ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია
8 ივლისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო, რომელიც ხელისუფლებას პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისკენ, სამოქალაქო თავისუფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმებისა და დემოკრატიული სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდებს.
რეზოლუცია, სახელწოდებით „საქართველოში არჩევნების კეთილსინდისიერებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის შესახებ“, ჰააგის დეკლარაციის ნაწილად იქცა.
დოკუმენტი ასამბლეის 33-ე ყოველწლიური სესიის დასკვნითი ტექსტია, რომელიც 4-8 ივლისს ნიდერლანდებში გაიმართა. სხდომას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, თუმცა მათ რეზოლუციისადმი პროტესტის ნიშნად ასამბლეის მუშაობა დატოვეს.
ძირითადი მოთხოვნები ხელისუფლების მიმართ
რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და გადახედოს ან გააუქმოს ის კანონები, რომლებიც, დოკუმენტის შეფასებით, ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო თავისუფლებებს ზღუდავს.
ასამბლეა ასევე ითხოვს 2024 და 2025 წლებში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას, ხოლო პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემას.
დოკუმენტი სასამართლო სისტემისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობის აღდგენის მიზნით რეფორმების განხორციელებასაც მოითხოვს. ამ პროცესში ხაზგასმულია ვენეციის კომისიისა და ODIHR-ის მონაწილეობა.
რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა ზეწოლისა და დაშინების გარეშე უნდა მიეცეს.
არჩევნებთან დაკავშირებული შეფასებები
ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს როგორც 2024 წლის საპარლამენტო, ისე 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.
დოკუმენტი ეყრდნობა ეუთო/ODIHR-ის შეფასებას, რომლის მიხედვითაც 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ამომრჩეველზე ზეწოლის, საჯარო მოხელეების შესაძლო დაშინებისა და კენჭისყრის ფარულობის დარღვევის ფონზე ჩატარდა.
რეზოლუციაში ასევე საუბარია 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე დაფიქსირებულ სავარაუდო დარღვევებზე, მათ შორის შესაძლო გაყალბებაზე, ხმების მოსყიდვაზე, ე.წ. „კარუსელით“ ხმის მიცემასა და ოპოზიციური დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლაზე.
კრიტიკა შემზღუდავი კანონების მიმართ
რეზოლუცია აკრიტიკებს ბოლო წლებში მიღებულ რამდენიმე კანონს, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ახალ ნორმებს.
დოკუმენტის ავტორების შეფასებით, აღნიშნული კანონები ზღუდავს მედიის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და სამოქალაქო საზოგადოებაზე „მსუსხავ ეფექტს“ ახდენს.
რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებამ და ხელისუფლების ხელში ძალაუფლების კონცენტრაციამ ქვეყანაში დე ფაქტო ერთპარტიული მმართველობის პირობები შექმნა, რაც, ასამბლეის შეფასებით, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას საფრთხეს უქმნის.
დოკუმენტი გმობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრაციების მონაწილეთა დაკავებისა და მათზე ზეწოლის შემთხვევებსაც.
მოწოდება საერთაშორისო საზოგადოებისადმი
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, არ აღიარონ საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგები, თუ მათ თავისუფალ და სამართლიან ხასიათს სანდო საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები არ დაადასტურებენ.
რეზოლუცია ასევე ითხოვს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის საერთაშორისო მონიტორინგის გაგრძელებას, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.