"საქართველო: ახალი კანონები დამოუკიდებელ სამოქალაქო ორგანიზაციებს ანადგურებს“ — HRW-ის ანგარიში
HRW-ის ანგარიში
საერთაშორისო უფლებადაცვითმა ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა საქართველოს შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც შეფასებულია, როგორ გააძლიერა ხელისუფლებამ 2024 წლიდან დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აქტივისტების მიმართ ზეწოლა.
ანგარიშის თანახმად, ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა დამოუკიდებელი ორგანიზაციების საქმიანობა და მათი დაფინანსების შესაძლებლობები.
ანგარიშში სათაურით – “საქართველო: ახალი კანონები დამოუკიდებელ სამოქალაქო ორგანიზაციებს ანადგურებს“ – ვკითხულობთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს დამოუკიდებელი საზოგადოებრივი საქმიანობის საფრთხედ აღქმა.
საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორმა, ჰიუ უილიამსონმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიზანი კრიტიკული ხმების ჩახშობა და ძლიერი, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების დასუსტებაა:
“საქართველოს ხელისუფლების მიზანი კრიტიკული ხმების ჩახშობა და ქვეყნის ძლიერი, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების განადგურებაა და ამ მიზნის მიღწევაში ის საგანგაშო პროგრესს აღწევს. ქმნის ისეთ სისტემას, რომელშიც დამოუკიდებელ ორგანიზაციებს აღარ შეუძლიათ უსაფრთხოდ ფუნქციონირება, დაფინანსების შენარჩუნება და იმ საზოგადოებების მხარდაჭერა, რომლებსაც ისინი სჭირდებათ და რომლებიც მათზე წლების განმავლობაში იყვნენ დამოკიდებული.”
ანგარიშის მიხედვით, ხელისუფლება საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე ზეწოლას ახორციელებს უცხოური დაფინანსების კონტროლისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გზით.
Human Rights Watch აღნიშნავს, რომ ახალი კანონებით უცხოური დაფინანსება სახელმწიფოს მკაცრ კონტროლს ექვემდებარება, შემოღებულია “უცხოური აგენტის“ სტატუსი, ხოლო დამოუკიდებელ ორგანიზაციებსა და აქტივისტებს მძიმე სანქციები, მათ შორის ჯარიმები და თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს კრიტიკული ხმების ჩახშობისთვის შექმნილი სამართლებრივი მექანიზმები და უზრუნველყოს გარემო, სადაც დამოუკიდებელი ორგანიზაციები, მედია და აქტივისტები საქმიანობას ხელისუფლების ჩარევის გარეშე შეძლებენ.
ამასთან, Human Rights Watch საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, სანქციებისა და სხვა მექანიზმების გამოყენებით რეაგირება მოახდინონ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და გააძლიერონ დამოუკიდებელი ქართული ორგანიზაციების მხარდაჭერა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ სამოქალაქო სექტორისა და მედიის წინააღმდეგ საკანონმდებლო კამპანია 2024 წლიდან დაიწყო. Human Rights Watch-ის ინფორმაციით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მედიასთან თანამშრომლობის გამო აქტივისტებისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ გამოძიებები დაიწყო, ხოლო 12 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღებამ მათი საქმიანობა პრაქტიკულად შეაჩერა.
ანგარიშის მოსამზადებლად Human Rights Watch-მა 15 ქართველი აქტივისტი, იურისტი და არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გამოკითხა. მათი თქმით, ქვეყანაში შექმნილმა გარემომ გამოიწვია თვითცენზურის ზრდა, თანამშრომლების გადინება, ფინანსური პრობლემები და ისიც, რომ მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები დახმარებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებს სულ უფრო იშვიათად მიმართავენ.
ორგანიზაციამ ასევე შეისწავლა ახალი კანონები, მათი აღსრულების პრაქტიკა და შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტები. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად HRW-მა ოფიციალური წერილებით სახელმწიფო უწყებებს მიმართა. ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან ნაწილობრივი ინფორმაცია მიიღო, გარკვეული მონაცემები კი საქართველოს მთავრობამაც მიაწოდა.
ანგარიშში დეტალურად არის განხილული 2024 წელს მიღებული ე.წ. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც უცხოური დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციებს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად“ რეგისტრაციას ავალდებულებს.
ასევე განხილულია 2025 წლის აპრილში მიღებული “უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონი, რომელიც, ორგანიზაციის შეფასებით, სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებს კიდევ უფრო აფართოებს და პრაქტიკულად ყველა იმ ორგანიზაციასა და პირს ეხება, ვინც უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობს.
ანგარიში ეხება “გრანტების შესახებ“ კანონშიც შეტანილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც უცხოელ დონორებს საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა სჭირდებათ გრანტების გასაცემად, ხოლო შესაბამისი ნებართვის გარეშე უცხოური დაფინანსების მიღება სისხლის სამართლის დანაშაულად განიხილება.
Human Rights Watch აღნიშნავს, რომ მისთვის ცნობილია რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ხელისუფლებამ დონორებს გრანტების დამტკიცებაზე უარი უთხრა. მათ შორის სახელდება 2025 წლის მუნიციპალური არჩევნების მონიტორინგისთვის გათვალისწინებული პროექტი, რომლის დაფინანსებასაც დიდი ბრიტანეთის საელჩო გეგმავდა. ანგარიშის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პროექტი საჯაროდ გააკრიტიკა და ბრიტანეთის საელჩო “ექსტრემიზმის, სიძულვილისა და პროპაგანდის“ დაფინანსებაში დაადანაშაულა.
ორგანიზაციის ცნობით, საქართველოს ხელისუფლებამ მას მიაწოდა ინფორმაცია, რამდენი საგრანტო პროექტი დამტკიცდა, რამდენს ეთქვა უარი და რამდენი რჩებოდა განხილვის პროცესში, თუმცა არ გაამხილა, რომელ პროექტებს დაუჭირა მხარი და რომელთა დაფინანსებაზე თქვა უარი.
ანგარიშში ასევე მოყვანილია “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” მიერ მომზადებული, თუმცა გამოუქვეყნებელი კვლევის შედეგები, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების 100 წარმომადგენელთან ჩატარებულ ინტერვიუებს ეფუძნება.
კვლევის მიხედვით, გამოკითხული ორგანიზაციების 96 პროცენტი მძიმე ფინანსურ პრობლემებს განიცდიდა, ხოლო 94 პროცენტს საქმიანობის შემცირება მოუწია. ნაწილმა მხოლოდ ძირითადი ფუნქციების შენარჩუნება შეძლო, ზოგიერთმა კი საქმიანობა სრულად შეწყვიტა.
Human Rights Watch-ის თანახმად, ახალი შეზღუდვების შედეგად “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” უფასო იურიდიული დახმარების პროგრამის შეჩერება მოუხდა.
ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეგიონულ ორგანიზაციებს. დოკუმენტის მიხედვით, თუ 2024 წელს საქართველოში 114 სათემო ორგანიზაცია ფუნქციონირებდა, 2025 წელს საქმიანობას მხოლოდ 37 აგრძელებდა, მათგან ბევრი კი დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე ერთ-ერთმა აქტივისტმა HRW-ს განუცხადა, რომ მისი ორგანიზაცია თავდაპირველად “უცხოური გავლენის“ კანონით რეგისტრაციას განიხილავდა, თუმცა გადაწყვეტილება შეცვალა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ იუსტიციის სამინისტრო ბენეფიციართა პერსონალური და სამედიცინო მონაცემების წარდგენას მოითხოვდა.
ანგარიშში ასევე მოყვანილია ქვიარ-ფემინისტური მედიაპლატფორმა Grlz Wave-ის დირექტორის შეფასება, რომლის თქმითაც, ორგანიზაცია “თვითცენზურის რეჟიმზე გადავიდა“, განსაკუთრებით კი ქვიარ თემატიკის გაშუქებისას.