მამუკა მამულაშვილი: ფარცხალაძე პასუხს მიიღებს იქ, სადაც საჭიროა
მამუკა მამულაშვილი ფარცხალაძეზე
უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაურის, მამუკა მამულაშვილის განცხადებით, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე რუსული სპეცსამსახურების დირექტივას ასრულებს, ხოლო მისი, როგორც სამხედრო პირის ღირებულება ნულის ტოლია.
მამულაშვილის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძე შეეცდება რუსეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველები თავის ავანტიურაში – უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაითრიოს, თუმცა მისი წარმატება საეჭვოა, რადგან ფრონტის ხაზზე მას რუსეთის მხარეს მებრძოლი ძალიან ცოტა ქართველი, ისიც დაღუპულები ხვდება.
საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძვის, რუსულ პროპაგანდისტულ მედიას განუცხადა, რომ უკრაინის მხარეს მებრძოლი “ქართული ლეგიონის” წევრები “ომის დამნაშავეები არიან” და პასუხს რუსეთის კანონმდებლობით აგებენ.
მანამდე, 7 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ ომში საბრძოლველად შექმნილ საერთაშორისო დანაყოფს, “გეორგიევსკის” უხელმძღვანელებს.

მამუკა მამულაშვილი: “ფარცხალაძე პასუხს მიიღებს იქ, სადაც საჭიროა და გარწმუნებთ, რომ არ დავაყოვნებ პასუხის გაცემას. ის მიხვდება, რომ სულ ტყუილად წამოიწყო კამპანია „ქართული ლეგიონის“ წინააღმდეგ. არცერთ გამონათქვამს, მითუმეტეს სერგო ორჯონიკიძის შთამომავლობისგან, ჩვენ არ დავტოვებთ უპასუხოდ.
რაც შეეხება თავად „ქართულ ლეგიონს“, თქვენ გესმით, რომ ასეთი დიდი წნეხის ქვეშ, რომლის ქვეშაც „ქართული ლეგიონია“, არასდროს ყოფილა არცერთი დანაყოფი, თავად უკრაინული დანაყოფებიც კი. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე ძველი დანაყოფი უკრაინულ სამოხალისო დანაყოფებთან შედარებითაც. იდეოლოგიურადაც რუსეთს არ მოსწონს, რომ ამ რაოდენობის ქართველები იბრძვიან უკრაინის მხარეს და, შედეგად, 12 წელზე მეტია, გვებრძვის ინფორმაციულადაც, ფიზიკურადაც.
რადგან ვერ შეძლეს „ქართული ლეგიონის“ ფიზიკური განადგურება, ახლა შეეცადნენ, შეექმნათ რაიმე საპირწონე და ჩამოეყალიბებინათ კიდევ ერთი ქართული დანაყოფი, რომელიც ვითომდა იბრძოლებს რუსეთის მხარეს. სინამდვილეში, ეს არის საქართველოს დისკრედიტაციის მცდელობა, ეს არის მცდელობა ,საქართველო ჩაითრიონ იმ სანქციების ქვეშ, რა სანქციების ქვეშაც იმყოფება რუსეთი და ამისთვის იყენებენ რუსებს ქართული გვარებით, რომლებიც რუსეთს ტერიტორიაზე იმყოფებიან და ლაპარაკობენ რაღაც სისულელეს, რომ „ქართული ლეგიონი“ უნდა გასამართლდეს რუსეთის კანონებით.
„ქართული ლეგიონი“ რუსეთში 2022 წელს ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარეს. ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, რადგანაც „ქართულმა ლეგიონმა“ ძალიან დიდი ზარალი მიაყენა რუსეთის ფედერაციას. ვხედავთ, რომ ეს სადეზინფორმაციო მანქანა საკმაოდ გაძლიერებულია, ასევე გაძლიერებულია ჩვენზე ფიზიკური განადგურების შემთხვევები, თავდასხმები. პირადად ჩემზე შვიდი თავდასხმა მოხდა და სამი მოწამვლის მცდელობა იყო და უშიშროების სამსახურის დახმარებით ბევრი რამის გადალახვა შევძელით.
ეს არის რუსული სპეცსამსახურების დირექტივა, რომელსაც ფარცხალაძე ასრულებს იმიტომ, რომ ფარცხალაძე რომ ავიღოთ, როგორც სამხედრო პირი, ამ სფეროში მისი ღირებულება არის ნული. მე არ მგონია, რომ ამ ადამიანმა იცის, იარაღი რომელი მხრიდან ისვრის. ჯერ ეგ უნდა ისწავლოს, სანამ ბატალიონს ჩამოაყალიბებს, მაგრამ აქ საუბარი ამაზე არ არის. აქ საუბარია დატვირთვაზე და იმაზე, თუ საით მიჰყავთ ეს ყველაფერი.
დიდი ალბათობით, მას მისცეს ბრძანება, რომ დააფინანსოს და შექმნას კიდევ ერთი ბატალიონი, ის კი ეცდება, ამ ავანტიურაში ჩაითრიოს ქართული გვარების მქონე პირები, ვინც რუსეთში ცხოვრობენ. ეს რამდენად გამოუვა, არ ვიცი, რადგან ამ 12 წლის მანძილზე ძალიან ცოტა ქართველი შემხვედრია და ისინიც დაღუპულები შემხვედრია ფრონტის ხაზზე.
დიდი ალბათობით, ის რუსებით იქნება დაკომპლექტებული, ერქმევა „გეორგიევსკი“ ან რაღაც სხვა, ეყოლებათ რამდენიმე ქართულად მოსაუბრე, ვინც ილაპარაკებს, რომ ეს დანაყოფი ძირითადად დაკომპლექტებულია ქართველებით და, სავარაუდოდ, ამ ტიპის სადეზინფორმაციო ნაწილთან გვექნება შეხება.“
ქართული ლეგიონი უკრაინის მხარეს მებრძოლი მოხალისეთა დანაყოფია. 2024 წლის ივნისში რუსეთის სასამართლომ ის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და ქვეყანაში აკრძალა. ლეგიონი აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეიქმნა. მისი მეთაურია პოლკოვნიკი მამუკა მამულაშვილი.
2016 წლის თებერვალში ქართული ლეგიონი ოფიციალურად შეუერთდა უკრაინის 25-ე მოტოქვეითთა ბატალიონს და ამჟამად უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ექვემდებარება.
ქართული ლეგიონი, რომლის რიგებშიც ქართველი მოხალისეების გარდა სხვა ეროვნების წევრებიც იბრძვიან, დღეისთვის 2000-მდე სამხედროს აერთიანებს.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაური ძებნილთა სიაში 2023 წლის 5 ოქტომბერს შეიყვანა. მამუკა მამულაშვილი აღნიშნულს გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში დაწერა: “საოცარია, როგორ გაუსწრეს (ქართულ) ოცნებას”.