გერმანული ფონდები ქვეყნიდან მიდიან. რას ნიშნავს საქართველოსთვის კრიზისული ურთიერთობები ბერლინთან
საქართველო-გერმანიის კრიზისული ურთიერთობები
საქართველოში საქმიანობა შეწყვიტა ორმა გერმანულმა ფონდმა – კონრად ადენაუერისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდებმა, რომლებიც ქვეყანაში ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ.
მიზეზი – “გრანტების შესახებ” კანონი, რომლის თანახმად, საქართველოში საქმიანობისთვის უცხოურ ფონდებს მთავრობის ნებართვა სჭირდებათ. ამ ფონდებმა ეს ნებართვა ვერ მიიღეს. მათ საქართველოდან გასვლის შესახებ განაცხადეს.
კიდევ ორი ფონდი, ჰაინრიხ ბიოლისა და ფრიდრიხ ებერტის, რაღაც პერიოდით წყვეტის შემდეგ, ჯერჯერობით საქმიანობას აგრძელებს. ეს ინფორმაცია, Eurasianet-თან, ფრიდრიხ ებერტის ფონდის რეგიონულმა წარმომადგენელმა, მარსელ რეთიგმა დაადასტურა. JAMnews-სთან საქმიანობის გაგრძელების შესახებ დაადასტურეს ჰაინრიხ ბიოლის ფონდშიც.
- ევროკავშირი საქართველოს მიმართ პოლიტიკის შეცვლას განიხილავს. რა შეიცვლება იანვარში?
- საქართველოში ოთხივე გერმანული ფონდის საქმიანობა შეჩერებულია. ALDE ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდებს
- “საქართველო: ახალი კანონები დამოუკიდებელ სამოქალაქო ორგანიზაციებს ანადგურებს“ — HRW-ის ანგარიში
ფონდების პრობლემები, საქართველოში არ განიხილება, ვიწრო კონტექსტში – როგორც რეპრესიული კანონმდებლობის შედეგი. ეს საქართველო – გერმანიის ჩიხში შესული ურთიერთობების ნათელი მაგალითია.
გერმანია, საქართველოს ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერი და გულშემატკივარი ქვეყანაა, დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე წლებიდან. ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები უარესდება.
განსაკუთრებული კრიზისი 2024 წლიდან დაიწყო. საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერებაზე, რეპრესიული კანონების მიღებას საპროტესტო აქციების დარბევას, გერმანიის მთავრობის მკვეთრი კრიტიკა მოჰყვა.
ამ კრიტიკას, საქართველოს ხელისუფლებამ გერმანიის ელჩის და ზოგადად, ქვეყნის ლანძღვით უპასუხა. საპასუხოდ, გერმანიამ სავიზო შეზღუდვები დაუწესა „ქართული ოცნების“ ზოგიერთ წარმომადგენელს. შეჩერდა საქართველოს მთავრობასთან დაგეგმილი 237 მილიონი ევროს ღირებულების განვითარების პროექტებიც.
გერმანია, საქართველოს ევროპულ გზაზე, მხოლოდ პარტნიორი ქვეყანა არ არის. ის ევროკავშირის შიგნით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მონაწილეა. შესაბამისად, ქართულ-გერმანული ურთიერთობების გაუარესება მხოლოდ დიპლომატიურ უთანხმოებას არ ნიშნავს.
რას საქმიანობდნენ საქართველოში გერმანული ფონდები
ოთხივე გერმანული ფონდი საქართველოში 2000-იანი წლების დასაწყისიდან მუშაობდა. მათი მიზანი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება იყო.
ფონდები მუშაობდნენ სამთავრობო უწყებებთან, სამოქალაქო სექტორთან, ახალგაზრდებთან, მკვლევრებთან, ქალებთან, უმცირესობათა ჯგუფებთან. მათი საქმიანობა ბევრ მიმართულებას მოიცავდა. ამ ფონდებს ქვეყანაში ათეულობით პროექტი აქვთ განხორციელებული. მათი ბენეფიციარი ასობით ადამიანი იყო.
დეა მეტრეველი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა “წიგნის ცენტრს”. ეს სახელმწიფო დაწესებულებაა.
დეა ამბობს, რომ გერმანული ფონდებს დახმარების გარეშე მათ ძალიან გაუჭირდებოდათ მოხვედრა, მაგალითად, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. ეს მსოფლიოში უდიდესი წიგნის ბაზრობაა და იქ საქართველოს, ქართველი ავტორების მოხვედრა, თავის დროზე, დიდი მიღწევა იყო:
“2018 წელს, როდესაც ამ ბაზრობისთვის ვემზადებდით, ამ ფონდებს უკვე მომზადებული ჰქონდათ ნადაგი ჩვენი იქ წარდგენისთვის. ხელს გვიწყობდნენ სხვადასხვა აქტივობის, ღონისძიების ორგანიზებაში. ეს უდიდესი წარმატება დიდწილად ამ ფონდებთან თანამშრომლობის დამსახურება იყო.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი გიორგი ბუტიკაშვილი “კონრად ადენაუერის ფონდის” სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობაში 12 წელი მუშაობდა პროგრამების მენეჯერად.
იგი გვიყვება, რა ვერ შეიქმნებოდა საქართველოში, მაგალითად, ამ ფონდის მხარდაჭერის გარეშე. იხსენებს ერთობლივ ქართულ-აფხაზურ პროექტებს, რელიგიური კონფესიების დიალოგს. ამბობს, რომ ყველა მიმართულებაში, ყველა პროექტში, ჩართული იყვნენ სახელმწიფო უწყებები:
“როდესაც, მაგალითად, აფხაზებთან იწყებოდა პროექტები, ყველაფერი შერიგების სამინისტროსთან თანხმდებოდა. სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე იგეგმებოდა. გერმანია თავის ინტერესს კი არ ატარებდა, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესი რა იყო, იმას ახორციელებდა. იმ რესურსს, რაც სახელმწიფოს არ ჰქონდა, გერმანიის მთავრობა დებდა”.
დეა მეტრეველს აფხაზებთან დაკავშირებული კონკრეტული პროექტიც ახსოვს. იგი ყვება, რომ ერთ-ერთი ბოლო პროექტი, რომელიც “ადენაუერის ფონდის” დახმარებით გაკეთდა, თანამედროვე ქართველი და აფხაზი ქალი მწერლების ერთობლივი კრებული იყო ქართულ და აფხაზურ ენებზე:
“წარმოიდგინეთ – ერთ წიგნში ერთად არის წარმოდგენილი ოთხი თანამედროვე ქართველი ქალი და ოთხი თანამედროვე, სოხუმში მცხოვრები აფხაზი მწერალი. მათ ერთად იმუშავეს ერთი წლის განმავლობაში, გამოცემის კონცეფციაზე ერთად იმსჯელეს, დამეგობრდნენ”.
წლების განმავლობაში, სხვადასხვა დროს, ოთხივე გერმანულ ფონდთან თანამშრომლობდა “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია” (SOVLAB). ორგანიზაციის მკვლევარი, ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ ამ ფონდების დახმარებით შეძლეს გამოეცათ მთელი რიგი პუბლიკაციები საბჭოთა რუსულ ოკუპაციასა და ტერორზე, ისტორიაზე, უამრავი ადამიანის ხვედრზე:
“ფაქტობრივად, 2012 წლიდან სახელმწიფოს ჰქონდა ასეთი პასიურ-აგრესიული პოლიტიკა, რომ თვითონ არანაირი მეხსიერების პოლიტიკის დღის წესრიგი არ გააჩნდა. პირიქით, ფართოდ ჰქონდა კარი გახსნილი რუსული დეზინფორმაციისთვის. შემდეგ უკვე, 10-იანი წლების მიწურულიდან, აგრესიულ ფაზაზე გადავიდნენ. ეს იყო შეტევები ჩვენზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, არქივების ჩაკეტვა. და ამ პირობებში, ჩვენ, ფაქტობრივად, მხოლოდ ამ ფონდების წყალობით ვმუშაობდით.
ჩვენ ვქმნიდით, ვაკომპენსირებდით იმ ვაკუუმს, რასაც რუსული რეჟიმი ქმნიდა მეხსიერების, თანამედროვე ისტორიის კვლევის და სწავლების სფეროში. ეს არ იქნებოდა, რომ არა ამ პარტნიორების მხარდაჭერა და დახმარება.
გარდა ასეთი ფონდების საქმიანობისა ქვეყნის შიგნით, გერმანიის მთავრობის დახმარებით, საქართველოდან ასობით ახალგაზრდა იღებდა უმაღლეს განათლებას გერმანიაში. მამუკა ანდღულაძე, “მედიის ადვოკატირების კოალიციის” თავმჯდომარე, გერმანული პროგრამა DAAD-ის დაფინანსებით იგი გერმანიაში მედია სამართლის დოქტორი გახდა.
“ჩემთვის, მაგალითად, როგორც ერთ-ერთი სტიპენდიანტისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ გერმანიაში სწავლის შესაძლებლობა მომეცა. ასეთი შესაძლებლობა უამრავ ახალგაზრდას ჰქონდა. სად მიდიოდა მერე ეს ცოდნა? შენს ქვეყანაში ბრუნდებოდა. იღებ განათლებას და ბრუნდები, რათა შენს ქვეყანაში ააშენო უკეთესი ინსტიტუციები, უკეთესი სასამართლო. გქონდეს უკეთესი არჩევნები”.
რატომ არ არის ფონდების პრობლემა ვიწრო საკითხი
თინა ხიდაშელი, “ქართული ოცნების” მთავრობის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, “სამოქალაქო იდეის” ხელმძღვანელი, ამბობს, რომ გერმანული ფონდების პრობლემა არ უნდა დავინახოთ მხოლოდ, როგორც რეპრესიული კანონმდებლობის შედეგი.
“ეს გერმანიასთან გაუარესებული ურთიერთობების პირველი თვალსაჩინო მაგალითია. ეს არის მაჩვენებელი, რომ რაღაცნარად, დავრეგისტრირდით რუსულ ზონაში“, – ამბობს იგი და გერმანია-საქართველოს ისტორიულ ურთიერთობებზე საუბრობს.
მისი თქმით, გერმანია, ისტორიულად, პირველი რესპუბლიკიდან მოყოლებული, იყო ერთგვარი საყრდენი ქართული სახელმწიფოს განვითარებისთვის. ქართული სახელმწიფოებრიობა სწორედ გერმანულ კანონმდებლობაზე, გერმანულ სამართალზე, ინსტიტუციურ მოწყობაზეა დაფუძნებული. და, ეს არ არის შემთხვევითი:
“ბუნებრივია, ყველა თაობის ქართველი პოლიტიკოსები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ გერმანიასთან ურთიერთობას. ახლა რაღაც გამონაკლის მდგომარეობაში აღმოვჩნდით“.
გიორგი ბუტიკაშვილისთვის ეს არის ნათელი დადასტურება საქართველოში ავტოკრატიის გამტკიცების მცდელობისა:
“ფონდების გაუქმება იყო ბოლო ეტაპი რუსეთშიც, ბელორუსშიც, აზერბაიჯანშიც, როდესაც მათ გადაწყვიტეს საბოლოო ავტოკრატიის კონსოლიდაცია. ეს არის სიმპტომი, რაც ახასიათებს ავტოკრატიულ რეჟიმებს. 2022 წლამდე მაქსიმალურად ცდილობდა ოთხივე ფონდი რუსეთში ყოფილიყვნენ, მაგრამ ჯერ „ბიოლის ფონდი“ გამოცხადდა საფრთხედ. მერე დანარჩენი ფონდები და ბოლოს „ადენაუერის ფონდიც“ გააძევეს. ეს ასე სრულდება ხოლმე”, – ამბობს გიორგი ბუტიკაშვილი.
რას ნიშნავს თბილისისთვის პრობლემები ბერლინთან?
კრიზისული ურთიერთობები გერმანიასთან, ირაკლი ხვადაგიანისთვის ნიშნავს საქართველოს დარჩენას რკინის ფარდის მიღმა:
“ ეს არის გაგრძელება იმ იმპერიული, აგრესიული პოლიტიკის, რასაც რუსეთი აწარმოებდა, მათ შორის, საბჭოთა პერიოდში. მისი გავლენის სფერო, მისი ტერიტორია, როგორც ის უყურებს, ფაქტობრივად, ევროპის და აზიის კონტინენტის დიდ ნაწილს, თუ მეტს არა, უნდა იყოს რკინის ფარდის შიგნით. არანაირი გავლენა, არანაირი კავშირი, არანაირი თანამშრომლობა”
თინა ხიდაშელი არ ფიქრობს, რომ გერმანია “ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის განსაკუთრებული სამიზნე იყო. იხსენებს რა, როგორი რიტორიკა აქვთ სხვა, ევროპული ქვეყნების მისამართითაც. თუმცა, მისთვის ეს საშიში ნიშნულია.
“არ ვიცი, ვინმეს თუ შეუძლია ახლა თქვას, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რას ფიქრობს ბერლინი თბილისზე, ან რა ტიპის ურთიერთობები გვექნება მასთან. ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომელიც დიდი შვიდეულის წევრია. ქვეყანაზე, რომელიც არის ყველაზე ძლიერი ეკონომიკურად, თუ ნებისმიერი სხვა პარამეტრით. გარდა ამისა, ბრექსიტის შემდეგ გერმანია გახდა ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე ევროკავშირში. ყველაზე ანგარიშგასაწევი მსოფლიოს მასშტაბით, როდესაც საქმე ევროპულ პოლიტიკას ეხება”, – ამბობს იგი.
ხიდაშელი იხსენებს, როგორ დაბლოკა 2008 წელს გერმანიამ საქართველოს სვლა ნატოსკენ. როგორ შეაჩერა ეს მისმა თავშეკავებამ. ამიტომ, ლოგიკური და ბუნებრივი იყო, როდესაც მთელი სახელმწიფო პოლიტიკა, ყოველთვის, ბერლინთან ურთიერთობების აწყობა-დალაგებაზე გადიოდა.
“გერმანიის ვეტო, გერმანიის წინააღმდეგობა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გაფართოების რომელიმე ტალღაში მოხვედრის შანსი კი არა, საერთოდ რაიმე ტიპის სერიოზული ურთიერთობების აწყობის შანსი არ გვაქვს, არც ევროკავშირთან და არც ნატოსთან”.
ჩიხური ურთიერთობები გერმანიასთან, საქართველოში განვითარდა იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის პირველი პირების პროფესიული და კარიერული ნაბიჯები, სწორედ გერმანიასთან არის დაკავშირებული.
შალვა პაპუაშვილი, ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე, 2003-2020 წლებში გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებასა (GTZ) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში (GIZ) მუშაობდა, მათ შორის საქართველოს გუნდის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიაში, დიუსელდორფის ჰაინრიხ ჰაინეს უნივერსიტეტში მოიპოვა სამართლის დოქტორის ხარისხი.
„ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა წევრმა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ კი, თავის დროზე სწორედ კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდიით ისწავლა გერმანიაში. 2003 წელს, ამ ფონდის დაფინანსებით, ის ჰანოვერის უნივერსიტეტში ევროპისმცოდნეობის მაგისტრი გახდა.
თინა ხიდაშელისთვის ხელისუფლების წევრების კავშირები გერმანიასთან, არის მთავარი მიზეზი, რამაც აქამდე მიგვიყვანა:
” ივანიშვილი მათგან ითხოვდა “დალაგებას” გერმანიასთან, რაც ვერ მოახერხეს. და ეს შემდგომ აგრესიულ რიტორიკაში გადაიზარდა“, – ამბობს იგი და დასძენს:
” თუ გინდა რამეს მიაღწიო ევროკავშირის, ან ნატოს თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბერლინი თბილისის მხარეს იყოს. სხვანაირად ეს არ გამოდის. მაგრამ, ყველაფერი გასაგებია – ზუსტად ეს უნდა “ქართულ ოცნებას”. ეს არის ამოცანა – დაკარგული შესაძლებლობა ევროპულ ინტეგრაციაში და საბოლოოდ, გამოყვანა ისე, რომ არაფერი მათი ბრალი არ არის”.
საქართველო-გერმანიის კრიზისული ურთიერთობები