პენიტენციურის ყოფილ ხელმძღვანელებს ბრალი წარუდგინეს: ვინ არიან ძმები ფეიქრიშვილები და რა დგას ციხეში ძალადობის უკან
დავით ფეიქრიშვილის ცემის საქმე
საქართველოს პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილის მიმართ ციხეში განხორციელებული ძალადობის საქმეზე შვიდ პირს ბრალი წარუდგინა. ბრალდებულებს შორის არიან სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე, №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორი რამაზ ფირცხალავა და ხუთი პატიმარი.
გენერალური პროკურორის მოადგილის, ამირან გულუაშვილის განცხადებით, დავით ფეიქრიშვილს №8 პენიტენციურ დაწესებულებაში 16-დან 20 ოქტომბრამდე, ოთხი დღის განმავლობაში სცემდნენ.
პროკურატურის ინფორმაციით, ძალადობაში მონაწილეობაში ბრალი ედებათ ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, მეტსახელად “კაწროს”, დავით კაჭარავასა და პავლე გოცირიძეს. მათ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე წარედგინათ ბრალდება, რაც ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რას ამბობს პროკურატურა
გამოძიების ვერსიით, ძალადობა შესაძლებელი გახდა პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებების შედეგად. პროკურატურის განცხადებით, 2026 წლის 16 ოქტომბერს, ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე, სამსახურის მაშინდელი გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძის მითითებითა და №8 დაწესებულების დირექტორის, რამაზ ფირცხალავას გადაწყვეტილებით, ვატო და შოთა ყიფიანები და ავთანდილ ბილანიშვილი დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს.
ამავე საკანში უკვე იმყოფებოდნენ დავით კაჭარავა და პავლე გოცირიძე. პროკურატურის თანახმად, პატიმრების ერთ საკანში განთავსებით დაირღვა პენიტენციური კოდექსისა და დაწესებულების დებულების მოთხოვნები.
უწყების ცნობით, ხუთმა პატიმარმა ფეიქრიშვილზე ფიზიკური ძალადობა იმავე დღეს დაიწყო და ეს 20 ოქტომბრამდე გაგრძელდა. შედეგად, მას სხეულის სხვადასხვა ნაწილზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, მათ შორის ოთხი ნეკნისა და ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობები, ასევე ტვინის შერყევა. პროკურატურის შეფასებით, დაზიანებები ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით გამოწვეულ ნაკლებად მძიმე დაზიანებებს მიეკუთვნება.
გიორგი პატარიძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება ბრალად, რამაზ ფირცხალავას კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ორივე მუხლი სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

რა თქვა დავით ფეიქრიშვილმა
12 ნოემბერს, სასამართლო სდომაზე განცხადება გააკეთა დავით ფეიქრიშვილმა, რომელმაც თქვა, რომ მისი ცემის მიზეზი ტელეფონის გახსნა იყო. მისივე თქმით, ყველაფერში ჩართულები იყვნენ ციხისა და პენიტენციურის უფროსები.
როგორც ფეიქრიშვილი ამბობს, საქმეში აშევე იკევთება პროკურორის პასუხისმგებლობა, რომელიც ვალდებული იყო მისი ტელეფონი დაელუქა.
“გიჩო აჩვენებდა ტელეფონებს. ამ დროს მე უკვე ნაცემი და ნაწამები ვიყავი. მე ვეუბნებოდი, რომ თუ პოლიციას ენდომებოდა, გახსნიდა. მიპასუხეს – “არა, ჩვენ გვინდა, უნდა დავამტკიცოთ, რომ შენ მართალი ხარ”, ვითომ ჩემს მხარეს იყვნენ. მათი შემოსვლის მომენტიდან ჩემთან შემოიყვანეს. არც კარანტინი გაუვლიათ.
პროკურორის პასუხიმგებლობა იკვეთება. მე რომ მაწამებდნენ, ამაში ჩართულები იყვნენ ციხისა და პენიტენციურის უფროსები. ისინი შემოიყვანეს პარასკევს, რომ ორშაბათამდე ხმა ვერ მიმეწვდინა.
ამის შემდეგ გადამიყვანეს “ვივამედში” შემდეგ კი უკან დამაბრუნეს. მე რომ გავყავდი, გოცირიძე და შოთა ყიფიანი, ციხის თანამშრომლებთან ერთად დამყვებოდნენ, რომ ვინმესთვის რაიმე არ მეთქვა. იზოლირებული ვყავდი. ერთადერთი შანსი ის იყო, რომ ორშაბათამდე გამეძლო, რომ ადვოკატი შემოსულიყო.
მანამდე კი ის ადვოკატი, რომელთანაც 11 წელი ვმეგობრობდი და შვილის ნათლია ვარ, მოვიდა და ადვოკატი ვეღარ ვიქნებიო. ნდობა ამ პროკურორის მიმართ ნულია.” – განაცხადა ფეიქრიშვილმა პროცესზე.
წინაისტორია
ფეიქრიშვილის შესაძლო ცემის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მისმა ადვოკატმა, პაატა გოგიაშვილმა, 20 ოქტომბერს გაავრცელა. მან ტელეკომპანია „ფორმულას“ განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და მას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა. ადვოკატის თქმით, ძალადობაში ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი, შოთა ყიფიანი, დავით კაჭარავა და პავლე გოცირიძე მონაწილეობდნენ.
გოგიაშვილის ინფორმაციით, იმავე პერიოდში დავით ფეიქრიშვილის ძმამ, გიორგი ფეიქრიშვილმაც თვითდაზიანება მიიყენა და ვენები გადაიჭრა.
20 ოქტომბერს დავით ფეიქრიშვილი კლინიკა „ვივამედში“ მეორედ გადაიყვანეს. კლინიკის დირექტორმა გამოცემა „ტაბულას“ დაუდასტურა, რომ პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში ზემო კიდურების დაზიანებით შეიყვანეს.
პენიტენციური სამსახური იმ დროს ფეიქრიშვილის თანამესაკნეების მხრიდან ძალადობას უარყოფდა. უწყების თავდაპირველი განცხადების თანახმად, ფეიქრიშვილმა ადვოკატთან შეხვედრისას მოულოდნელად დატოვა ოთახი, დერეფანში ფანჯრის მინა ჩაამტვრია და მინის ნატეხით თვითდაზიანებით იმუქრებოდა. განცხადებაში საუბარი იყო თვითდაზიანების მუქარაზე და არა იმაზე, რომ პატიმარმა რეალურად მიიყენა დაზიანებები.
მომხდარზე თავდაპირველად გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო. 25 ოქტომბერს საქმე ობიექტური გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით გენერალურ პროკურატურას გადაეცა.
მეორე დღეს პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა იმავე დღეს დატოვა.
ფეიქრიშვილების ოჯახმა მოგვიანებით კიდევ ერთი შესაძლო ძალადობის შესახებ განაცხადა. 25 ოქტომბერს ძმების დედამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საკანში დავით ფეიქრიშვილის მეორე ძმას, გიორგისაც სცემეს. პენიტენციური სამსახური ამ შემთხვევაშიც ძალადობას უარყოფდა. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, გიორგი ფეიქრიშვილს იმ ეტაპზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ ჰქონდა.
დავით და გიორგი ფეიქრიშვილების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა პროკურატურამ 2 ოქტომბერს დაიწყო. ძმებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ანუ ფულის გათეთრება ედებათ ბრალად. გამოძიება ამტკიცებს, რომ დანაშაული ჯგუფურად იყო ჩადენილი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემოსავლის მიღებას უკავშირდებოდა. ბრალდება 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით და გიორგი ფეიქრიშვილებს, ასევე დავითის დაცვის წევრს, ალექსანდრე ჩაფოძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 23 სექტემბერს შეუფარდა.
ვინ არიან ძმები ფეიქრიშვილები და რა დგას ციხეში ძალადობის უკან?
გიორგი და დავით ფეიქრიშვილები ტყუპი ძმები არიან. ქართულ მედიაში მათი სახელები წლების განმავლობაში უკავშირდებოდა ე.წ. კრიმინალურ სამყაროსა და ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებულ სხვადასხვა საქმეებს.
ძმები განსაკუთრებით “ცნობილი” გახდნენ 2010 წელს, ე.წ. „მაზავშიკების საქმით“, რომელშიც ყოფილი ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძეც ფიგურირებდა. მოგვიანებით მათი სახელები გამოჩნდა კრიპტოვალუტის გადამცვლელ ობიექტზე თავდასხმისა და მათ წინააღმდეგ მკვლელობის სავარაუდო მომზადების საქმეშიც.
ფეიქრიშვილებისა და ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, ვატო ყიფიანის ურთიერთობის ისტორიაც სულ მცირე 2010 წლიდან იწყება.
იმ პერიოდში დავით ფეიქრიშვილს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ფსონების დადებით დაახლოებით 140 000 დოლარი ჰქონდა მოგებული, თუმცა თანხის მიღებას ვერ ახერხებდა. საქმის გამოძიების ვერსიით, პრობლემის მოგვარებაში მას გიორგი დემეტრაძე და ვატო ყიფიანი დაეხმარნენ.
საქმეზე დააკავეს გიორგი დემეტრაძე, დავით გაგნიძე და ყოფილი პოლიციელი კახა მისირელი. დავით ფეიქრიშვილსაც წარედგინა ბრალდება, ხოლო ვატო ყიფიანის წინააღმდეგ საქმე ცალკე გამოიყო.
2011 წელს გიორგი დემეტრაძეს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, დავით ფეიქრიშვილს კი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და მან სასჯელის სახით ორი წელი მოიხადა.
ვატო ყიფიანის ადვოკატის განცხადებით, მოგვიანებით ყიფიანი ამ საქმეზე გაამართლეს.
ფეიქრიშვილების სახელი 2016 წელს თბილისში მომხდარ გახმაურებულ მკვლელობასთან დაკავშირებულ საქმეშიც გამოჩნდა. 2016 წლის სექტემბერში ვაკეში, საკუთარ ავტომობილში, კრიმინალური ავტორიტეტი, სოსო ჯოხაძე ჩაცხრილეს. მკვლელობისთვის ბადრი, მეტსახელად “ბადუკა” ნათობაძე გაასამართლეს, რომელიც ძმე ფეიქრიშვილების მეგობარია.
მომხდარს წინ უძღოდა ჯოხაძეებსა და ნათობაძეს შორის ხანგრძლივი დაპირისპირება.
მომდევნო წლებში მედიაში გავრცელდა ვერსია, რომ ჯოხაძის მკვლელობას შესაძლოა შურისძიების მოტივით განვითარებული დაპირისპირებების ახალი ტალღა მოჰყოლოდა. ამ კონტექსტში სახელდებოდა ვატო ყიფიანიც, რომელიც სოსო ჯოხაძის გარემოცვასთან იყო დაკავშირებული.

2020 წლის იანვარში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთობლივი ოპერაციის შედეგად ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის სავარაუდო გეგმა აღკვეთეს.
სუსის ინფორმაციით, იგეგმებოდა ორი ადამიანის აფეთქება ცეცხლსასროლი იარაღისა და დისტანციურად მოქმედი ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით. ოპერაციის ფარგლებში საქართველოში ექვსი, უკრაინაში კი ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ვერსიით, მკვლელობის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ უკრაინაში მყოფი პირებიც.
პროკურატურის მაშინდელი განცხადების თანახმად, ფეიქრიშვილების მკვლელობისთვის განკუთვნილი ასაფეთქებელი მოწყობილობა ვატო ყიფიანის შეკვეთით იყო დამზადებული.
ყიფიანი მოგვიანებით უკრაინიდან საქართველოში გააძევეს და 2021 წელს დააკავეს.
ამ საქმის ერთ-ერთ შესაძლო მოტივად მედიაში სოსო ჯოხაძის მკვლელობის შემდეგ განვითარებული დაპირისპირება სახელდებოდა, თუმცა მკვლელობის გეგმის ზუსტი მოტივი საბოლოოდ გამოკვეთილი არ ყოფილა.
2023 წლის ოქტომბერში თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე კრიპტოვალუტის გადამცვლელ ობიექტ „ტონვექსს“ თავს დაესხნენ და დაახლოებით ორი მილიონი ლარი გაიტაცეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის ორგანიზატორად დავით ფეიქრიშვილს ასახელებდნენ.
ამ საქმეზე ძმებს ბრალი წარუდგინეს. პირველი ინსტანციის სასამართლომ მათ 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა დავით ფეიქრიშვილის ადვოკატის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ მოგვიანებით ისინი გაამართლა.
2026 წლის 22 სექტემბერს სამართალდამცველებმა დავით და გიორგი ფეიქრიშვილები თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მათთან ერთად დააკავეს დავით ფეიქრიშვილის პირადი მცველიც.
თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრო ძმებს ჯგუფურ ძალადობასა და გამოძალვას ედავებოდა.
სამინისტროს ვერსიით, გიორგი ფეიქრიშვილმა ერთ-ერთი მოქალაქე საცხოვრებელ სახლში მიიყვანა და ე.წ. კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოკვლით დაემუქრა. მეორე საქმეში დავით ფეიქრიშვილსა და მის პირად დაცვას ახალგაზრდა მამაკაცზე ჯგუფურ ძალადობას ედავებოდნენ.
ძმების ადვოკატის განცხადებით, ისინი თავს დამნაშავედ არ ცნობდნენ.

2 ოქტომბერს პროკურატურამ ძმებს კიდევ ერთი ბრალდება, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ანუ ფულის გათეთრება წარუდგინა.
პროკურატურის მტკიცებით, ძმები 2020-2026 წლებში უკანონო წარმომავლობის თანხებს სხვადასხვა პირის საბანკო ანგარიშების გამოყენებით ანაწევრებდნენ, შემდეგ კი მრავალჯერადი საბანკო გადარიცხვებით საკუთარ ანგარიშებზე აგროვებდნენ.
უწყების განცხადებით, ამ გზით მათ ანგარიშებზე დაახლოებით 10 მილიონი ლარის ეკვივალენტი სხვადასხვა ვალუტაში აკუმულირდა. თანხები, გამოძიების ვერსიით, საბანკო ვალდებულებების დასაფარად და უძრავ-მოძრავი ქონების შესაძენად გამოიყენებოდა.
ბრალდება 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წინა გარჩევა: ჯანგველაძის მკვლელობა
ქურდული სამყაროს დაპირისპირების ყველაზე გახმაურებული ეპიზოდი ბოლო წლებში ლევან ჯანგველაძის მკვლელობაა. 2025 წლის 14 მარტს ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, ცხრა ტყვიით მოკლეს ბიზნესმენი, „კანონიერი ქურდის“, მერაბ ჯანგველაძის („სოხუმსკი“) ძმა.
მკვლელობისთვის ყოფილ სპეცრაზმელ გელა უძილაურს უვადო პატიმრობა მიესაჯა. 2026 წლის 6 მაისს უვადო პატიმრობა მიიღეს მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულმა ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტბმა ძმებმა, დავით და გიორგი მიქაძეებმა, და მათმა მეგობარმა, ასევე კრიმილაურმა ავტორიტეტმა გიორგი ჯოხაძემ. ჯოხაძე ზემოთ ნახსენები, ვაკეში ჩაცხრილული სოსო ჯოხაძის ძმაა. მათი ადვოკატები განაჩენს შეკვეთილს უწოდებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის შემკვეთად ყოფილი მთავარი პროკურორი, სანქცირებული ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაასახელა, რომელიც ბრალს უარყოფს და ძებნილია.
სასამართლოში დეტექტივმა დაუსახელებელ ინფორმატორზე დაყრდნობით შემკვეთად ე.წ. კანონიერი ქურდის, „დედ ჰასანის“ შვილიშვილი, ირაკლი უსოიანი დაასახელა. უსოიანი პასუხისგებაში დღემდე მიცემული არ არის.