აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ ოპოზიციურ ძალებთან რეგულარული კონსულტაციების ფორმატი დაიწყო და ე.წ. პრეზიდენტთან არსებული პოლიტიკური ძალების სპეციალური საკონსულტაციო საბჭო შექმნა, რომლის ოფიციალური მიზანი „ქვეყნის მომავლისთვის ძალისხმევის გაერთიანებაა“.
საბჭოს პირველი შეხვედრა სოხუმში გაიმართა. მას ესწრებოდნენ ორი პროსამთავრობო პარტიის, „ამცახარასა“ და „აიტაირას“ ლიდერები, ასევე ორი ოპოზიციური ორგანიზაციის – ვეტერანთა მოძრაობა „არუაასა“ და „სახალხო ერთიანობის ფორუმის“ წარმომადგენლები.
შეხვედრის გახსნისას გუნბამ განაცხადა, რომ ახალი ფორმატი შეიძლება გახდეს „პლატფორმის შექმნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი“, სადაც სხვადასხვა პოლიტიკური ძალა „სამშობლოსთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე“ იმსჯელებს.
მისი თქმით, საკონსულტაციო საბჭო უნდა გადაიქცეს სივრცედ, სადაც პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები აფხაზეთის განვითარების, ასევე „დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გაძლიერების“ საკითხებზე თანამშრომლობას შეძლებენ.
გუნბამ აღნიშნა, რომ საბჭო ღია იქნება ყველა პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც მზად არის „კონსტრუქციულ დიალოგში“ ჩაერთოს.
„მხოლოდ ერთად, დიალოგისა და ურთიერთპატივისცემის გზით, შეგვიძლია უზრუნველვყოთ ქვეყნის მდგრადი განვითარება და შევინარჩუნოთ ყველაფერი, რისთვისაც ჩვენი ხალხი იბრძოდა“, — თქვა მან.
ვეტერანთა მოძრაობა „არუაას“ ლიდერმა თემურ გულიამ ინიციატივას „დროული ნაბიჯი“ უწოდა.
„ყველას ერთი საერთო მიზანი გვაქვს — სახელმწიფოებრიობის გაძლიერება და წინსვლა“, — განაცხადა გულიამ.
სოციალურ მედიაში ინიციატივას ნაწილობრივ დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგიერთი მომხმარებელი იმედოვნებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაწყებული დიალოგი შიდა პოლიტიკური დაძაბულობის შემცირებას შეუწყობს ხელს.
თუმცა, საბჭოს ეფექტიანობასთან დაკავშირებით სკეპტიციზმიც არსებობს. Telegram-არხ „აფხაზეთი-ცენტრის“ მიერ ჩატარებული ანონიმური გამოკითხვის მიხედვით, რესპონდენტთა მხოლოდ მესამედმა შეაფასა ინიციატივა „ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესად“, მაშინ როდესაც გამოკითხულთა თითქმის ნახევარმა მომავალი ფორმატი ასე აღწერა: „დაჯექით, ისაუბრეთ და შემდეგ ისევ თქვენი გზებით წადით“.