აზერბაიჯანის „რუხ კარდინალს“, სახელმწიფო ღალატისთვის, 14-წლიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდეს
ალიევის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელის განაჩენი
რამიზ მეჰტიევი იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა იმაზე, ვინ გახდებოდა აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატი, რომელ გაზეთს დახურავდნენ და ვის შეიწყალებდნენ. 24 წლის განმავლობაში ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. ჯერ ჰეიდარ ალიევის, შემდეგ კი ილჰამ ალიევის დროს.
მეჰტიევი ასევე ხელმძღვანელობდა შეწყალების საკითხთა კომისიას. ის სახელმწიფოში არაფორმალურ „მეორე პირად“ მიიჩნეოდა. ახლა ის სახელმწიფო ღალატში ცნეს დამნაშავედ.
ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლომ, 88 წლის რამიზ მეჰტიევს, 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, მისი ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასჯელი პირობითად განისაზღვრა.
სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დამნაშავედ ცნობილი მეჰტიევი ციხეში არ წავა.
რამიზ მეჰტიევი ოთხი მუხლით ცნეს დამნაშავედ:
- ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდებისკენ მიმართული ქმედებები;
- სახელმწიფო ღალატი;
- დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაცია;
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება.
სასამართლომ ასევე გადაწყვიტა მისთვის ქონების ჩამორთმევა სახელმწიფოს სასარგებლოდ. ასევე, შესაბამისი წარდგინების გაგზავნა, სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევის საკითხზე.
განაჩენი 22 ოქტომბერს გამოიტანეს. თუმცა, საზოგადოებისთვის მხოლოდ ხუთი დღის შემდეგ, 27 ოქტომბერს გახდა ცნობილი.
სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. განაჩენის ტექსტი არ გამოქვეყნებულა. ოფიციალურად არ გაუმჟღავნებიათ არც ჩამორთმეული ქონების ჩამონათვალი და არც მისი ღირებულება.
ამ განაჩენით სისხლის სამართლის საქმე დასრულდა. თუმცა, პასუხგაუცემელი დარჩა მთავარი კითხვა, რომელზეცერთი წელია კამათობენ – რატომ აღმოჩნდა მეჰტიევი სამიზნე და რატომ ახლა?
ბოლო თვეებში, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა, პროსახელისუფლებო მედიებმა, ექსპერტებმა და ოპოზიციამ სხვადასხვა ახსნა შემოგვთავაზეს. მათი ვერსიები ზოგჯერ ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა.
ოფიციალური ვერსია: კრემლიდან ოპოზიციამდე
გამოძიების პირველ დღეებში, ხელისუფლების მხარდამჭერმა სააგენტო APA-მ, მოვლენების საკუთარი ვერსია გაავრცელა.
სააგენტოს ცნობით, 2025 წლის დასაწყისში, ბაქოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების დაძაბვის ფონზე, მეჰტიევმა რუსეთს აზერბაიჯანში ხელისუფლების დამხობისა და დროებითი სახელმწიფო საბჭოს შექმნის გეგმა შესთავაზა. მეჰტიევი ამ საბჭოს თავად უნდა ჩასდგომოდა სათავეში.
სააგენტოს მტკიცებით, ვლადიმირ პუტინმა ამის შესახებ ილჰამ ალიევს 9 ოქტომბერს, დუშანბეში გამართული შეხვედრის დროს აცნობა.
თუმცა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2026 წლის 12 თებერვლის ვრცელ განცხადებასა და შემდგომ ბრალდებაში, მოვლენების განსხვავებული ქრონოლოგიაა წარმოდგენილი.
გამოძიების ვერსიით, 2025 წლის აგვისტო-სექტემბერში, რამიზ მეჰტიევმა უცხო ენაზე მოამზადა დოკუმენტი სახელწოდებით „წინადადებები სახელმწიფო მართვის სისტემის რეორგანიზაციის შესახებ“.
შემდეგ მან დოკუმენტი თავისი თანაშემწის, ელდარ ამიროვის, მეშვეობით აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის თავმჯდომარეს, ალი ქერიმლის, გადასცა. დოკუმენტის საბოლოო ვერსია 3 ოქტომბერს გაიგზავნა.
ბრალდებაში ასევე ფიგურირებს საზღვარგარეთ რეგისტრირებული ორგანიზაცია „რუსეთის აზერბაიჯანული ორგანიზაციების კავშირი“, რომელიც „მილიარდერების კავშირის“ სახელითაა ცნობილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, ორგანიზაცია უცხოურმა სპეცსამსახურებმა შექმნეს. მის ხელმძღვანელები კი იყვნენ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე აბას აბასოვი და კინოსცენარისტი რუსტამ იბრაჰიმბეკოვი.
გამოძიების ვერსიით, რამიზ მეჰტიევი, აბას აბასოვი და აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის ხელმძღვანელობა იმ პირთა ჯგუფში შედიოდნენ, რომლებიც ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობდნენ.
ამრიგად, ერთი წლის განმავლობაში საქმის მთავარი აქცენტები მნიშვნელოვნად შეიცვალა. თუ თავდაპირველად სავარაუდო შეთქმულების მთავარ მონაწილედ კრემლს წარმოაჩენდნენ, გამოძიების დასრულებისას წინა პლანზე ოპოზიციამ წამოიწია.
თებერვალში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერში, მეჰტიევი რუსულ ენაზე ესაუბრება პირს, რომელიც, სავარაუდოდ, უცხოური სპეცსამსახურის თანამშრომელია.
საუბარში ის ამბობს, რომ სახელმწიფო მართვის სისტემის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით წინადადებები აქვს.
თანამოსაუბრე პასუხობს: „ეს თქვენი პირადი საქმეა“. გამოქვეყნებული ჩანაწერის ფრაგმენტიდან ჩანს, რომ სავარაუდო უცხოელი სპეცსამსახურის თანამშრომელი ამ წინადადებებისგან უფრო დისტანცირებას ცდილობს, ვიდრე ინტერესს გამოხატავს.
სექტემბერში ბრალდებას ქრთამის აღების მუხლიც დაემატა. თუმცა არ გავრცელებულა ინფორმაცია, თუ ვისგან, რისთვის და რა ოდენობის თანხა მიიღო, სავარაუდოდ, მეჰტიევმა.
განაჩენის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციაშიც გამოყენებულია ფორმულირება „უცხო სახელმწიფო“, თუმცა კონკრეტული ქვეყანა დასახელებული არ არის.
ოფიციალური რიტორიკა: მოღალატე, ოლიგარქი, ინტრიგანი
განაჩენის გამოცხადებიდან მეორე დღეს, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმმა, მეჰტიევის აკადემიის წევრობიდან გარიცხვის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ახლა ეს გადაწყვეტილება საერთო კრებამ უნდა დაამტკიცოს.
აკადემიის პრეზიდენტმა, ისა გაბიბეილიმ, მეჰტიევის ქმედებებს „მეცნიერის წოდებისთვის შეუფერებელი ღალატი“ უწოდა.
სხდომაზე გაჟღერებული მთავარი გზავნილი იყო ის, რომ მიუტევებელია იმ ადამიანის ღალატი, ვინც მრავალი წლის განმავლობაში, სახელმწიფოს მიერ მინიჭებული ყველა შესაძლებლობით სარგებლობდა.
ამასობაში, ხელისუფლების მხარდამჭერმა ვებგვერდებმა ყურადღება მეჰტიევის ქონებაზე გაამახვილეს. გამოქვეყნდა მის საკუთრებაში არსებული, სავარაუდოდ, ვილების, მიწის ნაკვეთების, სავაჭრო ცენტრებში წილების, საბანკო აქციებისა და გამომცემლობა „შარგ-გარბის“ შესახებ ინფორმაცია.
იურისტმა ჩინგიზ განიზადემ გამოცემა Modern.az-ს განუცხადა, რომ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ჩამორთმეული ქონება შეიძლება აუქციონზე გაიყიდოს, გაქირავდეს ან ნაწილობრივ გადაეცეს ომის ვეტერანებსა და დაღუპული სამხედროების ოჯახებს. ამასთან, მან შეახსენა საზოგადოებას, რომ განაჩენი ჯერ კანონიერ ძალაში არ შესულა. მის გასაჩივრებას 20 დღე ეთმობა.
საქმის კიდევ ერთი მხარე პირად დაპირისპირებებს უკავშირდება. განაჩენის გამოტანის შემდეგ ტელეწამყვანმა ხოშგადემ ჰიდაიათგიზიმ სოციალურ ქსელებში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა.
მისი მტკიცებით, 1999-2000 წლებში მეჰტიევი ზეწოლას ახორციელებდა მისი გაზეთის დასახურად. ხოლო 2005 წლის არჩევნების დროს, ხელს უშლიდა მას კანდიდატურის წარდგენაში.
ტელეწამყვანის თქმით, მისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ თითქოს მის წინააღმდეგ ავტოავარიის ინსცენირებით მკვლელობაც იგეგმებოდა. ამ განცხადებების დამოუკიდებლად გადამოწმება შეუძლებელია.
ამასთან, ხოშგადემ ჰიდაიათგიზი ყურადღებას ამახვილებს მეჰტიევის მიმართ დამოკიდებულების თვალსაჩინო ცვლილებაზე: ადამიანები, რომლებიც ადრე მას „მამას“ და „პატივსაცემ უხუცესს” უწოდებდნენ, ახლა მის მიმართ ყველაზე მწვავე კრიტიკით გამოდიან.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამდივნოს ყოფილმა ხელმძღვანელმა და პოლიტოლოგმა ელდარ ნამაზოვმა საქმეზე მოწმის სახით მისცა ჩვენება. მან გაიხსენა, რომ ჯერ კიდევ 2020 წელს მეჰტიევის მიერ შექმნილ ქსელს სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხედ მოიხსენიებდა.
როგორც ელდარ ნამაზოვმა გამოცემა Oxu.az-ს განუცხადა, მეჰტიევი სასამართლოს ყველა სხდომას დისტანციურად ესწრებოდა, საღ გონებაზე იყო და მისი ჩვენების წინააღმდეგი არ ყოფილა.
ამ განცხადებებს ერთი საერთო ხაზი აერთიანებს. რამიზ მეჰტიევის წარმოჩენა პოლიტიკურ სისტემასთან შეუთავსებელ პირად.
ამასთან, ოფიციალურ დისკურსში თითქმის არ ისმება კითხვა, რატომ რჩებოდა ხელშეუხებელი ადამიანი, რომელიც 24 წლის განმავლობაში განსაზღვრავდა საკადრო პოლიტიკას, იდეოლოგიურ კურსსა და მედიაზე კონტროლის სისტემას.
კრიტიკოსები: „განაჩენი დახურულ კარს მიღმა გამოიტანეს“
დამოუკიდებელი წყაროების მთავარი პრეტენზია არ ეხება იმდენად ბრალდების შინაარსს, რამდენადაც სასამართლო პროცესის გაუმჭვირვალობას.
სააგენტო „ტურანი“ აღნიშნავს, რომ დახურული სასამართლო განხილვის გამო შეუძლებელია ბრალდების მტკიცებულებებისა და დაცვის არგუმენტების დამოუკიდებლად შეფასება. ასევე უცნობია, რატომ გახდა განაჩენის შესახებ ცნობილი მხოლოდ ხუთი დღის შემდეგ. და, აპირებს თუ არა მეჰტიევი მის გასაჩივრებას.
სააგენტოს შეფასებით, რუსეთთან ურთიერთობების კონტექსტში ამ საქმის პოლიტიკური ინტერპრეტაციებიც ვარაუდებად რჩება და არა დადასტურებულ ფაქტებად.
სააგენტო „ტურანის“ მიმომხილველი, თაფდიგ ფარჰადოღლუ, ყურადღებას სხვა წინააღმდეგობაზეც ამახვილებს.
პირველი ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც საზოგადოებამ 24 წლის განმავლობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შემოსავლებისა და აქტივების შესახებ შეიტყო, არა ქონებრივი დეკლარაცია, არამედ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი აღმოჩნდა.
ამასთან, განაჩენის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშიც კი ჩამორთმეული ქონების მასშტაბები დაკონკრეტებული არ არის.
ადვოკატმა აქრამ გასანოვმა განაჩენი სოციალურ ქსელებში მოკლედ და მკვეთრად შეაფასა:
„რამდენიმე წლით ადრე რომ გარდაცვლილიყო, რამიზ მეჰტიევს ბაქოში, საპატიო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავდნენ“.
ოპოზიციისთვის ამ საქმეში ყველაზე მგრძნობიარე საკითხი ალი ქერიმლის სახელთან არის დაკავშირებული. აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის თავმჯდომარე ალი ქერიმლი და პარტიის ხელმძღვანელობის წევრი მამედ იბრაჰიმი, იმავე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში არიან დაკავებული.
თუმცა, მათთან დაკავშირებული მასალები ცალკე წარმოებად გამოიყო. ორივეს ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდებისკენ მიმართულ ქმედებებს ედავებიან. შესაბამისი მუხლი 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
სასამართლოს წინასწარი სხდომა 3 ნოემბერს არის ჩანიშნული.
აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტია ბრალდებებს უარყოფს და დაკავებებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
პარტიის მიერ სექტემბერში გავრცელებული განცხადების თანახმად, ალი ქერიმლიმ გამოძიების დაწყებისთანავე უარი თქვა ჩვენების მიცემაზე და უარყო მტკიცება მეჰტიევთან თანამშრომლობის შესახებ.
ამ ფონზე ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ მეჰტიევს განაჩენი ალი ქერიმლის სასამართლო პროცესის დაწყებამდე გამოუტანეს.
სამართლებრივი თვალსაზრისით, ერთი ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა საქმეში სხვა ფიგურანტების მიმართ განხილვის შედეგს წინასწარ არ განსაზღვრავს.
თუმცა პოლიტიკური თვალსაზრისით ვითარება სხვაგვარად გამოიყურება. სავარაუდო შეთქმულების მთავარ მონაწილედ მიჩნეული პირი უკვე დამნაშავედ არის ცნობილი. ეს ჩრდილს აყენებს ალი ქერიმლის მოახლოებულ სასამართლო პროცესს.
რატომ მიუსაჯეს პირობითი მსჯავრი?
სასამართლომ გადაწყვეტილება აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 70-ე მუხლს დააფუძნა. ამ მუხლის თანახმად, პირობითი მსჯავრის გამოყენება დასაშვებია, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებული სასჯელის რეალურად მოხდის გარეშეც შეიძლება გამოსწორდეს.
როგორც ადვოკატმა რამილ სულეიმანოვმა განმარტა, პირობითი მსჯავრი შინაპატიმრობას არ ნიშნავს. თუმცა, თუ მსჯავრდებული მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს დაარღვევს, სასამართლოს შეუძლია გააუქმოს პირობითი მსჯავრი. ასეთ შემთხვევაში, მეჰტიევს სასჯელაღსრულების დასწესებულებაში გაგზავნიან.
სააგენტო „ტურანი“ აღნიშნავს, რომ კანონის თანახმად, გამოსაცდელი ვადა ექვსი თვიდან ხუთ წლამდე შეიძლება განისაზღვროს. უცნობია, კონკრეტულად რა ვადა დაუწესეს რამიზ მეჰტიევს.
თუმცა, როგორც ჩანს, განაჩენის პოლიტიკური მნიშვნელობა სასჯელის ფორმაზე არ არის დამოკიდებული.
რამიზ მეჰტიევი სახელმწიფო ღალატში უკვე ოფიციალურად ცნეს დამნაშავედ. მისი ქონება ჩამორთმევას ექვემდებარება. სახელმწიფო ჯილდოები და აკადემიური სტატუსი კი შეიძლება დაკარგოს.
ამასთან, ხელისუფლება ამ შედეგს ისე აღწევს, რომ 88 წლის მსჯავრდებულს პატიმრობაში სიკვდილის რისკის წინაშე არ აყენებს.
პირობითი მსჯავრი ასევე ტოვებს მომავალში სასჯელის გამკაცრების შესაძლებლობას. თუ მეჰტიევი სასამართლოს მიერ დადგენილ მოთხოვნებს დაარღვევს, ეს შეიძლება მისი ციხეში გაგზავნის საფუძველი გახდეს.
ამავე დროს, აშკარა წინააღმდეგობა იკვეთება. სახელმწიფო მეჰტიევს იმ ადამიანად წარმოაჩენს, ვინც კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლას ცდილობდა. თუმცა მიიჩნევს, რომ მისი თავისუფლებაზე დატოვება დასაშვებია.
ამას ორი შესაძლო ახსნა აქვს: ან საფრთხე ისეთი სერიოზული არ ყოფილა, როგორც ბრალდებიდან ჩანს. ან განაჩენის მთავარი მიზანი, საფრთხის აღმოფხვრაზე მეტად, პოლიტიკური გზავნილის გაგზავნა იყო.
ალიევის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელის განაჩენი