"ხოშტარიას გასინჯვა ბოლომდე ვერ მოხერხდა ძლიერი ტკივილების გამო" — ექიმი მაკა იოსელიანი
ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა
ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და მისი დიაგნოზი 2024 წელთან შედარებით “რადიკალურად შეცვლილია“, – ამის შესახებ პენიტენციურ დაწესებულებაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მონახულების შემდეგ ექიმმა მაკა იოსელიანმა განაცხადა.
იოსელიანის თქმით, პარტია “დროას“ ლიდერის სრულფასოვანი გასინჯვა ძლიერი ტკივილების გამო ვერ მოხერხდა. მისი განმარტებით, ხოშტარიას იმდენად უჭირდა მოძრაობა, რომ სამედიცინო მაგიდაზე დაწოლაც კი ვერ შეძლო, რის გამოც ექიმმა ვერ შეძლო ბოლომდე შეეფასებინა როგორც გავა-თეძოს, ისე მენჯ-ბარძაყის სახსრების მდგომარეობა.
ექიმის განცხადებით, აპრილში ჩატარებული რადიოლოგიური კვლევები აჩვენებს რევმატიული დაავადებისთვის დამახასიათებელ ცვლილებებს, მათ შორის გავა-თეძოს სახსრის ანთებას, ე.წ. საკროილეიტს. მისი თქმით, თუ 2024 წელს საუბარი ძირითადად პერიფერიული სახსრების დაზიანებაზე იყო, ახლა სურათი მნიშვნელოვნად შეცვლილია: პროცესში ჩართულია როგორც წვრილი სახსრები, ისე ხერხემლის მნიშვნელოვანი ნაწილი.
“2024 წელს დიაგნოზი რეაქტიულ ართრიტად იყო დასმული, თუმცა მაშინ არ ფიქსირდებოდა არც წვრილი სახსრების და არც ხერხემლის დაზიანება. ახლა ეს სურათი რადიკალურად შეცვლილია“, – თქვა იოსელიანმა.
მისივე შეფასებით, ამ ეტაპზე მაღალია სპონდილოართრიტის ალბათობა, თუმცა ეს მხოლოდ წინასწარი ვარაუდია და საბოლოო დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია ფართო და მრავალპროფილური კვლევების ჩატარება. იოსელიანი ამბობს, რომ მხოლოდ რევმატოლოგის შეფასება საკმარისი არ იქნება და საჭიროა ინფექციონისტისა და პულმონოლოგის ჩართვაც.
იოსელიანის თქმით, არსებული სურათი მოითხოვს კვლევების ჩატარებას მულტიპროფილურ კლინიკაში, სადაც შესაძლებელი იქნება ყველა შესაძლო მიზეზისა და რისკის შეფასება. მისი აზრით, მხოლოდ ის მკურნალობა, რომელიც ხოშტარიამ თურქეთში დაიწყო და შემდეგ საქართველოში გააგრძელა, ამ ეტაპზე საკმარისი არ იქნება.
ექიმის განმარტებით, თუ საბოლოოდ დადასტურდა ანკილოზირებელი სპონდილიტი ან სხვა მსგავსი ანთებითი რევმატიული დაავადება, შესაძლოა საჭირო გახდეს დაავადების მამოდიფიცირებელი და ბიოლოგიური პრეპარატების გამოყენება. თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, ასეთ მკურნალობას არცერთი რევმატოლოგი არ დაიწყებს მანამ, სანამ პაციენტი სრულ გამოკვლევას არ გაივლის, რადგან ეს პრეპარატები, ეფექტიანობასთან ერთად, მნიშვნელოვან რისკებსაც უკავშირდება.
წინაისტორია
ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ პირველად 17 ივნისს მისმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა. მისი თქმით, ხოშტარიას მკურნალ ექიმებთან თურქეთში გამართული კონსულტაციების შედეგად მიიღეს შეფასება, რომ სათანადო მკურნალობის გარეშე მდგომარეობის გაუარესებამ შესაძლოა გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს, მათ შორის გადაადგილების უნარის სერიოზული შეზღუდვა.
ამ განცხადებას პენიტენციურმა სამსახურმა დეზინფორმაცია უწოდა და თქვა, რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა “რაიმე სახით ან ფორმით“ არ გაუარესებულა. უწყების ცნობით, ის ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით სარგებლობს.
პენიტენციური სამსახურის პასუხს მოგვიანებით თავად პარტია “დროა“ გამოეხმაურა და უწყება სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა. პარტიის განცხადებით, ხოშტარიასთან კომუნიკაცია დაწესებულების ექიმმა და დირექტორმა მხოლოდ მას შემდეგ დაამყარეს, რაც ადვოკატმა პრესკონფერენცია გამართა.
24 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერ პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა იმის გამო, რომ მან დედაქალაქის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერა “რუსული ოცნება“ გააკეთა.
განაჩენი მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა. გადაწყვეტილების დასაბუთებისას მან აღნიშნა, რომ ხოშტარიას მიერ ჩადენილ ქმედებას ადასტურებს ტელევიზიით გავრცელებული ვიდეოკადრები, ასევე საქმეს ერთვის დაცვის თანამშრომლის ჩვენება.
ხოშტარია სასამართლო სხდომას არ დასწრებია და ბრალს არ აღიარებს. მისი დაკავება 2025 წლის 15 სექტემბერს მოხდა, მას შემდეგ რაც მან უარი განაცხადა 5.000 ლარიანი საპატიმრო გირაოს გადახდაზე, რომელიც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა.