"ვისურვებდი, მეთქვა საელჩო" - რუსეთი საქართველოსთან დაახლოების ახალ შესაძლებლობებზე საუბრობს
რუსეთი და საქართველო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის, მხარი დაუჭიროს რუსეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მიმართულ ინიციატივებს.
ამასთან, მან თბილისში რუსეთის საელჩოს არსებობის სურვილიც გამოთქვა, რომელიც ამჟამად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გამო რუსეთის ინტერესთა სექციით არის ჩანაცვლებული.
ზახაროვას პრესკონფერენციაზე ჰკითხეს ბიზნესმენ მამუკა ფიფიას მიერ დაფუძნებული ფონდის, „რუსებისა და ქართველების ერთობის“ საქმიანობისა და ინიციატივების შესახებ.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დადებითად აფასებს ყველა წამოწყებას, რომელიც საგანმანათლებლო და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას ისახავს მიზნად და რომელშიც საზოგადოებრივი, სამეცნიერო და კულტურული წრეების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

„მიგვაჩნია, რომ ახალი ფონდის საქმიანობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ხალხებს შორის კავშირების შემდგომ გაფართოებაში. მზად ვართ, შევისწავლოთ ფონდის მიერ განსახორციელებელი კონკრეტული პროექტები, რათა განვსაზღვროთ მათთვის აუცილებელი მხარდაჭერის აღმოჩენის შესაძლებლობა. ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის. ამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოგვმართოთ ჩვენ ან საქართველოში ჩვენს ინტერესთა სექციას – რა თქმა უნდა, ვისურვებდი, მეთქვა საელჩო“, – განაცხადა ზახაროვამ.
ვინ არის მამუკა ფიფია
გარდაცვილი ე.წ. კანონიერი ქურდის, თამაზ ფიფიას შვილი, მამუკა ფიფია რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბიზნესმენი და პრორუსული, პუტინისტური პოლიტიკური პარტიის, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ერთ-ერთი ლიდერია. ის საჯარო სივრცეში ცნობილია კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერი განცხადებებითა და უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამართლებით.
ფიფიას სახელი ასევე ფიგურირებდა აშშ-ის მიერ სანქცირებული საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმეში. ფიფია ამ საქმეში დაცვის მხარის მოწმედ მოიაზრებოდა, ხოლო თავად საჯაროდ დასტურდებოდა მისი კავშირები ფარცხალაძესთან.
ცოტა ხნის წინ ფიფიამ სოციალურ ქსელში ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც რუსეთის სამხედრო ფორმაში გამოწყობილი რუსულ ტანკზე ვარჯიშობს. ვიდეოს თანდართულ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომში მონაწილეობისთვის მზად არის.
მარია ზახაროვა და საქართველო
მარია ზახაროვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელია და მოსკოვის საგარეოპოლიტიკურ პოზიციებს, მათ შორის საქართველოსთან ურთიერთობის საკითხებზე, რეგულარულად ახმოვანებს.
საქართველოს შესახებ მისი განცხადებები, ძირითადად, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების აუცილებლობას, ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების გაფართოებასა და 2008 წლის ომის საკითხზე რუსეთის პოზიციის გამართლებას უკავშირდება.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 2 სექტემბერს გაწყვიტა. გადაწყვეტილება რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებასა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას მოჰყვა. დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ რუსეთი საქართველოში, ხოლო საქართველო რუსეთში შვეიცარიის საელჩოების მეშვეობით მოქმედი ინტერესთა სექციებით არის წარმოდგენილი.
ზახაროვა არაერთხელ გამოსულა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მოწოდებით. 2024 წლის ივნისში მან განაცხადა, რომ მოსკოვი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების გზას უჭერს მხარს და მზად არის, ამ მიმართულებით თბილისიდან წამოსულ ინიციატივებს უპასუხოს. ამავე პერიოდში მან დადებითად შეაფასა საქართველოში პრორუსული პარტიის, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“, მოწოდება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ.
2024 წლის ოქტომბერში ზახაროვამ საქართველოს ხელისუფლების განცხადებები, რომლებიც 2008 წლის ომის გამო სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის ბოდიშის მოხდის შესაძლებლობას ეხებოდა, მოსკოვისთვის იმედის მომცემ სიგნალად შეაფასა. ამასთან, მან საქართველოსგან მოითხოვა კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმება.
2025 წლის აპრილში ზახაროვამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობების აღსადგენად და ამ პროცესში „არანაირი შეზღუდვა“ არ აქვს. ამავე დროს, მან ურთიერთობების გაღრმავება აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან საქართველოს დამოკიდებულების შეცვლას დაუკავშირა.
2026 წლის ივნისში ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების გაფართოებისთვის მზად არის, თუმცა ეს პროცესი, მისი თქმით, ორმხრივ ნაბიჯებს საჭიროებს. მან ასევე დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული „პრაგმატული პოლიტიკა“ და ყურადღება გაამახვილა სავაჭრო, სატრანსპორტო, ტურისტულ და ჰუმანიტარულ კავშირებზე. ინტერპრესნიუსი
ამასთან, ზახაროვას განცხადებებში მოსკოვის პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება: რუსეთი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს, რასაც თბილისი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციად მიიჩნევს.