PACE მომზადებულ რეზოლუციაში საქართველოში "ერთპარტიული დიქტატურის“ რისკზე საუბრობს
PACE-ს რეზოლუცია
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტმა საქართველოზე მომზადებულ რეზოლუციის პროექტში ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ “სერიოზული შეშფოთება“ გამოხატა და განაცხადა, რომ დემოკრატიული უკუსვლა, პოლიტიკური კრიზისი და განსხვავებული აზრის მიმართ ზეწოლა კვლავ გრძელდება.
დოკუმენტი, რომელსაც ივნისის სესიაზე უნდა უყარონ კენჭი, მომხსენებლებმა – ედიტე ესტრელამ და საბინა ჩუდიჩმა მოამზადეს. ტექსტში ნათქვამია, რომ ასამბლეის მიერ მანამდე გაცემული “გადაუდებელი რეკომენდაციებიდან“ არც ერთი შესრულებული არ არის, რაც, ავტორების შეფასებით, ეჭვქვეშ აყენებს ხელისუფლების მზადყოფნას, შეასრულოს ევროპის საბჭოს წევრობის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები.
რეზოლუციის პროექტში ხაზგასმულია, რომ ევროპის საბჭოს წევრობა “პრივილეგიაა“, რომელიც როგორც უფლებებს, ისე ვალდებულებებს მოიცავს, ხოლო ორგანიზაციის ფუნდამენტური პრინციპები “ვერ გახდება მოლაპარაკების საგანი“.
კომიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ ინიციატივებზე, რომლებიც, მათი შეფასებით, საქართველოში პრაქტიკულად ყველა დემოკრატიული ოპოზიციური პარტიის აკრძალვას და მათი ლიდერების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლისსამართლებრივ დევნას ითვალისწინებს. დოკუმენტის ავტორები აფრთხილებენ, რომ ამ მიმართულებით პროცესების გაგრძელებამ შესაძლოა ქვეყანა”ფაქტობრივად ერთპარტიულ დიქტატურამდე“ მიიყვანოს.
პარლამენტარები ასევე აცხადებენ, რომ საქართველოში ამ ეტაპზე “ნამდვილად დემოკრატიული არჩევნების“ ჩატარებისთვის შესაბამისი გარემო არ არსებობს. მათი შეფასებით, ამის მიზეზია ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ “შეუჩერებელი ზეწოლა“, ასევე ქვეყანაში არსებული მკვეთრი პოლიტიკური და სოციალური პოლარიზაცია.
რეზოლუციის პროექტი ხელისუფლებას მოუწოდებს გააუქმოს ის, რასაც დოკუმენტი “რეპრესიულ კანონმდებლობას“ უწოდებს. საუბარია სისხლის სამართლის კოდექსში, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე. ამასთან, ტექსტი გმობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, მათ ხელმძღვანელებსა და დამოუკიდებელ მედიაზე “გაგრძელებულ შეტევებს“.
კომიტეტმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამოც, რომ, მათი შეფასებით, დემონსტრაციების დროს პოლიციის მხრიდან ძალადობისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე სარწმუნო გამოძიებები არ ჩატარებულა. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია ცნობები, რომლის მიხედვითაც, თბილისში საპროტესტო აქციების დასაშლელად აკრძალული ქიმიური საშუალებები გამოიყენეს.
რეზოლუციის დასკვნით ნაწილში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, სრულად შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციები, რომლებიც, დოკუმენტის ავტორთა შეფასებით, ასახავს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის შესახებ ადრე მიღებულ შეფასებებს.