აზარტული ტურნირების ახალი რეგულაციები: სახალხო დამცველი რისკებზე საუბრობს, საპატრიარქო პოზიციის შეჯერებას გეგმავს
კაზინოები საქართველოში
საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების ორგანიზების შესაძლებლობა ექნებათ. ინიციატივა ითვალისწინებს ტურნირების ჩატარების ნებართვის გაცემას, შესაბამისი მოსაკრებლების განსაზღვრასა და სანებართვო პირობების დარღვევისთვის ჯარიმების დაწესებას.
კანონპროექტის თანახმად, საერთაშორისო აზარტული ტურნირი იქნება სამორინეს მიერ ორგანიზებული შეჯიბრება, რომლის საპრიზო ფონდი ორგანიზატორის მიერ წინასწარ არის გარანტირებული და მონაწილეთა სულ მცირე 80 პროცენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამ მიმართულებას ტურიზმისა და ეკონომიკური აქტივობის წახალისებით ხსნიან, სახალხო დამცველი კი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვასა და მისი შესაძლო სოციალური ზიანის სათანადო შეფასების არარსებობას აკრიტიკებს.
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა განაცხადა, რომ 30 ოქტომბერს საპატრიარქო შეიკრიბება, სადაც ამ საკითხზე იმსჯელებენ, შემდეგ კი საზოგადოებას შეჯერებულ პოზიციას მოახსენებენ.
რა იცვლება
დოკუმენტის მიხედვით, თუ ორგანიზატორი კლუბის მაგიდას მხოლოდ საერთაშორისო აზარტული ტურნირისთვის იყენებს და საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს აღემატება, მას ამ მაგიდისთვის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდა არ მოუწევს. ამასთან, ორგანიზატორს უფლება ექნება, ტურნირის ჩატარებიდან შემოსავალი მიიღოს.
საერთაშორისო აზარტული ტურნირების ორგანიზება შესაძლებელი იქნება როგორც სამორინეს მოწყობის ნებართვის მქონე ობიექტებში, ისე მათ გარეთ.
ტურნირების მოწყობის ნებართვის წლიური მოსაკრებელი 100 000 ლარი იქნება. სანებართვო პირობების დარღვევისთვის ნებართვის მფლობელი 50 000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო შესაბამისი უფლებამოსილების არმქონე პირის მიერ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ორგანიზება ან ჩატარება 150 000-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს.
კანონპროექტის ავტორების განცხადებით, ცვლილებების მიზანი სათამაშო ბიზნესის სფეროში სამართლებრივი რეგულირების დახვეწა და საერთაშორისო აზარტული ტურნირების ორგანიზებისთვის მკაფიო სამართლებრივი ჩარჩოს შექმნაა.
ინიციატივის ავტორები მიუთითებენ, რომ მოქმედ კანონმდებლობაში საერთაშორისო ტურნირის ცნება განსაზღვრული არ არის და არც მისი ჩატარების სამართლებრივი წესები არსებობს, რაც, მათი შეფასებით, პრაქტიკაში ბიზნესსუბიექტებისა და მარეგულირებელი ორგანოებისთვის გაურკვევლობას ქმნის.
რას ამბობს სახალხო დამცველი
კანონპროექტს პირველი მოსმენის შემდეგ სახალხო დამცველი გამოეხმაურა და პარლამენტს მოუწოდა, ინიციატივის შემდგომი განხილვა და მიღება შეეჩერებინა. ომბუდსმენის შეფასებით, განსაკუთრებით პრობლემურია საზოგადოებისთვის სენსიტიური საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა, სათანადო ექსპერტული შეფასებისა და ადამიანის უფლებებზე შესაძლო გავლენის რისკების სრულყოფილი ანალიზის გარეშე.
სახალხო დამცველის განცხადებით, კანონპროექტს არ ახლავს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ზემოქმედების ცალკე შეფასება და სათანადოდ არ არის გაანალიზებული შესაძლო სოციალური ზიანი და მისი პრევენციის ხარჯები. ამასთან, დოკუმენტის მომზადების პროცესში შესაბამისი ექსპერტებისა და ორგანიზაციების მონაწილეობა უზრუნველყოფილი არ ყოფილა, ხოლო სხვა ქვეყნების გამოცდილება მიმოხილული არ არის.
ომბუდსმენი ასევე აღნიშნავს, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, თითქოს ცვლილებები ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე გავლენას არ მოახდენს, თუმცა წარმოდგენილი არ არის ამ დასკვნის საფუძველი.
„მსგავსი ტიპის კანონპროექტების განხილვისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საკითხის ყოველმხრივ და სრულყოფილ შესწავლას, მათ შორის, შესაბამისი სფეროს ექსპერტების ფართო და სათანადო ჩართულობას“, – აცხადებს სახალხო დამცველი.
მისივე შეფასებით, შემოთავაზებული ცვლილებების განხილვა არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ შესაძლო მატერიალური სარგებლის შეფასებით და სათანადოდ უნდა ითვალისწინებდეს მათ გავლენას საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და სოციალურ კეთილდღეობაზე, აგრეთვე ამ პროცესთან დაკავშირებულ რისკებს.
რას ამბობს საპატრიარქო
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საკითხზე წინასწარი კომუნიკაცია არ ყოფილა და საპატრიარქოში კანონპროექტის შესახებ ფართო მსჯელობა ჯერ არ გამართულა.
ჯაღმაიძის თქმით, საპატრიარქო 2017 წლიდან აზარტული თამაშების სფეროში რეგულაციების შემუშავების პროცესის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო. დეკანოზმა აღნიშნა, რომ საპატრიარქო სახალხო დამცველის პოზიციას გაეცნო და მის არგუმენტებს დიდწილად იზიარებს.
„საპატრიარქო მსგავსი პროცესისგან განზე ვერ დარჩება. იმედს ვიტოვებთ, რომ კანონპროექტის ინიციატორებთან დიალოგი სასიკეთო შედეგს გამოიღებს“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის, ანტონის განცხადებით, საქართველოს საპატრიარქო საერთაშორისო აზარტული ტურნირების ჩატარების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს და საკუთარ პოზიციას შეიმუშავებს.
მიტროპოლიტის თქმით, საპატრიარქო 30 ოქტომბერს შეიკრიბება, სადაც კანონპროექტის შესაძლო რისკებზე იმსჯელებენ, რის შემდეგაც საზოგადოებას შეჯერებულ პოზიციას გააცნობენ.

„მე რამდენადაც ზედაპირულად ვუყურებ, საფრთხეებს ვხედავ რაღაცნაირად. საქმეში არ ვართ ჩახედული, ტელევიზორში ვნახე, იყო ამაზე საუბარი. როგორ და რანაირად, რა თქმა უნდა, ამას განვიხილავთ და ჩვენს აზრს გამოვხატავთ. სიმართლე გითხრათ, ბევრი რამ გაუგებარია, მაგრამ შეიძლება აგვიხსნან“, – განაცხადა მეუფე ანტონმა „ინტერპრესნიუსთან“.
მისივე თქმით, საპატრიარქო საკითხის განხილვას მთავრობის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის ფარგლებში გეგმავს და კანონპროექტის შესახებ საკუთარ პოზიციას მღვდელმთავრებთან შეთანხმებით დააფიქსირებს.
„რა თქმა უნდა, გულგრილი ვერ ვიქნებით“, – აღნიშნა მიტროპოლიტმა.
როგორ იცვლებოდა ხელისუფლების პოლიტიკა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით?
„ქართული ოცნების“ პოლიტიკა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით ბოლო წლებში ძირითადად შეზღუდვების გამკაცრებასა და მოთამაშეთა წრის შემცირებაზე იყო ორიენტირებული.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირველ წლებში აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვისა და რეგულაციების გამკაცრების ინიციატივები პარლამენტში ორჯერ ჩავარდა – 2013 და 2019 წლებში. 2013 წელს ერთ-ერთი ინიციატივის უარყოფის არგუმენტად სარეკლამო ბიზნესისთვის შესაძლო ზიანიც დასახელდა, ხოლო ბიძინა ივანიშვილი ინვესტიციებისთვის არახელსაყრელი გარემოს შექმნის რისკზე საუბრობდა.
პოლიტიკა მკვეთრად შეიცვალა 2021 წლის ბოლოს, როდესაც პარლამენტმა სათამაშო ბიზნესის რეგულირების ფართო პაკეტი მიიღო. ცვლილებების მიზნად ხელისუფლება აზარტულ თამაშებზე ხელმისაწვდომობისა და მათი პოპულარიზაციის შემცირებას ასახელებდა.
2022 წლის მარტიდან ამოქმედდა ძირითადი შეზღუდვები:
- საქართველოს მოქალაქეებისთვის აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მინიმალური ასაკი 25 წლამდე გაიზარდა;
- თამაშში მონაწილეობა აეკრძალათ სოციალურად დაუცველ პირებსა და საჯარო მოხელეებს, აგრეთვე შესაბამის რეესტრში შეყვანილ პირებს;
- აიკრძალა აზარტული თამაშების რეკლამა ტელევიზიაში, გარე სივრცეებსა და ქართულ ვებგვერდებზე, სპონსორობის გარკვეული ფორმების გარდა;
- გამკაცრდა საგადასახადო რეჟიმი და კონტროლი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მინიმალური ასაკი 18 წელი დარჩა.
შემდგომი ცვლილებებით გამოიკვეთა განსხვავებული მიდგომა: ადგილობრივი მოსახლეობისთვის მკაცრი შეზღუდვების შენარჩუნება, პარალელურად კი უცხოელ მომხმარებლებზე ორიენტირებული სათამაშო ბიზნესის ხელშეწყობა.
2026 წლის ივნისში გამოქვეყნებული სექტორული მიმოხილვის თანახმად, ხელისუფლებამ უცხოელ მომხმარებლებზე გათვლილი ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის შეღავათიანი სანებართვო და საგადასახადო რეჟიმის შემოღების კანონპროექტი წარადგინა. ინიციატივა უცხოელ მომხმარებლებზე ორიენტირებულ ოპერატორებს შეღავათებს სთავაზობდა, მაშინ როდესაც საქართველოს მოქალაქეებისთვის განკუთვნილ ბაზარზე უფრო მაღალი საგადასახადო ტვირთი რჩებოდა.