სომხეთი ამომრჩევლის მოსყიდვასთან ბრძოლის ახალი მექანიზმების დანერგვას განიხილავს
ამომრჩევლის მოსყიდვასთან ბრძოლის მექანიზმები სომხეთში
სომხეთის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ვითარება კვლავ დაძაბულია. ოთხი ოპოზიციური ძალა – „ძლიერი სომხეთი“, „სომხეთის“ ბლოკი, „აყვავებული სომხეთი“ და „ერთობის ფრთები“ უახლოეს დღეებში არჩევნების შედეგების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.
ოფიციალური შედეგების მიხედვით, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ „სამოქალაქო კონტრაქტი“ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა. საკანონმდებლო ორგანოში ასევე შევიდნენ ოპოზიციური ბლოკები „ძლიერი სომხეთი“ და „სომხეთი“.
ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები მასობრივი დარღვევების ფონზე ჩატარდა და ხელისუფლებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს. მმართველი პარტია ბრალდებებს უარყოფს და, თავის მხრივ, ოპონენტებს ამომრჩეველთა მოსყიდვაში ადანაშაულებს. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ოპოზიციურმა ძალებმა მხარდაჭერა სწორედ უკანონო ფინანსური სქემების მეშვეობით მოიპოვეს.
- სომხეთის არჩევნების საბოლოო შედეგები: ფაშინიანის პარტიამ უმრავლესობა მოიპოვა, ოპოზიცია შედეგებს არ აღიარებს
- რა გავლენა ექნება სომხეთის არჩევნების შედეგებს სამხრეთ კავკასიის რეგიონზე
- პუტინი ფაშინიანისთვის გამარჯვების მილოცვას არ ჩქარობს: ერევანსა და მოსკოვს შორის დაძაბულობის ახალი ნიშნები ჩნდება
- “რუსეთის ‘გეგმა B’ განხორციელდა“: სომხეთში გამართული არჩევნების ანალიზი
არჩევნებში მონაწილეობის ახალი პირობები
არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე დღეში მმართველმა პარტიამ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, რომელიც ეროვნულ არჩევნებში მონაწილეობის წესებს ცვლის.
პროექტის თანახმად, ხმის მიცემის უფლება მხოლოდ სომხეთის იმ მოქალაქეებს ექნებათ, რომლებიც არჩევნებამდე ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ.
ფრაქცია „სამოქალაქო შეთანხმების“ ხელმძღვანელის, ჰაიკ კონჯორიანის განცხადებით, მსგავსი მოთხოვნა უკვე მოქმედებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ახლა მისი ეროვნულ დონეზე გავრცელებაა დაგეგმილი.
„გასაკვირია, რომ ასეთი რეგულაცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არსებობს, თუმცა ეროვნულ არჩევნებში – არა. ვფიქრობ, კანონმდებლობა უნდა იყოს სინქრონიზებული“, – განაცხადა მან.
„მხოლოდ მოქალაქეობა საკმარისი არ არის“
კონჯორიანის თქმით, მოქალაქეობის ფლობა და სომხური პასპორტი თავისთავად არ უნდა იყოს საკმარისი ქვეყნის მომავლის განსაზღვრისთვის.
მისი განმარტებით, სახელმწიფოს ბედის გადაწყვეტაში მონაწილეობა უნდა მიიღონ იმ ადამიანებმა, რომლებიც რეალურად ცხოვრობენ ქვეყანაში და საკუთარ თავზე განიცდიან პოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგებს.
„ადგილობრივი მოსახლეობა კითხულობს: სამართლიანია თუ არა, რომ ქვეყნის მომავლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ ადამიანები, რომელთა ინტერესების ცენტრი სომხეთი აღარ არის?“ — განაცხადა მან.
მისი თქმით, ბოლო არჩევნების დროს დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც საზღვარგარეთიდან ჩამოსული მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ მხოლოდ ხმის მისაცემად ჩამოვიდნენ და შედეგები მათთვის მნიშვნელობას აღარ წარმოადგენდა.
„სამთავიანი საომარი პარტიები“
ფაშინიანის გუნდი სამ ოპოზიციურ ძალას – „ძლიერ სომხეთს“, „სომხეთის“ ბლოკსა და „აყვავებულ სომხეთს“ – „სამთავიან ომის პარტიებს“ უწოდებს.
ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ აღნიშნული ძალები აზერბაიჯანთან სამშვიდობო პროცესის გადახედვას უჭერენ მხარს და მათი პოლიტიკა ქვეყანას ახალი სამხედრო დაპირისპირებისკენ მიიყვანს.
ამავე დროს, ოპოზიცია ხელისუფლებას პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს.
საარჩევნო მოსყიდვისთვის სასჯელი მკაცრდება
პარლამენტის თავმჯდომარის, ალენ სიმონიანის განცხადებით, უახლოეს პერიოდში პარლამენტი საარჩევნო ქრთამის მიცემისა და მიღებისთვის სასჯელის გამკაცრებასაც განიხილავს.
ინიციატივის მიხედვით, საარჩევნო ქრთამის მიღებისთვის თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა შვიდიდან ცხრა წლამდე გაიზრდება, ხოლო ქრთამის გამცემ პირებს რვის ნაცვლად ათ წლამდე პატიმრობა დაემუქრებათ.
„ეს ერთადერთი ინსტრუმენტი არ იქნება. დამატებით სხვა მექანიზმებიც ამოქმედდება და მოსალოდნელია პოლიტიკური შედეგებიც“, — განაცხადა სიმონიანმა.
ანტიკორუფციული კომიტეტი პარტიებისთვის აკრძალვებს ითხოვს
სომხეთის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა იუსტიციის სამინისტროს მიმართა ინიციატივით, რომელიც არჩევნებში მოსყიდვის სქემებში ჩართული პოლიტიკური ძალებისთვის საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის აკრძალვას ითვალისწინებს.
კომიტეტის განცხადებით, წინადადება ეფუძნება იმ გამოძიებების შედეგებს, რომლებიც 2026 წლის 7 ივნისის არჩევნებამდე გამოვლენილ კორუფციულ საქმეებს უკავშირდება.
უწყების ცნობით, გამოძიებებმა გამოავლინა მექანიზმები, რომლებიც ამომრჩეველთა მოსყიდვის ორგანიზებულ სქემებს ედო საფუძვლად.
მოსალოდნელია, რომ უახლოეს პერიოდში შესაბამისი კანონპროექტი შემუშავდება.
ხელისუფლება სამართალდამცავებს ფართომასშტაბიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა რუბენ რუბინიანმა განაცხადა, რომ არჩევნებში გამოვლენილი მოსყიდვის შემთხვევები ორგანიზებული პოლიტიკური სქემის ნაწილი იყო.
მისი თქმით, პასუხისმგებლობა ეკისრება იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც, ხელისუფლების შეფასებით, ამ პროცესს ხელმძღვანელობდნენ.
„ჩემთვის ნათელია, რომ პასუხისმგებლობა ეკისრებათ „ძლიერ სომხეთს“, „სომხეთის“ ბლოკსა და „აყვავებულ სომხეთს“. სწორედ ამ პარტიების ხელმძღვანელობამ ორგანიზება გაუწია ამ პროცესს“, – განაცხადა რუბინიანმა.
მან სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, გამოავლინონ ამომრჩეველთა მოსყიდვის სრული სქემა და პასუხისმგებლობა არა მხოლოდ უშუალო შემსრულებლებს, არამედ ორგანიზატორებსაც დააკისრონ.
ოპოზიცია არჩევნების შედეგების სასამართლოში გასაჩივრებისთვის ემზადება, ხოლო ხელისუფლება საარჩევნო სისტემისა და პოლიტიკური პროცესის წესების მნიშვნელოვნად შეცვლას გეგმავს.