აფხაზეთისა და რუსეთის შს სამინისტროების თანამშრომლობა - „სამარცხვინო უუნარობა“ თუ ეფექტიანობის გაზრდა?
აფხაზეთისა და რუსეთის შსს-ს შორის თანამშრომლობა
აფხაზმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა ნიზფა არშბამ საკუთარ ტელეგრამარხზე „აიააშარა“ აფხაზეთისა და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის უწყებათაშორისი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გამოაქვეყნა. ამან აფხაზეთის საჯარო სივრცეში მწვავე პოლიტიკური დისკუსია გამოიწვია.
ყურადღების ცენტრში თანამშრომლობის ხელმოწერილი გეგმები მოექცა, რომლებმაც ურთიერთსაპირისპირო შეფასებები დაიმსახურა – სუვერენიტეტის დათმობაში დადანაშაულებიდან დაწყებული, დანაშაულთან ერთობლივი ბრძოლის აუცილებლობის არგუმენტებით დამთავრებული.
ბრალდებები უწყების უუნარობასა და ზეწოლაზე
ნიზფა არშბა თავის ჟურნალისტურ გამოძიებაში ეყრდნობა აფხაზეთისა და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის 2024-2025 წლების თანამშრომლობის გეგმას, რომელიც მის ხელში აღმოჩნდა. ის ასევე ახსენებს ანალოგიურ დოკუმენტს 2026-2027 წლებისთვის, რომელსაც რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ კოლოკოლცევმა და მისმა აფხაზმა კოლეგამ, რობერტ კიუტმა მოაწერეს ხელი.
ჟურნალისტმა აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა მკაცრად გააკრიტიკა და უუნარო უწოდა. მისი აზრით, სხვა ქვეყნის უწყებისთვის დახმარების თხოვნა საკუთარი ფუნქციების შესრულების შეუძლებლობის პირდაპირი დასტურია.

„რობერტ კიუტისთვის ჩაბარებულ უწყებას, რომელშიც რამდენიმე ათასი თანამშრომელია და რომელიც მრავალფეროვანი ტექნიკური საშუალებებით არის აღჭურვილი, არაფრის გაკეთება არ შეუძლია. მას არ შეუძლია დამოუკიდებლად აკონტროლოს და გააანალიზოს ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება. არ შეუძლია შეაფასოს საკუთარი მუშაობის ეფექტიანობა. არ შეუძლია დამოუკიდებლად გააკონტროლოს ვითარება სასაზღვრო რეგიონებში“, – წერს არშბა.
მისი განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია შეთანხმების იმ პუნქტმა, რომელიც რუსეთის მხარისთვის იმ ლიდერების შესახებ ინფორმაციის გადაცემას ითვალისწინებს, რომლებსაც „სასაზღვრო რეგიონში ვითარების დესტაბილიზაცია“ შეუძლიათ.
ჟურნალისტი ამ მექანიზმს პირდაპირ უკავშირებს აფხაზეთის გმირებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ლევან მიქაასა და კან კვარჩიასთვის რუსეთის მოქალაქეობის ცოტა ხნის წინ ჩამორთმევას. არშბას მიაჩნია, რომ სწორედ აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რობერტ კიუტის ხელმძღვანელობით, მიაწოდა მათ შესახებ ინფორმაცია რუსეთის შესაბამის სტრუქტურებს, რითაც „დააფიქსირა აფხაზეთის მოქალაქეების სამარცხვინო ჩაბარება“ და ხელისუფლების ოპონენტების ჩამოშორებას უცხო ქვეყნის ხელით ცდილობდა.
ამ ისტორიას დამატებით რეზონანსს სძენს ის ფაქტიც, რომ უწყებათაშორისი დოკუმენტები სწორედ ნიზფა არშბამ გაასაჯაროვა. ის აფხაზეთის მოქალაქეა, რუსეთის მოქალაქეობა არ აქვს და რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ადრე „უცხოელი აგენტების“ რეესტრში შეიყვანა.
სამოქალაქო საზოგადოების რეაქცია
საზოგადოებრივმა მოძრაობამ „აფსუა რიმჩ“ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში აფხაზეთის ინსტიტუტების დამოუკიდებლობისთვის საფრთხე დაინახა და ამასთან დაკავშირებით საკმაოდ მკაცრი განცხადება გაავრცელა.
მოძრაობის წევრების აზრით, თანამშრომლობის გეგმებში ჩამოთვლილი პუნქტები ცხადყოფს, რომ აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დამოუკიდებლად ყველაზე საბაზისო ამოცანების შესრულებაც არ შეუძლია.
„თუ შევაჯამებთ ყველაფერს, რისი დამოუკიდებლად შესრულებაც ამ გეგმის მიხედვით აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შეუძლია, მივიღებთ სამინისტროს მოვალეობების სრულ ჩამონათვალს“, – აცხადებენ „აფსუა რიმჩის“ წევრები.
ისინი, არშბას მსგავსად, აღშფოთებულნი არიან იმ პუნქტებითაც, რომლებიც ინფორმაციის გაცვლასა და ძებნის ღონისძიებების ჩატარებას ეხება. „აფსუა რიმჩი“ პირდაპირ პარალელს ავლებს სასაზღვრო რეგიონებში ვითარების დესტაბილიზაციის უნარის მქონე პირებზე მონიტორინგის შესახებ შეთანხმებებსა და აფხაზეთის ცალკეული საზოგადო მოღვაწეების მიმართ მიღებულ „სადამსჯელო“ გადაწყვეტილებებს შორის.
„დოკუმენტებში შემსრულებელთა შორის მითითებულია იმ პირების შესახებ ინფორმაციის რუსეთის დაინტერესებული დანაყოფებისთვის გადაცემაც, რომლებიც ოპერატიულ ვითარებას დესტაბილიზაციას უქმნიან… სხვა რა არის ეს, თუ არა ფუნქციების სხვისთვის გადაბარებისა და ზეწოლისთვის ნიადაგის შექმნის ნათელი მაგალითი?“ – კითხულობს „აფსუა რიმჩი“ და შეთანხმებების სამართლებრივ ექსპერტიზასა და მათი ტექსტების გასაჯაროებას მოითხოვს.
დოკუმენტების კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ საზოგადოებასა და პარლამენტს სრულყოფილად არ გააცნეს 2024-2025 და 2026-2027 წლებისთვის გაფორმებული უწყებათაშორისი შეთანხმებების დეტალები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია
თავად შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ შეთანხმებებსა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის რეალურ შედეგებს სრულიად განსხვავებულად აფასებს.
ტელეარხებთან ინტერვიუში მინისტრმა რობერტ კიუტმა დეტალურად განმარტა შეთანხმებების არსი და ხაზი გაუსვა, რომ სამინისტროს საქმიანობა მკაცრად შემოიფარგლება მოქალაქეთა დაცვითა და მართლწესრიგის უზრუნველყოფით და პოლიტიკისგან გამიჯნულია.
მინისტრის თქმით, თანამშრომლობის გეგმების გარშემო გავრცელებულ სპეკულაციებს რეალური საფუძველი არ აქვს, რადგან ეს მექანიზმი გრძელვადიან სამართლებრივ ჩარჩოს ეყრდნობა.

„აფხაზეთისა და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მოქმედი გეგმა ახალ ვალდებულებებს არ ითვალისწინებს და 2009 და 2014 წლებში გაფორმებული საბაზისო სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებების ფარგლებში მოქმედებს.
ამასთან, აფხაზეთის კანონმდებლობის პრიორიტეტი უპირობოდ შენარჩუნებულია. ეს მექანიზმი ხუთ წელზე მეტია მოქმედებს, ხოლო ჩამოყალიბებული კოორდინაცია მხოლოდ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად გამოიყენება“, – ამბობს კიუტი.
მინისტრმა მოუწოდა საზოგადოებას, თანამშრომლობა პოლიტიკური ლოზუნგებით კი არა, კონკრეტული შედეგებით შეაფასოს. კერძოდ, რობერტ კიუტის თქმით, რუს კოლეგებთან ერთობლივი ძალისხმევით 2025-2026 წლებში ნარკოტიკების მიწოდების დაახლოებით ოთხი მსხვილი არხის ლიკვიდაცია მოხერხდა.
სამინისტროს ხელმძღვანელის შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მნიშვნელოვანი მიღწევა იყო დედობრივი კაპიტალის პრობლემის მოგვარებაც.
„რუს სამართალდამცველებთან თანამშრომლობის შედეგად, აფხაზეთის დაახლოებით 400 მოქალაქე, რომლებიც მანამდე დედობრივი კაპიტალის უკანონო განაღდებაში ეჭვმიტანილებად ითვლებოდნენ, მოწმის სტატუსზე გადაიყვანეს, რამაც ისინი ფაქტობრივად სისხლისსამართლებრივი დევნისგან დაიცვა“, – განაცხადა კიუტმა.
მისი პროგნოზით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ტექნოლოგიური განვითარებაც. ერთობლივი პროექტების ფარგლებში, მშენებარე საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ბაზაზე თანამედროვე დნმ-ლაბორატორია შეიქმნება, რაც ექსპერტიზის ჩატარების ვადას წელიწად-ნახევრიდან რამდენიმე დღემდე შეამცირებს.
საზოგადოების მოთხოვნა
ზოგადად, შინაგან საქმეთა სამინისტროების თანამშრომლობის გეგმების გარშემო გამართულმა დისკუსიამ გამოავლინა საზოგადოების მოთხოვნა, ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საჯარო იყოს. მოქალაქეები გადაწყვეტილებების სრულ გამჭვირვალობასა და სუვერენიტეტის დაცვას მოითხოვენ და უწყებების საქმიანობის გაუმჭვირვალობის ნებისმიერ გამოვლინებას ეჭვის თვალით უყურებენ.
სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში აფხაზეთის პარლამენტში უწყებათაშორისი შეთანხმებების შესახებ მოსმენები გაიმართება. ზოგიერთი დეპუტატის აზრით, აუცილებელია ამ დოკუმენტების აფხაზეთის კონსტიტუციასთან შესაბამისობის გადამოწმება.
პუბლიკაციებში გამოყენებული ტოპონიმები და ტერმინოლოგია, აგრეთვე მათში გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები, ყოველთვის არ ასახავს გამომცემლის შეხედულებებსა და პოზიციას