ლაზარე ჯორბენაძეზე საჯარო განცხადებების გამო პოლიტიკოსები გამოკითხვაზე დაიბარეს
ლაზარე ჯორბენაძის საქმე
ლაზარე ჯორბენაძეზე საჯარო განცხადებების გამო პოლიტიკოსები გამოკითხვაზე დაიბარეს.
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, 2026 წლის 4 აპრილს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებითა და გარდაცვლილის ოჯახის წევრებისა თუ მეუღლის გამოკითხვის საფუძველზე, ამ ეტაპზე უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი.
მიუხედავად ამისა, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხებიან ირაკლი ღარიბაშვილი, ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი, გიორგი ლილუაშვილი, ზაზა დავითაია და ერმილე ნემსაძე.
რა მოხდა
1 სექტემბერს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან მორიგი წერილი გაავრცელა და ხელისუფლების წარმომადგენლებს ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდა.
ღარიბაშვილის განცხადებით, ჯორბენაძე, რომელიც ყოფილი უფლებადამცველი იყო და ირაკლი კობახიძის მიმართ კრიტიკული პოზიციებით გამოირჩეოდა, ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის მიერ მომზადებული სტატიის რესპონდენტი იყო. მისი თქმით, აღნიშნული სტატიის გამოქვეყნებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ჯორბენაძემ თავი მოიკლა.
ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ საზოგადოებას უნდა მიეწოდოს პასუხი კითხვაზე, რა გახდა ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი. ამასთან, ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ თავად გაზეთი „ასავალ-დასავალი“ ჯორბენაძის გარდაცვალების შემდეგ საჯაროდ აყენებდა ეჭვქვეშ თვითმკვლელობის ვერსიას.
მისივე თქმით, საკითხის შესახებ საჯაროდ საუბარი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მიმდინარე წლის თებერვალში ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მისთვის გაგზავნილი წერილის შინაარსი სხვა გარემოებებს დაუკავშირა.

ღარიბაშვილის განცხადებით, 12 თებერვალს, ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის დავალებით, მას გადაეცა 2026 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც დიტო ჩუბინიძე ლაზარე ჯორბენაძეს ესაუბრებოდა. მისი თქმით, სტატია ძირითადად კობახიძის კრიტიკასა და მის მიმართ გამოთქმულ მძიმე ბრალდებებს ეხებოდა.
ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ მასთან გაგზავნილ შეტყობინებაში გამოთქმული იყო ეჭვი, თითქოს სტატიის უკან თავად ღარიბაშვილი იდგა.
„გადმომცეს პრეტენზიული გზავნილი, რომელშიც გამოთქმული იყო აბსოლუტურად ცრუ აღქმაზე დაფუძნებული ეჭვი, ხომ არ ვიდექი მე ხსენებული სტატიის უკან“, — წერს ღარიბაშვილი.
მისი განცხადებით, მან მსგავსი ბრალდება კატეგორიულად უარყო და ხელისუფლების წარმომადგენლებს განუცხადა, რომ მსგავსი ტიპის „შეკვეთილი სტატიები“ მისთვის დამახასიათებელი არ იყო.
რას ამბობენ პოლიტიკოსები
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე სასამართლოში გამოცხადდება. მისი თქმით, შექმნილ სისტემაზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება, რის გამოც საგამოძიებო უწყებებმა ისიც უნდა გამოჰკითხონ.

„ბიძინა ივანიშვილი არის შემოქმედი იმ სისტემის, რომელშიც ადამიანები სკამის, ფულის გამო ერთმანეთს ადებენ ხელს, ერთმანეთზე აძლევენ ჩვენებებს, ყველაფერს კადრულობენ და რა თქმა უნდა, კორუფციაში არიან ჩაფლულები. ამიტომ, გამოკითხვაზე დაიბარონ ბიძინა ივანიშვილი, კობახიძე, მდინარაძე და ყველა ის ადამიანი, ვინც ფულის გამო ყველანაირ სიბინძურეს კადრულობს. რაც შეეხება ამ გამოკითხვას, გასაგებად ვუთხარი, რომ მივალ სასამართლოში“, — განაცხადა დეკანოიძემ.
პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებით, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე მისი გამოკითხვაზე დაბარება გაუგებარია, რადგან მას გარდაცვლილის შესახებ კონკრეტული კომენტარი არ გაუკეთებია და მისი არსებობის შესახებაც მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ შეიტყო.

„ჯორბენაძის არსებობა საერთოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გავიგე. მე ჯორბენაძეზე კონკრეტულად კომენტარი არ გამიკეთებია, ზოგადად ვილაპარაკე თვითმკვლელობებზე, სადაც არსებობს კითხვები. აქ ახლა მე კი არ უნდა ვიდგე, უნდა იდგნენ კობახიძე და მდინარაძე, რადგან მათ დაადო ხელი ღარიბაშვილმა, მაგრამ მათ კი არ იბარებენ, მე მიბარებენ და ახლა ეს ხომ ტრაგიკომედიაა და მეტი არაფერი“, — განაცხადა გია ხუხაშვილმა.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გამოკითხვისას გამომძიებლებს მისთვის სხვა თემებზე კითხვები არ დაუსვამთ. გვარამიას თქმით, საქმეზე ორი სავარაუდო სცენარი იკვეთება, საიდანაც ერთი პოლიტიკური პროპაგანდაა, ხოლო მეორე ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ ახალი ბრალის წაყენება.

„მეორე იქნება ღარიბაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენა, ცრუ დასმენის მუხლით, ამაში დარწმუნებული ვარ. რამდენადაც ვიცი, ახლა ჰკითხავენ მას ციხეში, იქ არიან გამომძიებლები. თვითონაც უნდა აწუხებდეთ ასეთი ბრალდება მდინარაძესა და კობახიძეს, თუ მართლები არიან, თუმცა ღარიბაშვილმაც უნდა გააკეთოს დამატებითი განმარტებები“, — განაცხადა გვარამიამ გამოკითხვის დასრულების შემდეგ.