ქუჩის ძაღლები საქართველოში: რა გეგმა აქვს სახელმწიფოს და რატომ არ ენდობიან მას ცხოველთა დამცველები
უსახლკარო ძაღლების პრობლემა საქართველოში
რამდენიმე თვეა, საქართველოში, ყოველდღიურად უგზო-უკვლოდ ქრებიან უსახლკარო ძაღლები, მათ შორის, ისეთები, რომელთაც მიმკედლებლები ჰყავთ, არიან აცრილები და სტერილიზებულები. ცხოველთა უფლებადამცველები და მოყვარულები ეჭვობენ, რომ სახელმწიფო ქუჩის ცხოველებს ხოცავს, თუმცა, ამას კატეგორიულად უარყოფენ სახელმწიფო სტრუქტურები.
ერთი თვის წინ სოციალურ ქსელებში საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან რამდენიმე მძიმე ვიდეო გავრცელდა. კადრებში ჩანდა პატარა გალიებში ერთად შეყრილი ბევრი ცხოველი, რომლებიც, სავარაუდოდ, მუნიციპალურ თავშესაფრებში გადაჰყავდათ.
განსაკუთრებით მძიმე რეაქცია მოჰყვა გორთან დაკავშირებულ ერთ ეპიზოდს. სოციალურ ქსელებში გაჩნდა ეჭვი, რომ გორის თავშესაფარში ქუჩიდან შეყვანილ ძაღლებს ცოცხლად წვავდნენ.
ეს ბრალდება ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა გავრცელებულმა კადრებმა კიდევ ერთხელ გააჩინა კითხვა: როგორ ექცევა სახელმწიფო მიუსაფარ ცხოველებს და არსებობს თუ არა რეალური კონტროლი იმ სისტემაზე, რომელიც მათ დაცვას უნდა ემსახურებოდეს.
ცხოველთა მოყვარულები არ აპირებენ შეეგუონ ძაღლების უგზო-უკვლოდ გაქრობას. 24 მაისს, კვირას, თბილისში საპროტესტო აქციაა დაანონსებული მოთხოვნით – შეიცვალოს უსახლკარო ცხოველებისადმი მიდგომა.
- “ნუ აქრობთ მიუსაფარ ცხოველებს“ — აქტივისტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
- საქართველოში მკაცრდება ძაღლებისა და კატების ყოლის წესები. რა იცვლება კანონში – დეტალურად
- ცხოველთა დამცველები: არ მიიღოთ კანონი, უამრავ მიუსაფარ ცხოველს დახმარების გარეშე დატოვებს
ოფიციალური უწყებების განცხადებით, საქართველოში შინაური ცხოველების მართვის ახალი პროგრამა დაიწყო. მისი მიზანი ქუჩაში მცხოვრები ძაღლების რაოდენობის შემცირებაა. ხელისუფლება ირწმუნება, რომ პროგრამა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და ცხოველებისადმი ჰუმანურ მიდგომას ეფუძნება.
თუმცა, ცხოველთა უფლებადამცველებს პროგრამის მიმართ ბევრი კითხვა აქვთ და სახელმწიფოს არ ენდობიან. აქტივისტები შიშობენ, რომ ქუჩიდან აყვანილ ძაღლებს რეალურად არა დაცვა, არამედ გაქრობა ემუქრებათ – გადაყვანა არასათანადო პირობებში, იზოლაცია, ან დაუსახლებელ ადგილებში გაშვება, სადაც ცხოველები შიმშილისა და ტანჯვისთვის იქნებიან განწირული.
ამ უნდობლობამ აქტივისტები ქუჩაში გამოიყვანა. ისინი მორიგეობენ იმ ადგილებში, სადაც მათი მიკედლებული ძაღლები ცხოვრობენ, ერთმანეთს ატყობინებენ მონიტორინგის სამსახურების გამოჩენას, დადიან თავშესაფრებში და ეძებენ ნაცნობ ცხოველებს. ზოგი მორიგეობს იმ ადგილებშიც, სადაც, წესით, შემოწმების, აცრის ან სტერილიზაციის შემდეგ, ძაღლები უნდა დააბრუნონ.
სად და რატომ ქრებიან უსახლკარო ძაღლები? როგორ აპირებს სახელმწიფო უსახლკარო ძაღლების რაოდენობის შემცირებას? რატომ გაჩნდა, ეჭვეი, რომ სახელმწიფო ცხოველების მიმართ არაჰუმანური იქნება? და საერთოდ, რატომ ვერ გადაჭრა ქვეყანამ, წლებია, უსახლკარო ცხოველების პრობლემა?
უსახლკარო ცხოველები – ქვეყნის მნიშვნელოვანი პრობლემა

უსახლკარო ცხოველების პრობლემა საქართველოში ახალი არ არის. წლებია, ქვეყანაში თითქმის არ არსებობს ქალაქი ან სოფელი, სადაც ქუჩაში ჯგუფებად მოსიარულე უპატრონო ძაღლებს არ შეხვდებით. ბევრი მათგანი გამხდარი, ასაკოვანი ან მძიმედ დაავადებულია. პრობლემის მეორე მხარეა უსაფრთხოებაც – ქუჩაში გვხვდებიან აგრესიული ძაღლებიც, რაც მოქალაქეებისთვის რეალურ რისკს ქმნის.
ზოგ ძაღლს უმართლებს და ვინმე ცხოველთა მოყვარული იწყებს მასზე ზრუნვას – კვებავს, ვეტერინართან დაჰყავს, უკეთებს აცრებს, ასტერილებს, ეძებს მისთვის სანდო მეპატრონეს.
ზოგი აქტივისტი საკუთარ თავზე კიდევ უფრო დიდ ტვირთს იღებს – ქმნის მცირე თავშესაფარს, სადაც ათობით ძაღლს უვლის. ასეთი სივრცეები, როგორც წესი, კერძო შეწირულობებზე, მეგობრების დახმარებასა და მუდმივ ფინანსურ დეფიციტზე დგას. სახელმწიფოს მიერ მოუგვარებელი პრობლემა, პრაქტიკულად, რიგით მოქალაქეებზეა გადატანილი.
წლების განმავლობაში საქართველოში ცხოველთა დაცვის არაერთი ორგანიზაცია მუშაობდა. თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ მიღებულმა მკაცრმა კანონებმა მათ დაფინანსების მოზიდვა გაურთულა, რის გამოც ბევრმა საქმიანობა შეამცირა შეწყვიტა, ან ისინიც მოხალისეობრივ საწყისებზე გადავიდნენ.
ამან ისედაც სუსტი სისტემა კიდევ უფრო დააზიანა. სფეროში, სადაც სახელმწიფოს პოლიტიკა არასაკმარისი იყო, ხოლო ძირითადი ტვირთი აქტივისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე გადადიოდა, რესურსების შემცირებამ ქუჩის ცხოველები კიდევ უფრო დაუცველი დატოვა.
რამდენი ძაღლია ქუჩაში
უსახლკარო ცხოველების ზუსტი რაოდენობა საქართველოში ამ დრომდე უცნობია. ერთიანი აღრიცხვის სისტემა სახელმწიფო დონეზე ახლა ინერგება.
ცხოველთა უფლებადამცველების შეფასებით, ქუჩაში მცხოვრები ცხოველების რიცხვი შესაძლოა ასობით ათასს აღწევდეს.
შედარებით ზუსტი მონაცემები მხოლოდ თბილისის შემთხვევაში არსებობს, რადგან ამ სტატისტიკას თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო აგროვებს. არსებული მონაცემებით, 2025 წელს დედაქალაქში დაახლოებით 29,676 მიუსაფარი ძაღლი აღირიცხა.
პრობლემის მასშტაბი საზოგადოებრივი აზრის კვლევებშიც ჩანს. CRRC Georgia/NDI-ის 2023 წლის ოქტომბრის გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 22%-მა უპატრონო ცხოველები ერთ-ერთ მთავარ საზოგადოებრივ პრობლემად დაასახელა.
ამ თემაზე საზოგადოებაში კონსენსუსი არ არსებობს. ერთი ნაწილი გამოსავლად მიიჩნევს ჰუმანურ მოდელს – სტერილიზაციას, ვაქცინაციას და ქუჩაში დაბრუნებას. სხვები ფიქრობენ, რომ ქუჩაში არცერთი უპატრონო ძაღლი არ უნდა იყოს და სახელმწიფოსგან უფრო მკაცრ კონტროლს მოითხოვენ.
„ჩვენს ძაღლებს ვეღარ ვპოულობთ“ – ცხოველთა დამცველების მძიმე გაზაფხული
ოლია კოპტევი, თბილისში, ავჭალის სასაფლაოზე, სადაც მისი მშობლები არიან დაკრძალული, წლებია ათეულობით ძაღლს უვლის – აჭმევს, აცრებს უკეთებს, ასტერილებს.
მარტის დასაწყისში მისი რამდენიმე ძაღლი გაქრა. მალევე ოლიას მეგობარმა თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ერთ-ერთი თანამშრომლისგან გაიგო, რომ ისინი თავშესაფარში იყვნენ გადაყვანილი. ოლიასთვის ეს შოკი იყო.
„არ ვიცი, რა დამემართა. შემეშინდა, რომ საშინელება დაემართებოდათ. შუა საუბარში დავეცი და ხელი მოვიტეხე. ნაოპერაციები, თაბაშირიანი ხელით წავედი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში და ჩემი ძაღლების ნახვა მოვინდომე“, – გვიყვება ოლია.
ბევრი ჩხუბისა და საათობით ლოდინის შემდეგ, ოლიამ თბილისის თავშესაფარში ყველა დაკარგული ძაღლი იპოვა. 12 მარტს ძაღლები უკან დააბრუნეს. მაგრამ, მეორე დღეს, მათგან ორი ძაღლი და კიდევ სხვა ექვსი ძაღლი, ისევ გაქრა.
ორი თვეა ეძებს ოლია ამ ძაღლებს. თავშესაფარში ეუბნებიან, რომ ისინი გამოუშვეს, მაგრამ, ოლია ფიქრობს, რომ ატყუებენ, რადგან არ არსებობს არანაირი მასალა, რომელიც ამ ძაღლების სადმე გაშვებას დაადასტურებდა.

“გეხვეწებით, მაჩვენეთ ძაღლები, სავარაუდოდ ჩემი ძაღლი გყავთ წაყვანილი, დაბირკული, სტერილური, ჩემი ხელით აცრილი. გემუდარებით, დამეხმარეთ, მაჩვენეთ ძაღლები”, – დასავლეთ საქართველოში, ზუგდიდში მცხოვრები აქტივისტის, სალომე ფარცვანიას ვიდეოს მოსმენა მძიმეა. ვიდეოს გამოქვეყნებისას სალომემ დაწერა, რომ ეს მხოლოდ მცირე ფრაგმენტი იყო გაცილებით ემოციური ჩანაწერიდან. მისი თქმით, დილით შემთხვევით გაიგო, რომ მუნიციპალური სამსახური ძაღლებს იჭერდა და გადაჰყავდა:
„თვეების ჩვილი დავტოვე, გავვარდი ქუჩაში, ვეძებდი ჩემს მიკედლებულ ძაღლებს. ზუგდიდის მერიის შენობის წინ ვნახე დამჭერების ჯგუფი. ვემუდარებოდი, ვეხვეწებოდი, ეჩვენებინათ ძაღლები და არ წაეყვანათ უკვე გასტერილებული, აცრილი ცხოველები. ახალგაზრდა კაცმა მიჯიკა, იქცეოდნენ აგრესიულად, აგდებულად“.
იმავე დღეებში სოციალურ ქსელებში კიდევ ერთი მძიმე ვიდეო გავრცელდა – ამჯერად შიდა ქართლიდან, გორიდან. კადრებში ჩანდა გვიან ღამით ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის კრემატორიუმიდან ამოსული კვამლი. ვიდეოს ავტორი წერდა, რომ კრემატორიუმი მთელი ღამე მუშაობდა და ტერიტორიაზე დამწვრის სუნი იდგა.
ვინ და როგორ მართავს საქართველოში შინაურ ცხოველებს?
შინაური ცხოველების მართვა საქართველოში 2025 წელს მიღებული კანონით, „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ” , და მის საფუძველზე გამოცემული რამდენიმე აქტით რეგულირდება.
2026 წლის პროგრამის მთავარი დოკუმენტია მთავრობის 25 თებერვლის N412 განკარგულება – „ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა“. ის საქართველოს რეგიონებს ეხება, თუმცა არ ვრცელდება თვითმმართველ ქალაქებზე – თბილისზე, რუსთავზე, ქუთაისზე, ფოთსა და ბათუმზე.
რეგიონებში პროგრამას სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. თვითმმართველ ქალაქებში კი მიუსაფარი ცხოველების მართვა მუნიციპალიტეტების პასუხისმგებლობაა.
განკარგულების მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში სამიზნე რეგიონებში უნდა დაიჭირონ 36 111 უპატრონო ან მიკედლებული ძაღლი. ოფიციალური განმარტებით, მათი აყვანა ვაქცინაციის, სტერილიზაციის, კასტრაციის ან დაავადებებზე შემოწმების მიზნით იგეგმება.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში JAMnews-ს უთხრეს, რომ ეს რაოდენობა რეგიონებიდან მიღებული და სააგენტოში არსებული მონაცემების შეჯამების საფუძველზე განისაზღვრა.
„რაც შეეხება უპატრონო ძაღლების სტერილიზაციის/კასტრაციის მიზნობრივ მაჩვენებელს, იგი შეადგენს არანაკლებ 70%-ს, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად“, – უპასუხა სააგენტომ JAMnews-ის წერილობით კითხვებს.
პროგრამის ფარგლებში ქუჩიდან აყვანილი ძაღლების გადაყვანა ოთხ თავშესაფარშია განსაზღვრული: თბილისის თავშესაფარში – მცხეთა-მთიანეთიდან, გურჯაანში – კახეთიდან და ქვემო ქართლიდან, გორში – შიდა ქართლიდან და სამცხე-ჯავახეთიდან, ქუთაისში – რაჭა-ლეჩხუმიდან და სვანეთიდან.
ამ ოთხ მუნიციპალიტეტს პერსონალის ანაზღაურებისა და სხვადასხვა მომსახურების შესყიდვა/ჩატარებისთვის ჯამში 4 631 870 ლარი აქვს გამოყოფილი.
პროცედურების შემდეგ ძაღლები ისევ გარემოში უნდა დააბრუნონ. თუმცა, სწორედ აქ ჩნდება პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა: ძაღლის დაბრუნება აკრძალულია სკოლებთან, ბაღებთან, კლინიკებთან, საკვებ ობიექტებთან, ბაზრებთან და მოედნებთან.
პრაქტიკაში ეს ხშირად სწორედ ის ადგილებია, სადაც ქუჩის ცხოველებს ადამიანები იკედლებენ, აჭმევენ და უვლიან. განსაკუთრებით ბაზრები, მაღაზიები და კვების ობიექტების მიმდებარე ტერიტორიები.
ნანუკა ძირტკბილაშვილი, ცხოველთა უფლებების დამცველი აქტივისტი, წლებია ცდილობს, რომ უსახლკარო ცხოველების პრობლემა საქართველოში ჰუმანური მეთოდებით გადაიჭრას.
მისი თქმით, ძაღლების დაბრუნების აკრძალვა გარკვეულ ადგილებში კანონიდან მოდის. აქტივისტები თავის დროზეც ეწინააღმდეგებოდნენ მსგავს ჩანაწერს კანონის მე-8 მუხლში, თუმცა მაშინ ჩამონათვალში ბაზრები, საკვები ობიექტები და მოედნები არ შედიოდა. ეს პუნქტები მოგვიანებით მთავრობის განკარგულებაში გაჩნდა.
„მე არ მეგულება არცერთი ადგილი ქვეყნის მასშტაბით, სადაც ქუჩაზე არ იქნება საკვები ობიექტი, სასტუმრო, ბაზარი და იქ ცხოველი გადარჩება“, – ამბობს ნანუკა.
მისი შეფასებით, ეს ჩანაწერი თავად კანონის ლოგიკასაც ეწინააღმდეგება. კანონი ცხოველის კეთილდღეობის სამ ძირითად პრინციპს განსაზღვრავს: თავისუფალ ხელმისაწვდომობას წყალსა და საკვებზე, უსაფრთხო საარსებო გარემოს და სათანადო საარსებო პირობებს.
„უსაფრთხო საარსებო გარემო და სათანადო საარსებო პირობები ვერ იქნება ცხოველის გადაგდება არაურბანულ გარემოში. არც წყალზე ექნებათ ხელმისაწვდომობა, არც საკვებზე, ვერც დაავადებების პრევენცია მოხდება. ანუ სამივე პრინციპი ირღვევა“, – ამბობს ის.
ზუგდიდელი აქტივისტის, სალომე ფარცვანიას ვიდეოების სერიამ სწორედ ეს პრობლემა აჩვენა. მან გადაიღო არა მხოლოდ ძაღლების წაყვანის, არამედ მათი დაბრუნების კადრებიც. ვიდეოებში ჩანდა, რომ ცხოველებს ხრიოკ, უდაბურ, მიტოვებულ ადგილებში უშვებდნენ. აქტივისტების შეფასებით, ასეთ პირობებში მათი დაბრუნება ფაქტობრივად შიმშილით სიკვდილისთვის გაწირვას ნიშნავს.
ამ ვიდეოების შემდეგ რეგიონებში ვითარება ნაწილობრივ შეიცვალა. ნანუკას თქმით, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან კოორდინაცია მოხერხდა და ახლა სააგენტო ცდილობს, აქტივისტებს წინასწარ აცნობოს, საიდან მიჰყავს და სად აბრუნებს ძაღლებს.
შეიქმნა სოციალური ქსელის გვერდიც – “ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა”, სადაც სააგენტო აქვეყნებს ძაღლების აყვანისა და დაბრუნების ვიდეოებს, ასევე განრიგს – როდის და სად აპირებს გასვლას. ეს აქტივისტებს მონიტორინგს უადვილებს.
თუმცა, ნანუკას თქმით, ეს მაინც ვერ ჩაითვლება გამართულ სისტემად.
„ეს არ არის ორგანიზებული პროცესი. ყველაფერი რეგიონებში აქტივისტების სიყოჩაღეზეა დამოკიდებული, ასეთი აქტივისტები კი ყველგან არ არიან“, – ამბობს ის.
თბილისი, უსახლკარო ძაღლების ჯოჯოხეთი
თბილისში სიტუაცია რეგიონებისგან განსხვავებულია. უპატრონო ცხოველების საკითხს დედაქალაქში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მართავს – თბილისის მერიას დაქვემდებარებული მუნიციპალური სამსახური (სსიპ-ი). 2026 წელს, ამ სამსახურის ბიუჯეტი, 10 მილიონ ლარამდეა.
ამ სააგენტოს ძალიან ბევრი მომჩივანი ჰყავს. სურსათის ეროვნულ სააგენტოსგან განსხვავებით, ეს სამსახური ცხოველების მოყვარულებთან თუ მიმკედლებლებთან, არანაირ კომუნიკაციაში არ შედის. მეტიც, აქტივისტები ამბობენ, რომ მათ დასცინიან, შეურაცხადებად მიიჩნევენ, აგრესიულად და ცინიკურად ეპყრობიან.
მარიამ ჩარკვიანი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს, 27 თებერვლის შემდეგ “ებრძვის”. მარიამი თბილისში, მრევლიშვილის ქუჩის კვეთაზე არსებულ სასაფლაოზე რამდენიმე ძაღლს უვლიდა. თებერვლის ბოლოს მისი სამი ძაღლი – ვახუნა, კეკურია და მარიკა მოულოდნელად გაქრა:
“სამივე განსაკუთრებულად მიყვარს, დედა-შვილები არიან. შვილებს ჩემი და ჩემი გარდაცვლილი ძმის სახელი დავარქვი. ჩემი ძმის საფლავის ერთგული მცველები იყვნენ”.

მარიამმა გაარკვია, რომ ვახუნა 23 თებერვალს, მონიტორინგის სამსახურმა წაიყვანა. 27 თებერვალს სააგენტოში უთხრეს, რომ მის ძაღლს გეგმიური აცრა გაუკეთეს და აყვანის ადგილზე დააბრუნეს.
პოლიციაში ჩივილის, ბევრი ზარისა და წვალების მერე, მარიამმა გაარკვია, რომ იმ დღეს მას მოატყუეს და მაშინ, როცა მან სააგენტოში დარეკა, მისი ძაღლი ჯერ ისევ თავშესაფარში იყო, მიზეზი – ძაღლს ტრავმა ჰქონდა:
“ვეძებ სამივეს, ერთი დღე არ გავჩერებულვარ. თავშესაფარში შეყვანილი ცხოველების ფოტოები ვნახე და იქ ჩემი ძაღლები არ არიან. ენერგია აღარ მაქვს. აღარც მგონია, რომ ცოცხლები არიან და ვიპოვი”, – ამბობს მარიამი.
ეს არ არის ერთეული შემთხვევა. სოციალურ ქსელში, ცხოველთა მოყვარულების ჯგუფებში, ყოველდღე ათობით პოსტი ქვეყნდება თბილისში დაკარგულ ცხოველებზე.
ცხოველთა დამცველი, აქტივისტი მარიამ თეგეთაშვილი, წლებია, თბილისში და არამხოლოდ, ასობით ძაღლზე ზრუნავს. მისი ფონდი “მეორე შანსი” მიუსაფარ ცხოველებს საკვებით, წამლებით, საჭირო ვეტერინალური პროცედურებით ეხმარება.
მარიამი ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც, ხმაურიანი აქციების შემდეგ, აპრილში, თბილისის ცხოველთა თავშესაფარში შევიდა. იქ აუტანელი ვითარება დახვდა – პატარა ვოლიერებში ერთდროულად ბევრი ძაღლი იყო, ისინი არ იყვნენ იდენტიფიცირებული – ვოლიერებს არ ჰქონდა აღწერა, საიდან ჰყავდათ აყვანილი იქ შეყრილი ძაღლები. ნახეს არაერთი მომაკვდავი ძაღლი ბეტონის იატაკზე – ზოგი ვირუსით, ზოგი ეპილეფსიური შეტევით.
მარიამი ამბობს, რომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მხოლოდ ერთი სერტიფიცირებული კინოლოგი ჰყავს, ამიტომ, როდესაც სააგენტოში ცხოველს, მაგალითად, აგრესიულის დიაგნოზს უსვამენ, ის ძალიან საეჭვოა. ასევე, არ ენდობიან, როდესაც წერენ, რომ კონკრეტული ძაღლი ბუნებრივი სიკვდილით დაიღუპა.
არსებობს ვიდეო მტკიცებულებები, როდესაც ამ სააგენტოს მანქანა მიდის კონკრეტულ ადგილზე და შემდეგ ძაღლი ქრება. მაგრამ, ამ სამსახურში იტყუებიან, რომ ცხოველი მათ არ წაუყვანიათ.
მარიამის თქმით, ბოლო პერიოდში, ხმაური რომ აიცილონ, რეიდებს ღამით ატარებენ. გადაჰყავთ ერთი და იგივე ძაღლები, უკვე აცრილი და სტერილიზებულები.
“ასობით ძაღლი ქრება ყოველდღე. თბილისის მონიტორინგი მუშაობს სასტიკი მეთოდებით, თბილისის გაწმენდა უნდათ დაჩქარებული ტემპებით – გამრავლებას თუ ვერ ვაჩერებთ, მოდი, გავაქროთ”, – ამბობს მარიამი.
რა მიიჩნევა საუკეთესო პრაქტიკად
უნივერსალური შეთანხმება, როგორ უნდა მოგვარდეს უსახლკარო ცხოველების პრობლემა, არ არსებობს. ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სახელმძღვანელო “მიუსაფარი ძაღლების პოპულაციის მართვის შესახებ”, რეკომენდაციას უწევს CNVR მეთოდს – Collect (აიყვანე), Neuter (დაკოდე), Vaccinate (აცერი) and Return (დააბრუნე).
ამ დოკუმენტის თანახმად ცხოველების სხვა ტერიტორიაზე გადაყვანა არ არის რეკომენდებული, რადგან ტერიტორიის შეცვლა იწვევს სტრესს, კონფლიქტს და სიკვდილიანობას. გაცილებით ეფექტიან მეთოდად მიიჩნევა ცხოველების იმავე ადგილას დაბრუნება.
ეს მეთოდი მიაჩნიათ საუკეთესოდ აქტივისტებს საქართველოშიც. არავის უნდა ქუჩაში ბევრი უპატრონო ცხოველი ცხოვრობდეს, მაგრამ, მათი მოთხოვნაა ეს ჰუმანური მეთოდებით მოგვარდეს.
“საკითხი ძალიან კომპლექსურია”, – გვეუბნება ნანუკა ძირტკბილაშვილი. ის ამბობს, რომ საქართველოში ძალიან ბევრი უსახლკარო ცხოველია და მათ ერთი ხელის მოსმით ვერ გააქრობენ. სტერილიზაცია/კასტრაცია, პატრონიანი ცხოველების გამრავლების შეზღუდვა და გაგდება/მიტოვების პრევენცია სანქციებით – ეს მიაჩნია ნანუკას საუკეთესო გზად:
“მიუსაფარი ცხოველების ქუჩიდან წაყვანით და განადგურებით, ვერ დავდებთ შედეგს, თუ ამას არ წამოეწია ცხოველების გამრავლების შეზღუდვა. კარგი იქნებოდა, თუ რამდენიმე წელი ცხოველების გამრავლებაზე მორატორიუმი გამოცხადდებოდა, მაგრამ ვერ შეეწინააღმდეგნენ თავიანთ ელექტორატს, ვერ მოიმდურეს მომშენებლები”.
მისი აზრით, მოშენება მკაცრად რეგლამენტირებული უნდა იყოს და ამის უფლება მხოლოდ კეთილსინდისიერ საშენებს უნდა ჰქონდეთ:
“ფეისბუქის ჯგუფებში არ უნდა წყდებოდეს, მოდი ჩემი ძაღლი შენსას შევაჯვაროთ და ლეკვების გაყიდვით არ უნდა ირჩენდეს ხალხი თავს. ამ ლეკვების უმეტესობა საბოლოოდ, ქუჩაში ხვდება”.
აქტივისტები ამბობენ, რომ უნდა არსებობდეს აღრიცხვის მოწესრიგებული სისტემა.
“ჩვენი დიდი მოთხოვნა იყო, შეიქმნას ერთიანი ბაზა, სადაც აისახება უკლებლივ ყველა ცხოველი. ციფრულ სამყაროში ეს არანაირი პრობლემაა არ არის. თუ ჩვენ ცხოველები არ გვეყოლება იდენტიფიცირებული, ბაზები არ იქნება, მათი გაგდება ვერ დაიდენტიფიცირდება. ეს ბაზები იმისთვისაც გვჭირდება, რომ ვიცოდეთ რამდენი მიუსაფარი ცხოველი გვყავს ქვეყანაში და რამდენად კარგად მუშაობს პროგრამა”, – ამბობს ნანუკა.
სახელმწიფოს პასუხი
აპრილის ხმაურიანი ვიდეოების შემდეგ შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფო დათმობაზე წავიდა. თუმცა აქტივისტები ამბობენ, რომ სურათი შეიძლება უფრო რთული იყოს.
ამ სტატიის რესპონდენტები და სხვა აქტივისტები, რომლებსაც მასალაზე მუშაობისას ვესაუბრეთ, ეჭვობენ, რომ უწყებებმა უბრალოდ შეცვალეს ტაქტიკა: ისწავლეს, სად, როდის და როგორ დაიჭირონ ძაღლები ისე, რომ ამას ნაკლები ხმაური მოჰყვეს.
მათი თქმით, სამსახურებმა უკვე იციან, რომელ უბნებსა და ტერიტორიებზე არიან ნაკლებად აქტიური მიმკედლებლები და სად შეიძლება უფრო თავისუფლად მოქმედება. ასევე ცნობენ და ერიდებიან იმ ადამიანებსაც, რომლებიც საკუთარი მიკედლებული ცხოველების საქმეს ბოლომდე მიჰყვებიან, საჯაროდ აქტიურობენ და რეზონანსის შექმნა შეუძლიათ.
რაც დანამდვილებით ვიცით, არის ის, რომ ცხოველთა მოყვარულებთან კომუნიკაციის შემდეგ სახელმწიფომ 412-ე განკარგულებაში ცვლილებების შეტანის გადაწყვეტილება მიიღო. ცვლილებები ცხოველების დაბრუნების ადგილებს ეხება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ცვლილებათა პროექტის თანახმად, ვეტერინარული მანიპულაციებისთვის თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველები იმავე ტერიტორიაზე დაბრუნდებიან, საიდანაც აიყვანეს. თუ ძაღლი ბაღის, სკოლის ან საავადმყოფოს ტერიტორიიდან აიყვანეს, მას იმ ადგილიდან ერთი კილომეტრის რადიუსში დააბრუნებენ, რათა ადაპტაცია არ გაუჭირდეს.
ამავე ცვლილებებით, საყურე ნიშნით იდენტიფიცირებად უპატრონო ან მიკედლებულ ძაღლებს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაჭერის ადგილზე ჩაუტარდებათ, თავშესაფარში გადაყვანის გარეშე.
ნანუკა ძირტკბილაშვილი ამბობს, რომ მიკედლებული ძაღლის ადგილზე დატოვება არა მხოლოდ ცხოველისთვის, არამედ მოსახლეობისთვისაც უფრო უსაფრთხო მოდელია.
„მოსახლეობასაც უნდა აწყობდეს ერთ ადგილას მიკედლებული ძაღლი. ასეთი ძაღლი არის მოვლილი, ჰყავს საკონტაქტო პირი, თუ, მაგალითად, ვიღაც გაკაწრა. გარდა ამისა, ასეთი ძაღლები იმ ადგილზე უცხო ცხოველებს არ უშვებენ და ესეც მეტი სიმშვიდის გარანტია. რადგან, როგორც წესი, გამოთავისუფლებულ ადგილას აუცილებლად ჩნდება უცხო ძაღლი, რომელიც შეიძლება მეტად საშიში იყოს“, – ამბობს ნანუკა.
JAMnews-მა სცადა თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსგანაც მიეღო პასუხები დედაქალაქთან დაკავშირებულ კითხვებზე. სააგენტოში სტანდარტულად გვითხრეს, რომ ყველა კითხვა, მათ შორის მათ მიმართ არსებულ პრეტენზიებზე, წერილობით უნდა გაგვეგზავნა და პასუხები საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესით მიგვეღო.
ცხოველთა მოყვარულები გაჩერებას არ აპირებენ. ისინი ამბობენ, რომ არ შეეგუებიან მიკედლებული ძაღლების უგზო-უკვლოდ გაქრობას. 24 მაისს, კვირას, თბილისში საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელია: სახელმწიფომ უსახლკარო ცხოველების მართვის პოლიტიკა ჰუმანურ, გამჭვირვალე და კონტროლირებად სისტემად უნდა აქციოს.
უსახლკარო ძაღლების პრობლემა საქართველოში