"ერისკაცს გაუმარჯოს" - სასამართლომ ექსპრემიერ ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი
2 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის „ქრთამის აღების საქმის“ არსებითი განხილვა დაიწყო. სასამართლო დარბაზში იყო თავად ღარიბაშვილიც.
ეს პირველი სხდომა იყო, რომელზეც ექსპრემიერმა დასწრება გადაწყვიტა. აქამდე ის სასამართლო პროცესებს “მასკარადს” უწოდებდა. ციხიდან გამოგზავნილ წერილებში ამტკიცებდა, რომ ამ პროცესებში მონაწილეობას არ მიიღებდა.
- ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან: სხვა გზა აღარ დამიტოვეს, იძულებული ვხდები, დავიწყო ბრძოლა
- “ჩემი დაპატიმრება თავიდან ბოლომდე პოლიტიკური იყო“ – ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- მოსაზრება: კობახიძემ აღმოაჩინა, რომ ციხეში მჯდომი ღარიბაშვილიც კი მასზე ძლიერია
„დიდი მნიშვნელობა აქვს, პროცესი ჩატარდეს გამჭვირვალედ“, – თქვა დღევანდელი პროცესის დაწყებისას ექსპრემიერმა. ამით ახსნა შეცვლილი გადაწყვეტილება – მონაწილეობა მიიღოს სასამართლოს სხდომებში.
მაგრამ საჯაროობა არ გამოვიდა. სასამართლომ ბარლდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, პროცესები დახურა.
ეს ღარიბაშვილის მეორე სისხლის სამართლის საქმეა. ბრალი 2026 წლის 24 აგვისტოს წარუდგინეს. ექსპრემიერს ქრთამის აღებას ედავებიან. დანაშაული 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გამოძიების ვერსიით, საქმე უკავშირდება თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის კორუფციულ საქმეს. გამოძიების თანახმად, ბურჭულაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტლის ტენდერში გამარჯვებული ბიზნესმენის, ზურაბ ტუკვაძისგან ქრთამის სახით მიღებული 1,5 მილიონი ლარიდან 750 ათასი ლარი რამდენიმე ეტაპად, ნაღდი ფულით, პირადად გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს. ამ საქმეზე, ყოფილი თანაგუნდელის წინააღმდეგ, თავად ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა ჩვენება.
პირველი საქმე ფულის გათეთრებას ეხებოდა. 2026 წლის 12 იანვარს, ღარიბაშვილმა ჩადენილი აღიარა და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. მას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საპროცესო შეთანხმების გარეშე, ამ ბრალდებით 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.
ფლობთ თუ არა სახელმწიფო ენას? ვცდილობ – ვიდრე სასამართლო პროცესი დაიხურებოდა
ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესი, გამორჩეულად ხალხმრავალი იყო. დარბაზში იყვნენ მისი ოჯახის წევრები: ცოლი – ნუნუკა თამაზაშვილი, უფროსი ვაჟი – ნიკოლოზ ღარიბაშვილი, ცოლის ძმა – ალექსანდრე თამაზაშვილი და ღარიბაშვილის ბიძა – ზურა გონაშვილი.
ყოფილი თანაგუნდელებიდან დარბაზში მხოლოდ ორი ადამიანი იყო – იუსტიციის ყოფილი მინისტრი რატი ბრეგაძე. და ასევე, “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი, მოჭიდავე ლუკა კურტანიძე.
თავად ღარიბაშვილი ბრალდებულისთვის განკუთვნილ შემინულ კაბინაში იჯდა, ბადრაგების გარემოცვაში. ეცვა შავი სამოსი, გამხდარი ჩანდა. პერიოდულად ბადრაგის მხარს მიღმა დარბაზისკენ აპარებდა თვალს და ცოლს უღიმოდა.
“ერისკაცს გაუმარჯოს” – გაისმა დარბაზში ღარიბაშვილის შემოსვლისას. ეს ლუკა კურტანიძის შეძახილი იყო. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, რომელიც ღარიბაშვილის საქმეს განიხილავს, კურტანიძეს მკაცრი შენიშნვა მისცა.
სასამართლო სტანდარტული პროცედურით დაიწყო, ბრალდებულის ვინაობის გამოკვლევით.
– სახელი, გვარი
– ირაკლი, ტარიელის ძე ღარიბაშვილი
– ფლობთ თუ არა სახელმწიფო ენას?
– ვცდილობ, – ხუმრობა სცადა ღარიბაშვილმა
– ხუმრობა არ მეშლება მაგრამ, ეს სასამართლოა, ჩარჩოებში ჩავჯდეთ, – გაიმკაცრა ხმა მოსამართლე მჭედლიშვილმა.
პროცესის დასაწყისშივე, პროკურორმა სხდომის დახურვის შუამდგომლობა დააყენა. მან ხაზი გაუსვა, რომ საქმე თავდაცვის სამინისტროს ეხება, საჭიროებს სხვა მაღალი თანამდებობის პირების დაკითხვას, ეხება პერსონალურ მონაცემებს. ამიტომ, მისი დახურვა აუცილებელია.
დაცვის მხარე ატეგორიულად შეეწინააღმდეგა. ადვოკატი ირწმუნებოდა, რომ მსგავს საქმეებზე პროცესები აქამდე არასოდეს დახურულა. ის ამბობდა, რომ ეს გადაწყვტილება პროცესზე ღარიბაშვილის დასწრების გამო მიიღეს. თორემ, არავითარი საიდუმლო ამ საქმეში არ არის.
პროცესის ღიაობა უნდოდა თავად ღარიბაშვილსაც.
“რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით უნდა გავაკეთო განმარტებები”, – დაიწყო ღარიბაშვილმა, მაგრამ, მოსამართლემ სიტყვა შეაწყვეტინა. უთხრა, რომ მხოლოდ სხდომის დახურვაზე გაეკეთებინა კომენტარი.
“ამ შუამდგომლობას ვეწინააღმდეგები. მინდა საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე. ეს არის ცილისწამებაზე აგებული, პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ პროცესი საჯაროდ და გამჭვირვალედ ჩატარდეს. კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ამ შუამდგომლობას. მოგმართავთ თხოვნით, შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს”, – თქვა ექსპრემიერმა.
მეტი საჯარო განცხადების საშუალება, ღარიბაშვილს, აღარ მისცემია. დაწყებიდან 40 წუთის შემდეგ, მოსამართლემ ადგილზე თათბირით გადაწყვიტა პროცესის დახურვა. დამსწრეები დარბაზიდან დაითხოვეს.
“ივანიშვილი შეცდომაშია შეყვანილი” – კომენტარები პროცესის დასრულების შემდეგ
პროცესის დასრულების შემდეგ, ღარიბაშვილის ოჯახის წევრებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. დედის გაყვანას და მედიის მოგერიებას, ნიკოლოზი ცდილობდა.
მედიასთან ღარიბაშვილის ადვოკატმა და იმ ორმა თანაგუნდელმა ისაუბრა, ვინც დღეს სასამართლოში, ექსპრემიერის გასამხნევებლად მივიდა.
“ვიყავი მოსული მეგობრის სანახავად, რომელიც ძალიან მომენატრა. მინდა მხნეობა ვუსურვო. და მინდა ვუსურვო, ძალიან მალე დაუბრუნდეს ოჯახს”,- განაცხადა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა.
შეკითხვაზე, სჯერა თუ არა რომ მისმა მეგობარმა კორუფციული დანაშაული ჩაიდინა, ასე უპასუხა:
“ყველაფერზე სასამართლო იმსჯელებს. მე ნამდვილად ამაყი ვარ, რომ მომიწია ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მუშაობა. სხვა ყველაფერზე იმსჯელებს სასამართლო. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ემოციურია”.
შეკითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ეს საქმეები მამუკა მდინარაძეს, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თქვა, რომ პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებს.
შეგახსენებთ, სწორად მამუკა მდინარაძის სუს-ის უფროსად დანიშვნის შემდეგ დააკავეს ირაკლი ღარიბაშვილი. ციხიდან გამოგზავნილ წერილებში, ექსპრემიერმა, მდინარაძე არაერთხელ ახსენა.
სამაგიეროდ, ამ შეკითხვას უპასუხა ლუკა კურტანიძემ. მან მამუკა მდინარაძეს ვირთხა უწოდა. თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ასევე ერისკაცად მოიხსენია, “შეცდომაშია შეყვანილი”:
“ბედნიერი ვარ, რომ ერისკაცი, ირაკლი ღარიბაშვილი ვნახე. ჯანმრთელია და ძლიერია. მაგ სისულელეს [ჯარის ძარცვას] მხოლოდ სულელები დაიჯერებენ და ისეთი ვირთხები, როგორიც მდინარაძე იყო. ხომ იცით ნათქვამი – მკვდარზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს. მდინარაძე მკვდარზე უარესია. ვირთხაა, რომელმაც თავის გუნდის წევრებს ასეთი რამეები შეუთხზა”.
ადვოკატი: “ღარიბაშვილზე ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე ახორციელებდნენ, რათა ბრალი ეღიარებინა”
რა თქვა ღარიბაშვილმა უკვე დახურულ პროცესზე, მისი ადვოკატისგან გავიგეთ. სოსო ბარათაშვილის განცხადებით, ყოფილმა პრემიერმა სასამართლოს აცნობა, რომ გამოძიების დაწყებამდე მასზე ფსიქოლოგიურ და მორალურ ზეწოლას ახორციელებდნენ, რათა ქრთამის აღება ეღიარებინა.
ადვოკატი საგამოძიებო ორგანოებს ამ ფაქტზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს. ია ამბობს, რომ ღარიბაშვილს ზეწოლის დამადასტურებელი ინფორმაციის წარდგენა შეუძლია.
“დღეს მას არ დაუსახელებია არცერთი გვარი. მაგრამ გამოძიების პროცესში ის, რასაკვირველია, დაასახელებს ვისი მხრიდან მომდინარეობდა შეთავაზება. ყველა დეტალს განუმარტავს გამოძიებას. ეს არ არის ჰაერზე გაკეთებული განცხადება”, – თქვა ადვოკატმა.
ბარათაშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცესის დახურვა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებაა და მიზნად ისახავს საქმის დეტალების დამალვას:
“პროკურატურა სხდომის დახურვას იყენებს, როგორც ინსტრუმენტს. მას სურს მიჩქმალოს საქმე. დაუმალოს ამ საქმის დეტალები მოსახლეობას, მედიასაშუალებებს, უფლებადამცველებს. ეს ძალიან სერიოზული დარღვევაა”.
მისი თქმით, ღარიბაშვილის წინააღმდეგ საქმე ძირითადად ჯუანშერ ბურჭულაძის საქმეს ეფუძნება. ბარათაშვილმა თქვა, რომ დაცვის მხარე მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
კონტექსტი
ირაკლი ღარიბაშვილი შემთხვევითი და უბრალოდ ყოფილი თანამდებობის პირი არ არის. ის თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე ახლო და სანდო ადამიანი იყო.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მას ივანიშვილზე პოლიტიკურად დამოკიდებულ მმართველადაც ახასიათებდა. თავად ღარიბაშვილს არაერთხელ უთქვამს, რომ ივანიშვილს ეკუთვნის ხელისუფლების მანდატი
ღარიბაშვილის პოლიტიკური კარიერა ივანიშვილის ბიზნესსტრუქტურებში მუშაობით დაიწყო. იგი ივანიშვილის ფონდ „ქართუს“ გენერალური დირექტორი და მისი ბიზნესჯგუფის წარმომადგენელი იყო იქამდე, ვიდრე პოლიტიკაში მოვიდოდა.
ღარიბაშვილი “ქართული ოცნების” პირველი პრემიერი იყო, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ. პირველი პრემიერობისას, ის 31 წლის იყო. პირველ ვადაში, მას ეს პოსტი ორი წლით ეკავა, – 2013-2015 წლებში. შემდეგ ის თავდაცვის მინისტრად გადაიყვანეს. მაგრამ, ამის შემდეგ, 2021 წელს, ივანიშვილმა ის ისევ პრემიერად დააბრუნა.
2025 წლის აპრილში ღარიბაშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
ღარიბაშვილი სასჯელს იხდის რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში. იქ 2026 წლის 12 იანვარს გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც ფულის გათეთრების საქმეზე საპროცესო შეთანხმებით 5 წლით პატიმრობა მიესაჯა.
ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი