"ეს არის ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითი", - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მაგალითსა და შიშით ნაკარნახევ გადაწყვეტილებას უწოდებს მისი სასამართლო პროცესების დახურვას, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პატიმარი ირაკლი ღარიბაშვილი.
მორიგ, ალბათ მეათე წერილში, რომელსაც ორგზის პრემიერი ციხიდან აგზავნის, ის კვლავ ლაპარაკობს პოლიტიკურ დევნაზე, შერჩევით მართლმსაჯულებაზე, მის მიმართ დისკრიმინაციაზე.
წერს, რომ სასამართლო პროცესის დახურვა, მართლმსაჯულების საჯაროობის პრინციპის დარღვევაა.
„ერთსა და იმავე კონტექსტთან, ან მსგავს ბრალდებებთან დაკავშირებული სხვა პირების საქმეები, ჩვეულებრივ, ღია რეჟიმში განიხილებოდა. ხოლო, ჩემი პროცესი დაიხურა. რაც იმას ნიშნავს, რომ პროცედურა გამოიყენება არა კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად, არამედ შერჩევითი მართლმსაჯულების ინსტრუმენტად. ეს არის „ჩრდილოვანი მართლმსაჯულების“ მკაფიო მაგალითი და საზოგადოებრივი კონტროლის მოხსნის მცდელობა“, – წერს ღარიბაშვილი.
ექსპრემიერი ამბობს, რომ სასამართლო პროცესებზე მას მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლასა და პოლიტიკურ დევნაზე უნდა ესაუბრა.
“ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება შიშით არის ნაკარნახევი და მიზნად ისახავს, რომ პროცესი „სიბნელეში“ წარიმართოს. მე კი მინდა განვაცხადო, რომ არაფერი მაქვს დასამალი. შესაბამისად, ვითხოვდი პროცესის გახსნას და „სინათლეს“.
მორიგ წერილში ღარიბაშვილი იხსენებს, რომ წინა სხდომაზე მოსამართლეს აცნობა მის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლისა და შანტაჟის შესახება.
ამბობს, რომ ქმედებები მოიცავდა – “ფსიქოლოგიურ ტერორს, წამებას, მორალურ ტანჯვასა და პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლას“.
ყოფილი პრემიერი ამტკიცებს, რომ სასამართლოში დაცვის მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა, წარედგინა მისთვის გაგზავნილი შანტაჟის წერილი. ადვოკატებს კი საქმის გარკვეულ მასალებზე წვდომა შეეზღუდათ.
ღარიბაშვილი წერს, რომ პროკურატურამ, მიუხედავად მის მიერ დანაშაულის შესაძლო ნიშნების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა, გამოძიება არ დაიწყო. მისივე ვერსიით, პირიქით, წერილში მითითებული ულტიმატუმის შესაბამისად, მას ახალი ბრალი წარუდგინეს.
ღარიბაშვილი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3, მე-6 და მე-18 მუხლების დარღვევაზეც საუბრობს. ეს მუხლები, შესაბამისად, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვას, სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და უფლებების შეზღუდვის მიზნების შეზღუდვას ეხება. ყოფილი პრემიერი მიიჩნევს, რომ მის საქმეში ეს უფლებები ერთობლივად ირღვევა.
რატომ დაიხურა სასამართლო პროცესი
ირაკლი ღარიბაშვილის ქრთამის აღების საქმეზე არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 ნოემბერს დაიწყო. ეს იყო პირველი სხდომა, რომელსაც ყოფილი პრემიერი თავად დაესწრო.
პროცესის დასაწყისში მან საჯაროდ და გამჭვირვალედ განხილვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სხდომის დახურვას შეეწინააღმდეგა.
სხდომის დახურვა პროკურატურამ მოითხოვა. ბრალდების მხარის განმარტებით, საქმე თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო შესყიდვებს ეხება, საჭიროებს სხვა მაღალი თანამდებობის პირების დაკითხვას და შეიცავს პერსონალურ მონაცემებს.
დაცვის მხარე ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ადვოკატების განცხადებით, მსგავსი საქმეების განხილვა აქამდე ღია რეჟიმში მიმდინარეობდა. საბოლოოდ, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა სხდომა დახურა.
ღარიბაშვილის წერილები ციხიდან
“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ერთ დროს ფავორიტი ირაკლი ღარიბაშვილი, 2026 წლის 12 ნოემბერს, სასამართლო დარბაზში დააკავეს.
დაკავებიდან გარკვეული თვეების განმავლობაში პრემიერი და მისი ოჯახი დუმდა, მედიასთან არანაირი კომენტარს არ აკეთებდა.
17 აგვისტოს, ექსპრემიერმა, ციხიდან პირველი წერილი გამოაგზავნა. ეს იყო პირველი ხმამაღალი განცხადება, სადაც მან ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლება შანტაჟში დაადანაშაულა. “სხვა გზა არ დამიტოვეს, იძულებული ვხდები, დავიწყო ბრძოლა”, – წერდა ღარიბაშივლი იმ წერილში.
წერილის თანახმად, მას ახალი კორუფციული ბრალის აღიარებას სთავაზობდნენ, სანაცვლოდ კი პირობას უყენებდნენ, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ პოლიტიკაში აღარ დაბრუნდებოდა.
ამ წერილს არაერთი წერილი მოჰყვა.
მომდევნო წერილებში პრემიერის რიტორიკა თავდაცვითი რეჟიმიდან ნელ-ნელა პოლიტკურ განცხადებებში გადაიზარდა. მან რამდენიმე მაღალჩინოსანი თიად დაადანაშაულა მის წინააღმდეგ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში. ახსენა პრემიერი ირაკლი კობახიძეც.
საუბრობდა უფრო მძიმე დანაშაულებზეც – ადამიანების თვითმკვლელობამდე მიყვანის შემთხვევებზე. ამბობდა იმასაც, რომ თავად აღარ აპირებდა პოლიტიკაში დაბრუნებას.
ერთ-ერთ ბოლო წერილში თანამდებობაზე მისი მუშაობის პერიოდიც კი შეაჯამა.
ექსპრემიერის სისხლის სამართლის საქმეები
ირაკლი ღარიბაშვილი ამჟამად ორ სისხლის სამართლის საქმესთან არის დაკავშირებული.
პირველ საქმეზე მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ედებოდა ბრალად. 2026 წლის 12 იანვარს მან ბრალი აღიარა და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. სასამართლომ მას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა მიუსაჯა.
მეორე საქმეზე ყოფილ პრემიერს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან. პროკურატურის ვერსიით, ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო შესყიდვებიდან 750 ათასი ლარი მიიღო.
საქმე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის საქმეს უკავშირდება. ღარიბაშვილი ბრალდებას უარყოფს და მას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
მკაცრი პირობები ციხეში
ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ოჯახი ხშირად წერენ, მის მიმართ პატიმრობის მკაცრ წესებზე. 7 ნოემბერს ღარიბაშვილის ცოლისძმამ, ლექსო თამაზაშვილმა, დაწერა, რომ ექსპრემიერმა 11 თვის განმავლობაში შვილები მხოლოდ ორჯერ ნახა.
ის პენიტენციურ სამსახურს ჰუმანურობის გამოჩენისა და ბავშვებისთვის მამასთან შეხვედრის შესაძლებლობის მიცემისკენ მოუწოდებდა.
ღარიბაშვილის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა კი განაცხადა, რომ ღარიბაშვილს შვილებთან უკვე დანიშნული შეხვედრა გაუუქმეს. ადვოკატმა ეს გადაწყვეტილება ციხიდან მისი წერილების გამოქვეყნებას დაუკავშირა.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ადვოკატის ბრალდებები უარყო. უწყების განმარტებით, ღარიბაშვილს კანონით გათვალისწინებული ორი ხანგრძლივი და კუთვნილი ხანმოკლე პაემნები უკვე გამოყენებული აქვს.
სამსახურის განცხადებით, დამატებითი პაემანი წახალისების ფორმაა და მისი დაშვება დაწესებულების დირექტორის დისკრეციული უფლებამოსილებაა.
უწყება ასევე ამტკიცებს, რომ დამატებითი შეხვედრა არც დანიშნულა და, შესაბამისად, არც გაუუქმებიათ.
შვილებთან შეხვედრის შეზღუდვის საკითხი პირველად აგვისტოს ბოლოს გახდა საჯარო. სცენარი მაშინაც იგივე იყო. ღარიბაშვილს ოჯახთან უკვე შეთანხმებული პაემანი გაუუქმეს. პენიტენციურმა სამსახურმა ეს ინფორმაცია მაშინაც უარყო.
ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან