26 მაისი „ქართული ქრისტიანული სახელმწიფოს“ ნიშნით. როგორ იცვლება დამოუკიდებლობის დღის შინაარსი
26 მაისი 2026

26 მაისი საქართველოს ეროვნული დღესასწაულია – დღე, როდესაც ქვეყანა დამოუკიდებლობას აღნიშნავს. წელს ხელისუფლებამ ამ თარიღს მკაფიო რელიგიური აქცენტი მისცა: პარლამენტის შენობაზე, სადაც წინა წლებში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები იყო გამოფენილი, გამოჩნდა გარდაცვლილი პატრიარქის, ილია მეორის გამოსახულებიანი ბანერი და რელიგიური შინაარსის სლოგანები – „ქართული ქრისტიანული სახელმწიფო“ და „საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წელი“.
ამ ცვლილებამ საზოგადოების ნაწილში კითხვა გააჩინა: რატომ შეიცვალა 26 მაისის ოფიციალური გზავნილი სახელმწიფოებრიობიდან რელიგიურ იდენტობაზე? და რას ეუბნება ამით სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც სხვა კონფეციის წარმომადგენლები არიან?
რა არის 26 მაისი
26 მაისი თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობისთვის მნიშვნელოვანი თარიღია – 1918 წლის 26 მაისს, ტფილისში, კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. ნაშუადღევის 5 საათსა და 10 წუთზე გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაბადება.
საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ 1028 დღე იარსება. 1921 წელს საქართველო შემდგომი 70 წლით საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო.
ამ 70 წლის განმავლობაში 26 მაისის და პირველი რესპუბლიკის ხსენებაც კი აკრძალული იყო.
1991 წლის 9 აპრილს, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, საქართველოს უზენაესმა საბჭომ დამოუკიდებლობის აღდგენა სწორედ 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე გამოაცხადა. ამიტომ 26 მაისი მხოლოდ ისტორიული თარიღი არ არის. ეს არის დღევანდელი ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური და სამართლებრივი საწყისი.
რა შეიცვალა წელს
კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს ნიშნავს არა დღესასწაულის გაფორმებას, არამედ მისი შინაარსის გადაფორმებას: სამოქალაქო და რესპუბლიკური დღესასწაულის რელიგიურ-იდენტობით ჩარჩოში გადატანას.
პარლამენტის ფასადზე პატრიარქის ბანერის გამოჩენა და ევროკავშირის სიმბოლიკის გაქრობა მწერალმა ლაშა ბუღაძემ “ფორმულას” ეთერში „ქართული ოცნების ქმედების და ქცევის საერთო დისკურსის ნაწილად“ შეაფასა.
მისი თქმით, ეს ჯდება იმ პოლიტიკურ ლოგიკაში, როდესაც ხელისუფლება ისტორიით, რელიგიით და ტრადიციით მანიპულირებს და თავს ამ ისტორიის ერთადერთ კანონიერ მემკვიდრედ აცხადებს:
„ავტორიტარები, დიქტატორები, პოპულისტები სწორედ იმ თემებით მანიპულირებენ, რომლებიც დაკავშირებულია ისტორიასთან, რელიგიასთან, ტრადიციასთან“.
ბუღაძის შეფასებით, დღევანდელი ხელისუფლების გზავნილი ასეთია – სწორედ ის არის ისტორიის, რწმენის და ეროვნული იდენტობის ნამდვილი გამგრძელებელი:
“ისევე როგორც ყველა ავტორიტარი და დიქტატორი, აქაც ივანიშვილი, პაპუაშვილი, კობახიძე, მდინარაძე მანიპულირებენ ისტორიით და გვეუბნებიან, რომ სწორედ ისინი არიან მემკვიდრეები გარდაცვლილი ილიამეორისა და 1700-წლოვანი ქრისტიანობის მემკვიდრეები“.
რელიგია როგორც პოლიტიკური ენა
როგორც კრიტიკოსები ამბობენ, პრობლემა არ არის ის, რომ ქრისტიანობას საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს – ეს ისტორიული ფაქტია და არა პოლიტიკური სადავო თემა. პრობლემა სხვა რამეშია: 26 მაისი არ არის ეკლესიური კალენდრის თარიღი. ეს არის დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაბადების დღე.
ამიტომ „ქართული ქრისტიანული სახელმწიფოს“ სლოგანი ბევრისთვის აღიქმება არა როგორც ტრადიციის პატივისცემა, არამედ როგორც დამოუკიდებლობის დღის შინაარსის გადატანა სამოქალაქო-პოლიტიკური სივრციდან რელიგიურ-იდენტობით სივრცეში.
სცენარისტმა ქეთი დევდარიანმა ეს პროცესი რელიგიაზე „პარაზიტირებად“ შეაფასა:
„ეს არის პარაზიტირება რელიგიაზე, რადგან პროპაგანდა ყოველთვის ემოციურ შემადგენელს უნდა ეყრდნობოდეს. ამიტომ ისინი ან პარაზიტირებენ ჩვენი იდენტობის სხვადასხვა შემადგენელ ნაწილებზე, მათ შორის რელიგიაზე, ან მოქმედებენ ემოციებზე – შიშზე, სიძულვილზე, სიყვარულზე, რესენტიმენტზე“.
მისი თქმით, „მთლიანად შინაარსის ჩანაცვლება მიმდინარეობს… სეკულარული სახელმწიფოს სიმბოლური დემონტაჟი“.
დევდარიანი აღნიშნავს, რომ საქართველო თეოკრატიულ სახელმწიფოდ ვერ გადაიქცევა, მაგრამ ხელისუფლება რელიგიურ სიმბოლიკას პოლიტიკური ლეგიტიმაციისთვის იყენებს. ანუ საქმე არა რწმენასთან, არამედ ძალაუფლების ენასთან გვაქვს.
ბუღაძე “ამოვარდნილ” მეხსიერებაზე ამახვილებს ყურადღებას:
„გასაგებია, რომ ევროკავშრი არ უნდათ, რადგან ევროკავშირი მათ დემოკრატიას სთხოვს, მაგრამ 26 მაისის პლაკატებიდან ამოვარდნილია ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა… სოციალ-დემოკრატებს ხომ არავინ ახსენებს და ნოე ჟორდანიას, რომელთაც უკავშირდებათ 26 მაისი“.
მისი თქმით, ცვლილება განსაკუთრებით მგრძნობიარეა დღევანდელ პოლიტიკურ გარემოში.
“რეგიონში რუსული აგრესია, უკრაინის ომი და უსაფრთხოების კრიზისი კვლავ აჩვენებს, რამდენად მყიფე შეიძლება იყოს დამოუკიდებლობა. ასეთ დროს 26 მაისის მთავარი გზავნილი, წესით, სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის და თავისუფლების ხაზგასმა უნდა იყოს,” – აღნიშნავს ლაშა ბუღაძე.
ბუღაძის თქმით, 26 მაისი არის „თავისუფლების თარიღი“, რომელიც 70 წლის განმავლობაში აკრძალული იყო:
“26 მაისი აკრძალეს ბოლშევიკებმა და წითელმა რუსებმა. რუსული პოლიტიკა – გინდა თეთრი, გინდა წითელი და გინდა პუტინისტური – ვერ იტანს და მისთვის მიუღებელია თავისუფლების ეს თარიღი“.
სწორედ ამიტომ, მისი თქმით, 26 მაისის შინაარსზე დავა არ არის მხოლოდ ბანერების ან დიზაინის საკითხი. ეს არის დავა იმაზე, რა უნდა ახსოვდეს საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღეს.
სეკულარული სახელმწიფო და მრავალრელიგიური საზოგადოება
საქართველო კონსტიტუციურად სეკულარული სახელმწიფოა. სახელმწიფო არ არის რომელიმე რელიგიის პოლიტიკური გაგრძელება, თუნდაც მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი იყოს.
საქართველო ასევე მრავალრელიგიური ქვეყანაა. 2014 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, ქვეყანაში 398 677 მუსლიმი მოქალაქე ცხოვრობდა, რაც მოსახლეობის თითქმის 11 პროცენტია. არიან კათოლიკეები, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლი, იუდეველები, სხვა რელიგიური ჯგუფები და მოქალაქეები, რომლებიც თავს არც ერთ რელიგიას არ მიაკუთვნებენ.
დამოუკიდებლობის დღის ოფიციალურ სლოგანად „ქართული ქრისტიანული სახელმწიფოს“ არჩევა ამ რეალობის გათვალისწინებითაც პრობლემურია.
აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელი, “სამოქალაქო თანასწორობის პლატფორის” დამფუძნებელი სამირა ისმაილოვა ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მისთვის, როგორც მუსლიმი საქართველოს მოქალაქისთვის, “საწყენი” და “აღმაშფოთებელი” აღმოჩნდა 26 მაისის წლევანდელი გზავნილები.
” საშიშ ნიადაგს ქმნის ეს სლოგანი, ახარისხებს საქართველოს მოქალაქეებს. ეროვნული იდენტობა ისე ფორმდება, რომ საქართველოში მცხოვრები სხვა ეთნოსები და რელიგიური ჯგუფები ქრებიან. ეს არა მხოლოდ მორალურად მტკივნეულია, საზოგადოებისთვისაც დამაზიანებელია,” – ამბობს ის.
თუმცა, მისი თქმით, მას არ გაჰკვირვებია “ქართული ოცნების” ხელისუფლების მხრიდან მსგავსი მიდგომა.
“ადამიანების ნაწილი ისედაც უხილავები არიან ბევრ საკითხში და ეს რეალობაა. ისედაც მუდმივად სტუმრის სტატუსით გვიყურებენ. მე როგორც მუსლიმი აზერბაიჯანელი, ამ ქვეყანაში საკუთარ არსებობას არ ვთვლი დანამატად. არ ვთვლი, რომ ვიღაც არის დომინანტი, და მე მეორეხარისხოვანი”.
სამირა ისმაილოვას არ აქვს იმედი, რომ ამ თემაზე რეაგირება ექნება სახალხო დამცველის აპარატს:
“სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში არ დარჩა სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც ამ ღირებულებების დაცვით იქნება დაკავებული. ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომ დიდი იმედი არ მაქვს, რომ სახალხო დამცველის მხრიდან რამე რეაგირება იქნება,” – ამბობს ის.