყოველწლიურად 314 მილიონი მანათი გამოიყოფა, იძულებით გადაადგილებულ პირთა სკოლებისთვის კი – 188 მილიონი მანათი (დაახლოებით 184,7 მილიონი დოლარი).
ამ ხარჯების შედარებისას მან აღნიშნა:
„30 წლის განმავლობაში ეს სკოლები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ რეგიონების ფოლკლორის, მუსიკის, ეროვნული და სულიერი ფასეულობების შენარჩუნებაში“.
აზიმის აზრით, თუ საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის მიზნით სკოლებს ხურავენ, რუსულენოვანი სწავლების სკოლებიც იმავე კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს.
ბოლო წლებში სოფლებში მოსწავლეთა მცირე რაოდენობის გამო ასობით სკოლა დაიხურა ან სხვა სასწავლო დაწესებულებებს შეუერთდა.
სკოლის დირექტორის განცხადებიდან ჩანს, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა სკოლების მომავალზეც მიმდინარეობს მსჯელობა. დეპუტატის გამოსვლას განათლების სამინისტრო ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.
რა განაცხადა სამინისტრომ მანამდე?
2025 წლის ივლისში ფართოდ გავრცელდა ინფორმაცია რუსულენოვანი კლასების შესაძლო დახურვის შესახებ.
მაშინ მშობლების WhatsApp-ჯგუფებში იწერებოდა, რომ სამი წლის განმავლობაში რუსულენოვანი სწავლების სკოლები აზერბაიჯანულენოვან სწავლებაზე გადავიდოდნენ.
განათლების სამინისტრომ ეს ცნობები უარყო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ კი ამ ინფორმაციას ყალბი უწოდა. მან განაცხადა, რომ მოსკოვი ამ საკითხზე ბაქოსთან მუდმივ კონტაქტს ინარჩუნებს.
2026 წლის ივნისში განათლების მინისტრმა ემინ ამრულაევმა განაცხადა, რომ რუსულენოვანი კლასების დახურვის საკითხი „არასდროს მდგარა დღის წესრიგში“.
მისი თქმით, ასეთი კლასების დახურვა „ხვალვე ტექნიკურად შეუძლებელია“, ხოლო სწავლების ენას თავად მშობლები ირჩევენ.
ამასთან, მინისტრმა არ გამორიცხა „ობიექტური მიზეზებით“ ოპტიმიზაცია, თუ მოსწავლეთა რაოდენობა შემცირდება ან მასწავლებლების დეფიციტი შეიქმნება.
თუმცა ბაბაოღლუს წინადადება საკითხის სხვა ასპექტს ეხება.
დეპუტატი რუსულენოვანი კლასების დახურვას კი არ მოითხოვს, არამედ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიზანშეწონილობას.
მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზების ფონზე
დეპუტატის გამოსვლა ბაქოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პერიოდს დაემთხვა.
2024 წლის დეკემბერში ავიაკომპანია AZAL-ის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 38 ადამიანი დაიღუპა. 2026 წლის აპრილში მხარეებმა ერთობლივ განცხადებაში აღიარეს, რომ თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ შეცდომით ჩამოაგდო.
სექტემბერში აზერბაიჯანმა ძებნა გამოაცხადა სამი რუსი პროპაგანდისტის – სემიონ ურალოვის, ივან კნიაზევისა და ალექსეი ჩადაევის მიმართ.
მათ საჯაროდ მოუწოდეს ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ. ამასთან დაკავშირებით რუსეთის ელჩი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. მოსკოვმა მათი განცხადებები „პირად მოსაზრებად“ შეაფასა.
ბაბაოღლუს გამოსვლაში რუსეთი ნახსენები არ ყოფილა. მან თავისი წინადადება „ეროვნული იდენტობის“ შენარჩუნებისა და საბიუჯეტო ხარჯების მიზანშეწონილობის აუცილებლობით დაასაბუთა. მოსკოვს მის განცხადებაზე ჯერჯერობით არ უპასუხია.
2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში რუსულენოვანი განათლების დაფინანსების წესის შეცვლის შესახებ ცალკე წინადადება ამ ეტაპზე არ არის გათვალისწინებული. დეპუტატის მიერ წამოჭრილ საკითხზე მთავრობასაც ჯერ არ უპასუხია.
რუსულენოვანი განათლება აზერბაიჯანში