ნატოს ანკარის სამიტი საქართველოს გარეშე - რას ნიშნავს ქვეყნის არყოფნა უსაფრთხოების მთავარ ფორმატში
ნატოს ანკარის სამიტი საქართველო

7-8 ივლისს ანკარაში ნატოს ლიდერები ევროპის უსაფრთხოებაზე, თავდაცვის გაძლიერებასა და უკრაინის მხარდაჭერაზე მსჯელობენ.
თუმცა ამ დისკუსიებში საქართველო, რომელიც ორი ათეული წელია ალიანსში გაწევრიანებას საკუთარ სტრატეგიულ მიზნად აცხადებს, ოფიციალურად წარმოდგენილი არ არის.
ამან კიდევ ერთხელ გააჩინა კითხვა, რამდენად შეიცვალა საქართველოს ადგილი დასავლეთის უსაფრთხოების დღის წესრიგში.
საქართველო მთავარ დარბაზში აღარ არის
ანკარაში გამართულ ნატოს 36-ე სამიტზე ალიანსის 32 წევრი ქვეყნის ლიდერები შეიკრიბნენ. მათთან ერთად მიწვეული არიან ნატოს არაწევრი, პარტნიორი ქვეყნები – უკრაინა, იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, კატარი, ბაჰრეინი, ქუვეითი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და აზერბაიჯანი.
სამიტის დღის წესრიგი სამ ძირითად საკითხს მოიცავს. ესენია თავდაცვაში ინვესტიციების ზრდა, სამხედრო წარმოების გაძლიერება და უკრაინის მხარდაჭერა.
საქართველოს წარმომადგენლები არც სამიტის ოფიციალურ სხდომებში მონაწილეობენ და არც იმ ფორმატებში, სადაც პარტნიორ ქვეყნებთან პოლიტიკური კონსულტაციები ტარდება.
ქვეყანას ანკარაში მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი წარმოადგენს. ის მონაწილეობს ღონისძიებაში „მოკავშირეები ანკარაში“, რომელსაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატი და SETA ორგანიზებას უწევენ.
ეს ფორუმი ნატოს სამიტის პარალელურად მიმდინარეობს, თუმცა თავად ალიანსის ოფიციალური პროგრამის ნაწილი არ არის.
ხელისუფლება: ფორმატი შეიცვალა
საქართველოს ხელისუფლება ანკარის სამიტზე არმიწვევას პოლიტიკური იზოლაციის ნიშნად არ მიიჩნევს. მმართველი გუნდის განმარტებით, წელს ნატოს სამიტის პარალელურად პარტნიორ ქვეყნებთან ის ფორმატი აღარ ტარდება, რომელშიც საქართველო წინა წლებში მონაწილეობდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გია ვოლსკიმ ოპოზიციის შეფასებებს „პროპაგანდისტული კამპანია“ უწოდა.
მისი თქმით, ნატოს სამიტზე მხოლოდ ალიანსის წევრი ქვეყნები არიან მიწვეული, ხოლო პარტნიორები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფორმატში მონაწილეობენ.
„ადრე არსებობდა ფორმატი, რომლის ფარგლებშიც, ნატოს სამიტის პარალელურად, პარტნიორ ქვეყნებთან Side Event შეხვედრა იმართებოდა. ახლა ასეთი ფორუმი არ ტარდება. სამაგიეროდ, ამავე პერიოდში სტამბოლში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფორმატში შეხვედრა გაიმართება, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე გაემგზავრა და ხვალ სიტყვით გამოვა,“ – თქვა ვოლსკიმ.
მანვე უარყო შეფასება, რომ საქართველოს არმიწვევა დასავლელი პარტნიორების მხრიდან პოლიტიკური სიგნალია.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია ამბობს, რომ საქართველოს სამიტზე დასწრების პრობლემა არ აქვს, ხოლო არმიწვევაზე კითხვები ორგანიზატორებს უნდა დაუსვან:
„სამიტზე დასწრების არანაირი პრობლემა არ გვაქვს და რატომ არ ვართ წარმოდგენილები, ჰკითხეთ ორგანიზატორებს.“
საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ფორუმი, რომელშიც საქართველო მონაწილეობს – „მოკავშირეები ანკარაში“, ასევე მნიშვნელოვანი პლატფორმაა.
ის აერთიანებს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს და საქართველოსთვის დამატებითი შესაძლებლობაა საკუთარი პოზიციების წარმოსაჩენად.

„საქართველოს მოწვევა, მონაწილეობა, სამიტის პარალელურად გამართულ ამგვარ ღონისძიებაში ჩვენთვის ეს არის დამატებითი შესაძლებლობა საქართველოს პოზიციების შესახებ საუბრისთვის… ამ პლატფორმასაც ვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი გეოპოლიტიკური როლი, ჩვენი როლი რეგიონში და უფრო ფართო რეგიონში საუკეთესოდ იყოს წარმოჩენილი.“
ოპოზიცია: „საქართველო იმ მაგიდასთან აღარ ზის, სადაც რეგიონის მომავალი წყდება“
ოპოზიციური პარტიები და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები ანკარის სამიტზე საქართველოს არყოფნას ერთჯერად შემთხვევად არ განიხილავენ.
მათი შეფასებით, ეს არის ბოლო წლებში დასავლეთთან ურთიერთობების გაუარესების ლოგიკური შედეგი და იმის მაჩვენებელი, რომ საქართველო თანდათან ქრება იმ საერთაშორისო ფორმატებიდან, სადაც ადრე მუდმივად იყო წარმოდგენილი.
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქვეყანა არც ერთ იმ ფორმატში აღარ მონაწილეობს, სადაც შავი ზღვის რეგიონისა და საკუთარი უსაფრთხოების საკითხები განიხილება.
„პირველად ისტორიაში საქართველო არც ერთ იმ ფორმატში მიწვეული არ არის, სადაც ჩვენი რეგიონის, შავი ზღვის აუზის და ჩვენი სახელმწიფოს ბედი განიხილება.“
გეგელიას შეფასებით, პრობლემა მხოლოდ დიპლომატიური პრესტიჟი არ არის. მისი თქმით, საერთაშორისო ფორმატებიდან ქვეყნის გაქრობა პირდაპირ აისახება საქართველოს ეკონომიკურ და უსაფრთხოების ინტერესებზე.
„როდესაც შენ არც ერთ მაგიდასთან აღარ გხედავენ, ეს იმას ნიშნავს, რომ აღარ ხარ ინტერესის სფერო და გაფართოების დღის წესრიგის ნაწილი.
ეს პირდაპირ აისახება პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე და ყველაფერზე, რაც ადამიანს ქვეყანაში ადარდებს – არის ეს სტაბილურობა, განვითარება თუ ფასები.“
ოპოზიციური მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ წევრი გიორგი შაიშმელაშვილი კი ყურადღებას თავად სამიტის დღის წესრიგზე ამახვილებს.
მისი შეფასებით, ნატოსთვის დღეს მთავარი საკითხებია თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერება, სამხედრო ხარჯების ზრდა და უკრაინის მხარდაჭერა. სწორედ ამ მიმართულებებში, მისი თქმით, საქართველო საკუთარ პარტნიორებს ჩამორჩება.
„თუ გავითვალისწინებთ ანკარაში დაგეგმილი ნატოს სამიტის დღის წესრიგს და შევხედავთ მას, აღმოვაჩენთ, რომ ამ ფონზე საქართველოს არ მიწვევა სრულიად ბუნებრივია, იმიტომ, რომ დღის წესრიგში არის სამი მთავარი საკითხი.
ეს არის სამხედრო ინდუსტრიული ბაზის გაძლიერება, ეს არის თავდაცვის ბიუჯეტების ზრდა, ეს არის უკრაინის მხარდაჭერა… ყველა ამ სამ პუნქტში ჩვენ გვაქვს სერიოზული ჩამორჩენა.“
ოპოზიციური პარტია „დროაც“ საქართველოს არყოფნას ქვეყნის საგარეო კურსს უკავშირებს.
პარტიის განცხადებით, მაშინ, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები ირანში მაღალი დონის ოფიციალურ ღონისძიებებს ესწრებიან, საქართველო არ არის წარმოდგენილი იმ ფორუმზე, სადაც ევროპის უსაფრთხოების მომავალი განიხილება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლების პოლიტიკამ საქართველო „ევროატლანტიკურ კურსს ჩამოაშორა და რუსეთის, ირანისა და ჩინეთის პირისპირ დატოვა“.
საქართველო, როგორც შავი ზღვის ქვეყანა, მთავარი მონაწილე უნდა ყოფილიყო
პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ანკარის სამიტზე საქართველოს არყოფნა განსაკუთრებით სიმბოლურია, რადგან შეხვედრა სწორედ იმ რეგიონში ტარდება, სადაც თბილისს, მისი თქმით, ბუნებრივი სტრატეგიული როლი აქვს.
მისი შეფასებით, საქართველო მხოლოდ ნატოს ასპირანტი ქვეყანა არ არის. ის შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების სისტემის ნაწილია.
ამიტომ, მაშინ როდესაც ალიანსი სწორედ ამ რეგიონის უსაფრთხოებასა და უკრაინის ომს განიხილავს, საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლების არყოფნა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
„ეს სამიტი საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. თურქეთი არის შავი ზღვა, სამხრეთ კავკასია, სადაც მისი როლი გაიზარდა. საქართველოც არის შავი ზღვა და კავკასია.
საქართველო ამ სამიტზე უნდა ყოფილიყო, როგორც საპატიო სტუმარი, რადგან შავ ზღვაში ომი მიმდინარეობს, საქართველო კი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთს კრავს.“
ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ნატოს სამიტზე პარტნიორი ქვეყნების მიწვევა ახალი პრაქტიკა არ არის. მისი თქმით, საქართველო წლების განმავლობაში სწორედ იმ სახელმწიფოებს შორის მოიაზრებოდა, რომლებიც ალიანსთან ყველაზე მჭიდროდ თანამშრომლობდნენ.
„თურქეთში მიმდინარე NATO-ს სამიტზე არაწევრი სახელმწიფოებიც იქნებიან. საქართველო NATO-ს ასპირანტი ქვეყანაა. საქართველო და უკრაინა NATO-ში გაწევრიანების გზაზე ერთად მიდიოდნენ…
საქართველო აღარსად აღარ მოიაზრება. ჩვენ პირობებს არ ვასრულებთ და პირობების არ შესრულება არის ერთ-ერთი რეაქცია იმისა, რომ ჩვენ არ მიგვიწვიეს იმ კატეგორიის ქვეყნებში, სადაც უნდა მივეწვიეთ.“
პოლიტოლოგი ასევე განასხვავებს ნატოს ოფიციალურ სამიტსა და იმ კონფერენციას, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობს. მისი თქმით, ეს საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებაა, თუმცა ის ნატოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ნაწილი არ არის.
„რაც შეეხება იმას, თუ რა ფორმატში იღებს მონაწილეობას მაკა ბოჭორიშვილი, ეს ფორმატი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს NATO-ს პირდაპირ არ ეხება…
ეს მაღალი დონისა და კლასის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი შეხვედრაა, რომელიც სულ სხვა ღონისძიებაა. NATO-ს სამიტს უბრალოდ დაამთხვიეს.“
ზაქარეიშვილის შეფასებით, საქართველოს მიმართ პარტნიორების დამოკიდებულება ბოლო წლებში შეიცვალა და სწორედ ამით ხსნის ქვეყნის არყოფნას ანკარაში.
„საქართველო იგნორირებულია და სჯობს, რომ საქართველოსთან ურთიერთობა არ ჰქონდეთ, ვინაიდან არ იციან, რა ინფორმაციას ჩაუტანს საქართველო რუსეთს. საქართველო არასანდო, მოწყვლადი და ტოქსიკური სახელმწიფოა.“
„გარეთა ფორუმი“ და მთავარი განსხვავება
საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი გიორგი მელაშვილი ყურადღებას ამახვილებს განსხვავებაზე ნატოს ოფიციალურ სამიტსა და მის პარალელურად გამართულ ღონისძიებებს შორის.
„ძალიან სამწუხარო არის, რომ ნატოს სამიტში სრულუფლებიანი მონაწილეობის ნაცვლად საქართველო არის გარეთ ფორუმის მონაწილე… ეს არ არის ნატოს სამიტი, ეს არის გვერდითა ღონისძიება, საინტერესო, მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს არ არის სრულუფლებიანი მონაწილეობა ნატოს სამიტში.“
მისი შეფასებით, პარადოქსულია ისიც, რომ ხელისუფლება, რომელიც საქართველოში არასამთავრობო სექტორს მწვავედ აკრიტიკებს, სწორედ სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო პლატფორმაში მონაწილეობს.
რატომ აღარ არის საქართველო დასავლეთის უსაფრთხოების დღის წესრიგში?
დიპლომატი გიგი გიგიაძე ანკარის სამიტს უფრო ფართო პროცესის ნაწილად მიიჩნევს.
„საქართველო დღეს არის მაქსიმალურად იზოლირებული. საქართველო არის მაქსიმალურად დატოვებული მარტო.
საქართველო აღარ განიხილება, როგორც არც ევროკავშირის, არც ნატოს პარტნიორი ქვეყანა. საქართველოს მიმართებით აღარ არსებობს არცერთი ახალი ინიციატივა.“
მისი თქმით, საქართველოს არყოფნა ანკარაში მოულოდნელი აღარ არის.
„საქართველო აღარ არის უკვე არცერთ იმ ფორმატში, რომელშიც ყოველთვის განიხილებოდა ჩვენი მონაწილეობა.
ამიტომ ის მომენტი, რომ საქართველო არ იქნება წარმოდგენილი ანკარაში ნატოს სამიტზე, სრულიად არ არის გასაკვირი,” – აღნიშნავს ის “ფორმულას” ეთერში.
რა შეიცვალა ბოლო წლებში
საქართველოსა და ნატოს ურთიერთობები ორი ათწლეულის განმავლობაში გაფართოების პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მიმართულებად მიიჩნეოდა.
2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა დაადასტურა, რომ საქართველო მომავალში ნატოს წევრი გახდებოდა, თუმცა კონკრეტული ვადები არ დაუსახელებია.
მომდევნო წლების განმავლობაში საქართველოს საკითხი რეგულარულად ფიგურირებდა ნატოს სამიტების დეკლარაციებში.
თბილისი მონაწილეობდა პარტნიორების ფორმატებში, ხოლო ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია ალიანსის ოფიციალურ დოკუმენტებში მუდმივად იყო ხაზგასმული.
ბოლო წლებში ეს ტენდენცია შეიცვალა. 2024 წლის ნატოს დეკლარაციაში აღარ მოხვდა ჩანაწერი საქართველოს მომავალ წევრობაზე.
წელს კი ქვეყანა არც იმ ფორმატებში აღმოჩნდა, სადაც პარტნიორ სახელმწიფოებს რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობის შესაძლებლობა მიეცათ.