შესაძლებელია თუ არა აფხაზეთში რუსეთთან ურთიერთობის მიმართ ერთიანი მიდგომა? მოსაზრება სოხუმიდან
აფხაზეთის მიდგომა რუსეთთან ურთიერთობისადმი
შესაძლებელია თუ არა აფხაზეთში საგარეო პოლიტიკის მიმართ ერთიანი მიდგომა? აფხაზი ბლოგერი ახრა ბჟანიამ ეს კითხვა პრეზიდენტთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოში შემავალი პოლიტიკური ორგანიზაციების ლიდერების რუსეთის ახალ ელჩთან, ვიაჩესლავ გლადკოვთან, შეხვედრის კონტექსტში დასვა.
შეხვედრის შემდეგ კომენტარის გაკეთებისას, ოპოზიციური ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაას“ ლიდერმა, ტიმურ გულიამ განაცხადა, რომ ეს აშკარა დასტურია იმისა, რომ აფხაზი ხალხი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ერთიანია.
„პირველ რიგში, ჩვენ ერთიანები ვართ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისა და მოკავშირის, რუსეთის ფედერაციის მიმართ დამოკიდებულებაში და ჩვენი ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში“, – ხაზგასმით აღნიშნა გულიამ.
თუმცა, ახრა ბჟანიას თქმით, არასწორია იმის მტკიცება, რომ ყველა აფხაზისთვის საგარეო პოლიტიკის კურსი ერთია.

ახრა ბჟანია: „აფხაზეთში სხვადასხვა სოციალურ წრეებს, რა თქმა უნდა, განსხვავებული შეხედულებები აქვთ საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, რომლებიც ჩვენს შემთხვევაში 90%-ით ფოკუსირებულია აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობებზე.
მაგალითად, მათ განსხვავებული შეხედულებები აქვთ რუსეთის მიერ ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, ჩვენს არჩევნებში ჩარევაზე და ა.შ.
აფხაზეთის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდში, საჯაროდ დაუჭირა მხარი რუსეთისთვის სასარგებლო საკამათო პროექტებს, რადგან მიაჩნდა, რომ ისინი ჩვენს ინტერესებშია და გააძლიერებენ ჩვენს საგარეო პოლიტიკურ სტატუსს.
არც ის და არც საგარეო საქმეთა სამინისტრო არ აღშფოთებულან, როდესაც რუსეთის ყოფილმა ელჩმა ოპოზიცია მარგინალიზებულად მოიხსენია და როდესაც რუსული ტელეარხები პროდასავლურ გავლენასა და თურქ აგენტებს ეძებდნენ აფხაზეთში… და ამჟამინდელი აფხაზეთის არცერთ ხელისუფლებას არ უთქვამს უარი ამ შეხედულებებზე.
მაშ, როგორ შეგვიძლია გვქონდეს ერთიანი მიდგომა საგარეო პოლიტიკის მიმართ?
ცხადია, რომ პრეზიდენტს სურს, რუსი პარტნიორებისთვის აფხაზური საზოგადოება მთლიანობაში მეგობრული კუთხით წარმოაჩინოს და ამით ორმხრივ ურთიერთობებში წარმოქმნილი ნეგატიური დაძაბულობა განმუხტოს.
თუმცა, ფაქტია, რომ აფხაზური საზოგადოება ისედაც მეგობრულად არის განწყობილი რუსეთის ფედერაციის მიმართ! ის უბრალოდ ეწინააღმდეგება მის გარკვეულ ინიციატივებს.
ამიტომ, გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, ალბათ უფრო ადვილია არა ოპოზიციის ელჩთან შერიგება, არამედ თავად ხელისუფლება იყოს პირველი, ვინც წინააღმდეგობას გაუწევს აფხაზეთისთვის არასაჭირო პროექტებს.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან დადებითი განცხადებები გაკეთდა. მაგრამ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს და წაადგება თუ არა ეს საზოგადოებას? არა მგონია. საზოგადოებაში, სადაც არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან ქუჩაში გავიდნენ თავიანთი კანონიერი უფლებების დასაცავად, ვერც ერთი ოპოზიცია ვერ დაიწყებს დიალოგს ხელისუფლებასთან იმიჯის შელახვის გარეშე.
რაც შეეხება კონსულტაციების სარგებელს, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ფართო ოპოზიციის მთავარი ფუნქცია ამჟამად ხელისუფლების კონტროლია. და თანაც ისე, რომ ეს აფხაზეთის საზღვრებს მიღმაც თვალსაჩინო იყოს.
ამის შემდეგ „უხამსი წინადადებების“ შეთავაზებისგან თავს შეიკავებენ. ნებისმიერი კანონპროექტი ან სხვა ინიციატივა ასჯერ იქნება აწონ-დაწონილი, რამდენად შეესაბამება ის აფხაზეთის ინტერესებს, რადგან მათ ეცოდინებათ, რომ ჩვენს ეზოში ბოროტი და ძლიერი ძაღლია, რომელიც უმჯობესია, საქმე არ დაიჭირონ”.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა რედაქციიის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. რედაქცია იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო