კობახიძე "გლობალური ომის პარტიაზე“: ეს ევროკავშირი და აშშ არ არის, თუმცა მათზე გავლენის მოხდენა შეუძლია
კობახიძე “გლობალური ომის პარტიაზე“
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა ე.წ. „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ და განაცხადა, რომ ამ ტერმინის უკან კონკრეტული, რეალური ადამიანები დგანან, რომელთა ღიად დასახელება, მისი თქმით, „საშიშია“.
ირაკლი კობახიძე დუბლინში იმყოფება, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტში მონაწილეობს. 12 ნოემბერს ის სამიტის გახსნით პლენარულ სესიას დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა.
ევროპული პოლიტიკური გაერთიანება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივით შეიქმნა და ევროპის ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის პლატფორმას წარმოადგენს. საქართველო ამ ფორმატის სამიტებში ტრადიციულად მონაწილეობს, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის პოლიტიკური კონტაქტები ბოლო პერიოდში მინიმუმამდეა შემცირებული.
კობახიძის მტკიცებით, „გლობალური ომის პარტია“ არც ევროკავშირთან და არც შეერთებულ შტატებთან არ არის გაიგივებული, თუმცა ამ ძალებს ორივე პოლიტიკური სივრცის ოფიციალურ ინსტიტუტებზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ.
„ჩვენ არასოდეს დაგვიკონკრეტებია ზუსტად, ვინ იგულისხმება გლობალური ომის პარტიაში, მაგრამ ამ ტერმინის უკან ძალიან კონკრეტული ადამიანები დგანან. ნათლად ვამბობთ, რომ ეს გლობალური ომის პარტია და ევროკავშირი და შეერთებული შტატები ერთი და იგივე არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ოფიციალურ ინსტრუმენტებსაც იყენებენ საქართველოზე გავლენის მოსახდენად“, – განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა გაიხსენა შეხვედრა, რომელსაც, მისი თქმით, თავად და მისი წინამორბედი, ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრნენ. კობახიძის მტკიცებით, შეხვედრაზე ერთ-ერთმა პირმა საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდა. მან არ დაასახელა არც ეს პირი და არც ის ოფიციალური სტრუქტურა, რომელთანაც, მისი თქმით, ის იყო დაკავშირებული.
კობახიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას მტკიცედ სჯერა, რომ ეს ადამიანი „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენელი იყო, თუმცა მომხდარის უკან არც ევროკავშირი და არც შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაცია არ იდგა.
მან შეერთებულ შტატებში მოქმედი ადმინისტრაციის მიერ გამოყენებული ტერმინი „დიფ სთეითი“ ახსენა და განმარტა, რომ საქართველოს ხელისუფლება მსგავს ძალებზე საუბრობს, თუმცა მათ ზუსტად იმავე მნიშვნელობას არ ანიჭებს.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლება ამ ადამიანების ვინაობას ქვეყნის ინტერესების დაცვის მიზნით არ ასახელებს, რადგან მათზე საჯაროდ საუბარი სახიფათოა. ამასთან, მან განაცხადა, რომ მსგავსი ძალები ოფიციალურ ინსტრუმენტებს იყენებენ სხვა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს პოლიტიკაზე ზემოქმედებისთვის.
დისკუსიისას კობახიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომსაც შეეხო და განაცხადა, რომ მისი თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. მან პარალელი გაავლო უკრაინასთან და თქვა, რომ შესაძლებელი იყო როგორც უკრაინაში პირველი, ისე მეორე ომის თავიდან აცილებაც.
„რა თქმა უნდა, ეს ომები რუსეთმა დაიწყო, ისევე როგორც ომი საქართველოში, რომელიც საქართველოს მთავრობაში ოფიციალური სტატუსის მქონე უცხოელმა აგენტებმა დაიწყეს. მაგრამ, ამავე დროს, დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებელი იყო სამივე ამ ომის თავიდან აცილება: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და უკრაინაში ორივე ომის. სამწუხაროდ, ზოგიერთ გავლენიან ადამიანს ამ ომების თავიდან აცილება არ სურდა“, – განაცხადა მან.
კობახიძეს ასევე ჰკითხეს, რატომ ისწრაფვის საქართველო ევროკავშირის წევრობისკენ, თუ ხელისუფლების მტკიცებით, ევროპული ინსტიტუტების ზოგიერთი წარმომადგენელი ქვეყნის ომში ჩართვას ცდილობდა ან დემოკრატიულ არჩევნებში ერეოდა.
პასუხად კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის ღირებულება თავად ევროპული გაერთიანებაა და არა კონკრეტული პოლიტიკოსები ან ბიუროკრატები, რომლებიც ამჟამად მის ინსტიტუტებს წარმოადგენენ.
პრემიერ-მინისტრმა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, უკრაინაში ომისა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე ევროპისთვის აღმოსავლეთთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო და ეკონომიკური მარშრუტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა.
კობახიძის თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა დაკარგა კავშირი რუსეთის ბაზართან, რომელსაც ევროპის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა, ასევე შეიზღუდა მისი წვდომა შედარებით იაფ ბუნებრივ რესურსებზე. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი კი, მისი შეფასებით, დამატებით აფერხებს აღმოსავლეთის მიმართულებით დაკავშირებადობას.
„ამ ვითარებაში საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროპისთვის აღმოსავლეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ მარშრუტად რჩება. ამიტომ მჭიდრო თანამშრომლობისა და ძლიერი კავშირების შენარჩუნება უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ თავად ევროპისთვისაც“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორ გაჩნდა „გლობალური ომის პარტია” და რატომ აქცია ის „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკურ გზავნილად
ე.წ. „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ საუბარი „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ რიტორიკაში 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გაჩნდა. თავდაპირველად მმართველი პარტიის წარმომადგენლები „ომის პარტიას“ უწოდებდნენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მოგვიანებით კი ეს ტერმინი გაფართოვდა და ხელისუფლებამ მის უკან დასავლეთის გავლენიანი, არაფორმალური პოლიტიკური ჯგუფების არსებობაზე დაიწყო საუბარი.
„ქართული ოცნების“ მტკიცებით, ამ ძალების მიზანი საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვა და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის პარალელურად მეორე ფრონტის გახსნა იყო. ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ბრალდებას უკავშირებდნენ უკრაინელი პოლიტიკოსების განცხადებებს, საქართველოსთვის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთების მოწოდებებსა და დასავლეთის მხრიდან თბილისზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას.
ტერმინი „გლობალური ომის პარტია“ განსაკუთრებით აქტუალური 2024 წლის აპრილში გახდა, როდესაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თბილისის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არსებობს საერთაშორისო ძალა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების შეცვლასა და ქვეყნის ომში ჩათრევას ცდილობს. მოგვიანებით ივანიშვილმა განმარტა, რომ თავად მოიგონა ეს ტერმინი, რათა ერთმანეთისგან გაემიჯნა საქართველოში მოქმედი, მისი შეფასებით, „ომის პარტია“ და მის უკან მდგომი საერთაშორისო ძალები.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება „გლობალური ომის პარტიას“ ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან არ აიგივებს, სხვადასხვა დროს ამ კონტექსტში დასავლეთის პოლიტიკური ინსტიტუტების წარმომადგენლები, ევროპარლამენტარები, ამერიკელი პოლიტიკოსები და საერთაშორისო ორგანიზაციები უხსენებია. თუმცა, „ქართულ ოცნებას“ ამ დრომდე არ დაუსახელებია კონკრეტული პირები ან ორგანიზაცია და არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც ამგვარი კოორდინირებული ჯგუფის არსებობას დაადასტურებდა.
„გლობალური ომის პარტიის“ ნარატივი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ გზავნილად იქცა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მმართველი პარტია საკუთარ კამპანიას ომსა და მშვიდობას შორის არჩევანად წარმოაჩენდა, ოპოზიციასა და ხელისუფლების კრიტიკოსებს კი ხშირად ამ საერთაშორისო ძალების ინტერესების გამტარებლებად მოიხსენიებდა.