სიმონიანის და სოლოვიოვის "შეურაცხყოფის" გამო შსს-მ ქართველ ბლოგერზე საქმე აღძრა
სიმონიანის და სოლოვიოვის “შეურაცხყოფა”
სამოქალაქო აქტივისტი და ბლოგერი თორნიკე რაზმაძე აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოში იბარებს დასაჯარიმებლად ან ადმინისტრაციული წესით დასაკავებლად, იმის გამო, რომ კრემლის პროპაგანდისტებს, მარგარიტა სიმონიანს და ვლადიმირ სოლოვიოვს შეაგინა ერეკლე მეფის შეურაცხყოფისთვის.
აქტივისტის ცნობით, საქმე ეხება რამდენიმე კვირის წინ მის მიერ განთავსებულ ვიდეოს, რომელშიც რუსი პროპაგანდისტები ერეკლე მეორეზე საუბრობენ და მას მუხლებზე მფორთხავ მეფეს უწოდებენ.
კონკრეტულად კი საუბარია პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანის განცხადებაზე, სადაც ის ამბობდა, რომ ერეკლე მეფე “მუხლებზე დაჩოქილი” ეხვეწებოდა რუსებს დახმარებისთვის. რაზმაძის თქმით, სწორედ ამის გამო შეაგინა მას და ვლადიმირ სოლოვიოვს.
„არ დაიჯერებთ, რის გამო აღძრეს საქმე და მიბარებენ სასამართლოში, რათა ან დამაპატიმრონ ან უზარმაზარი ჯარიმა გამომიწერონ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მედავება იმას, რომ რუს პროპაგანდისტებს, მარგარიტა სიმონიანს და ვლადიმერ სალავიოვს რატომ მიაყენე შეურაცხყოფა და რატომ აგინეო.
საქმე ეხება ჩემს მიერ რამდენიმე კვირის წინ განთავსებულ ვიდეოს: მარგარიტა სიმონიანი დგას სხვა რუსი პროპაგანდისტების გარემოცვაში და დაგვცინის ქართველებს, პირველ რიგში, ერეკლე მეორეს და ასეთ რაიმეს ამბობს: როგორც ერეკლე მეორე მოვიდაო და „გეორგიევსკის ტრაქტატით“ რუსებს მუხლებზე დამდგარი გვეხვეწებოდა მფარველობის ქვეშ მიღებას, სხვა ქართველებიც, ახალი „ირაკლებიც“ ასე მოვლენ და მუხლებზე დამდგარი მოფორთხდებიან და შეგვეხვეწებიან მფარველობის ქვეშ მივიღოთო. ამაზე იყო ჩემი პასუხი: „ერთი თქვენი დედაც „ნაკალენიახ“-მეთქი.
ახლანდელი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეურაცხყოფაც არის ეს. ახლა აღარ არის ერეკლე პაპა დასაცავი?! ეს არ იყო მისი შეურაცხყოფა?! ამაზე მეტი შეურაცხყოფა სად მოგისმენიათ, როდესაც რუსი პროპაგანდისტები უწოდებენ მუხლებზე მფორთხავ მეფეს და ღლიცინებენ. თურმე, როგორ დავწერე კომენტარი ეს უნდა გაირჩეს სასამართლოზე, დამიჭერენ თუ დამაჯარიმებენ. ეს არაა პრობლემა, პრობლემაა გზავნილი, რასაც „ქართული ოცნება“ გვიგზავნით, თურმე რუსი პროპაგანდისტებისთვის შეურაცხმყოფელი რაღაცების თქმა არ შეიძლება“,- ამბობს თორნიკე რაზმაძე.
ატივისტმა საქართველოს სახალხო დამცველსაც მიმართა:
“თქვენგან არ ვითხოვ არც დაცვას და არც თანადგომას, ერთი მარტივი მოთხოვნა მაქვს – დააფიქსირეთ პოზიცია ჩემ წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით. უბრალოდ თქვენი პოზიციის მოსმენა მინდა.”
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტო რაზმაძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას ედავება, რაც გულისხმობს საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას და ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 3000 ლარამდე ან პატიმრობას 20 დღემდე ვადით

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილმა სამმართველომ (ე.წ. “სქროლვა-სინვის” სააგენტო) ფუნქციონირება 1 ივნისს დაიწყო. უწყების განცხადებით, სამმართველოს მთავარი ამოცანა, საჯარო სივრცეში გავრცელებული, ადამიანის ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი განცხადებების გამოვლენა იქნება. რომლებიც, შესაძლოა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს მოიცავდეს.
მას შემდეგ, რაც მონიტორინგი დაიწყო ათობით ადამიანი დაჯარიმდა, ხოლო „ფორმულას“ ტელეწამყვანი, ჟურნალისტი ვახო სანაია პირველი იყო, რომელსაც ორკვირიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ფეისბუქ პოსტისთვის 1-თვიანი პატიმრობა შეეფარდა აქტივისტ გიორგი ახობაძესაც.