103 წლის წინ საქართველოს პირველი რესპუბლიკა დასრულდა. რა მოგვცა დამოუკიდებლობის სამმა წელმა
პირველი რესპუბლიკის დასასრული
25 თებერვალი საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის დღეა — საქრთველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გაუქმებიდან უკვე 103 წელი გავიდა.
როგორი იქნებოდა დღეს საქართველო, ისტორია რომ სხვაგვარად განვითარებულიყო – ამაზე ისტორიკოსებს მხოლოდ ვარაუდი შეუძლიათ. უფრო მარტივია იმის გაანალიზება, თუ რისი შექმნა მოასწრო საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობის სამწლიან პერიოდში.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის 1028 დღეზე საზოგადოებას ფრაგმენტული და ხშირად არასწორი ინფორმაცია აქვს.
საქართველოს ანექსიის ტრაგიკულ დღესთან დაკავშირებით, JAMnews-ი ესაუბრა პირველი რესპუბლიკის მკვლევარს, პროექტ “რესპუბლიკა100”-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ირაკლი ირემაძეს.
რა წინაპირობები ჰქონდა პირველ რესპუბლიკას?
1918 წელს საქართველოს მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობა არ იყო სპონტანური გადაწყვეტილება. ქვეყნის ინტელექტუალური ელიტა ამ ნაბიჯისთვის რამდენიმე ათწლეულის მანძილზე ემზადებოდა. ადამიანებს, რომლებიც დემოკრატიული რესპუბლიკის სათავეში მოვიდნენ, ჰქონდათ პოლიტიკურ სივრცეში ყოფნის გამოცდილება.
პოლიტიკური ელიტის ჩამოყალიბება საქართველოში 1870-იან წლებში, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების და სასულიერო აკადემიის საქმიანობის საფუძველზე დაიწყო. პირველი სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა ქვეყანაში 1892 წელს შეიქმნა. მალევე, ქართველ პოლიტიკოსებს რუსეთის სათათბირო საბჭოში არჩევის საშუალება მიეცათ.
სწორედ პოლიტიკური გამოცდილება განასხვავებდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ლიდერებს მეორე რესპუბლიკის მეთაურებისგან – დისიდენტებმა, რომლებიც 1990 წელს აღმოჩდნენ ქვეყნის სათავეში, იცოდნენ, როგორ ებრძოლათ სისტემის წინააღმდეგ, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდათ,როგორ უნდა ემუშავათ მაშინ, როცა იქნებოდნენ ამ სისტემის ხელმძღვანელები.
ჰყავს თუ არა საქართველოს “დამფუძნებელი მამები” და ვინ არიან ისინი?
ნოე ჟორდანიას მთავრობას თამამად შეიძლება ვუწოდოთ “დამფუძნებელი მამები”. Მათ შექმნეს მმართველობის სისტემა — რესპუბლიკა — რომელსაც მანამდე საქართველოში არასდროს უარსებია.
“დამფუძნებელი მამები” ერთმანეთს უთავსებდნენ სპონტანურ და წინასწარ დაგეგმილ ნაბიჯებს.
მაგალითად, მაშინდელი გეოპოლიტიკური ვითარება და ცვლილებები პირველ მსოფლიო ომში მათ საგარეო პოლიტიკაში მოქნილობას აიძულებდა, ქვეყნის შიგნით კი ლიდერებს მეტი დრო ჰქონდათ რეფორმების ჩამოსაყალიბებლად.
როგორი იყო გეოპოლიტიკური კონტექსტი
1918 წლამდე ევროპის გეოპოლიტიკურ რუკაზე ძირითადი მოთამაშეები დიდი იმპერიები იყვნენ. ამიტომაც, საქართველოსნაირი პატარა სახელმწიფოსთვის დამოუკიდებლობაზე ფიქრი არასერიოზული იყო. იმ პერიოდში დამოუკიდებლობაზე ღიად მხოლოდ ემიგრაციაში მყოფი პოლიტიკოსები საუბრობდნენ. ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი იყო პატარა, მაგრამ გავლენიანი “საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი” გერმანიაში, რომელიც, რუსეთის საპირწონედ სწორედ გერმანიას ხედავდა. 1914 წელს კომიტეტის წევრები, მიხაკო წერეთელი და მელიტონ ქარცივაძე ფარულად ჩამოვდნენ საქართველოში და შეხვდნენ ნოე ჟორდანიას, რომელმაც დამოუკიდებლობის იდეას მხარი დაუჭირა. ერთი წლის შემდეგ შედგა მეორე შეხვედრა ქუთაისში, სადაც თავი ქვეყანაში მოქმედი ძირითადი პარტიების წევრებმა მოიყარეს.
საქართველოს დამოუკიდებლობის საქმეში ქუთაისში შეკრებილ პოლიტიკოსებს ძირითად მოკავშირედ ორი ქვეყანა – გერმანია ან/და ბრიტანეთი წარმოედგინათ.
ორივე ქვეყანას ჰქონდა გარკვეული ინტერესი კავკასიაში. ბრიტანელების ინტერესი კასპიის ზღვის სანაპიროს და ბაქოს ნავთობს უკავშრდებოდა.
გერმანელებს კი საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი ხიბლავდათ – ამიერკავკასიის სარკინიგზო ღერძი სწორედ აქ გადიოდა. ასევე, საქართველოზე პოტექტორატის აღების შემთხვევაში, გერმანელები გააკონტროლებდნენ მანგანუმის წარმოებას ჭიათურაში, რომელიც მათ სამხედრო ინდუსტრიისთვის სჭირდებოდათ.
სწორედ ამ სარგებელმა უბიძგა გერმანიას “ფოთის შეთანხმების” გაფორმებისკენ. ეს იყო პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აკაკი ჩხენკელმა მოაწერა ხელი. შეთანხმების შედეგად, გერმანიამ აღიარა საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და ის ოსმალეთის მხრიდან შესაძლო აგრესიისგანაც იხსნა.
“საქართველოს მაშინ არჩევანის ფუფუნება არ ჰქონდა — ქვეყანა გერმანიის პროტექტორატის ქვეშ შევიდა. პირველ მსოფლიო ომში მოკავშირეების გამარჯვების შემდეგ კი ბრიტანეთთან ურთიერთობის დალაგება გაუჭირდა — ბრიტანელები გერმანიის მხარეს მყოფ რესპუბლიკას ეჭვის თვალით უყურებდნენ,” – განმარტავს ირაკლი ირემაძე.
შიდაპოლიტიკური მდგომარეობა
მძიმე გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის 3 წელი საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა ქვეყნის შიგნით გაკეთებული საქმეების თვალსაზრისით.
პირველი და მთავარი – მიიღეს კონსტიტუცია.
კონსტიტუციის მიღება არ იყო ნაჩქარევი პროცესი. Მათ შეისწავლეს ევროპის იმდროინდელი ყველა კონსტიტუცია, თარგმნეს გამოსცეს და იქიდან ამოკრიფეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. ქართულ ენაზე არსებობს, მაგალითად, პორტუგალიისა და ლუქსემბურგის იმდროინდელი კონსტიტუციები.
“დამფუძნებელმა მამებმა” ჰქონდათ ამბიცია, რომ შეექმნათ ყველაზე დემოკრატიული კონსტიტუცია და ამას პირდაპირ აცხადებდნენ” – ამბობს ირემაძე.
მართალია კონსტიტუციის სრული სახით ამოქმედება ვერ მოესწრო, მაგრამ, მასში გაწერილი ძირითადი პუნქტები კანონების სახით იყო გამოცდილი.
ასვე , იმ სამ წელიწადში ნოე ჟორდანიას მთავრობის მიერ გატარდა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა:
თვითმმართველობის რეფორმა: საქართველოში დემოკრატიულ რესპუბლიკამდე უკვე არსებობდა საქალაქო თვითმმართველობები, თუმცა, “დამფუძნებელმა მამებმა” რესპუბლიკის პირველივე წელს გააფართოვეს ეს პრაქტიკა და თვითმმართველობის რეფორმა მაზრებსაც შეეხო. დეცენტრალიზაცია ნიშნავდა, რომ რეგიონებს ბევრი საკითხის ადგილზე გადაწყვეტა შეეძლოთ. რაც მთავარია, ეს ნიშნავდა იმასაც, რომ როდესაც გადაწყვეტილებას ადგილზე მიიღებდნენ, მისი აღსრულების რესურსიც ადგილზე, გადასახადებით გროვდებოდა.
ადგილობრივი მმართველობა იყო არჩევითი, დემოკრატიული პრინციპით. თვითმმართველობებს ჰქონდათ უფლება და თავისუფლება, რომ დაენიშნათ მოსამართლეები, გაეხსნათ დაწყებით სკოლები, საავადმყოფოები და საწარმოები რეგიონების საჭიროებების შესაბამისად.
“და შეადარეთ, დღეს რა გვაქვს? ყველაფერი არის ცენტრში, ყველაფერს ცენტრი წყვეტს და რეგიონები ელოდებიან, როდის გაიმეტებს ცენტრი მცირე რესურსს, რომ გადაუგზავნოს მუნიციპალიტეტს,” – ამბობს ისტორიკოსი.
განათლების რეფორმა: იმ მომენტში, როდესაც დემოკრატიული რესპუბლიკა დაარსდა, ყველაზე ოპტიმისტური დათვლით, საქართველოში 870-მდე დაწყებითი სკოლა ფუნქციონირებდა. ბოლო სამ წელიწადში, 1921 წლისთვის ამ რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა — გამოდის, რომ ქვეყანაში დღეში ორ სკოლაზე მეტი იხნებოდა.
განათლება მთავარ პრიორიტეტად იქცა. ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონოდა მინინუმ ორკლასიანი დაწყებითი განათლება, რომ ჩართულიყო სამოქალაქო პროცესებში. სკოლები უფასო იყო. ხოლო კონსტიტუციაშიც იყო ასახული, რომ სახელმწიფო ვალდებული იყო, ღარიბ მოსწავლეებს დახმარებოდა ტანსაცლითა და წიგნებით.
სასწავლებლების სიმრავლის მიუხედავად, ქართველი ბავშვების 20 პროცენტი ჯერ ისევ ვერ ახერხებდა დაწყებითი განათლების მიღებას. თუმცა, არსებობდა გეგმა, რომლის მიხედვით, საყოველთაო განათლების რეფორმა მთავრობას 1924 წლისთვის უნდა დაესრულებინა. ამ დროისთვის, საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონოდა სკოლაში წასვლის შესაძლებლობა.
“დამფუძნებელ მამებს” უმაღლესი განათლებისთვისაც ჰქონდათ ხედვა ჩამოყალიბებული. თბილისის ახლადგახსნილ კერძო უნივერსიტეტს მათ 1918 წელსვე მიანიჭეს საეხელმწიფო სტატუსი.
სასწავლებელი არ იყო დამოკიდებული მხოლოდ სტუდენტების გადახდილ გადასახადებზე.
უნივერსიტეტს ჰქონდა სიმბოლური გადასახადი, მაგრამ მას 90 პროცენტით ბიუჯეტი აფინანსებდა.
აგრარული რეფორმა: მე-19 საუკუნის მეორე ნახევრამდე საქართველოში ბატონყმობა არსებოდა. ყმები ბატონის საკუთრებას წარმოადგენდნენ. ბატონს შეეძლო ნარდში ან კარტში წაეგო, გაეჩუქებინა და რაიმე მატერიალურში გაეცვალა ისინი.
მე-19 საუკუნის მეორე ნახევრში ბატონყმობა გაუქმდა – ყოფილმა ყმებმა მოიპოვეს თავისუფლება, თუმცა, მათ არ ჰქონდათ საკუთრება, არ მიუღიათ მიწა და ამიტომ, იძულებულნი იყვნენ კვლავ თავიანთი ბატონებისთვის ემუშავათ.
1917 წლამდე, საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი სოფლად ცხოვრობდა და სახნავ-სათესებს არ ფლობდა. “დამფუძნებელმა მამებმა” ეს მდგომარეობა მალევე შეცვალეს — მათ თავადებს დაუტოვეს გარკვეული რაოდენობის ქონება, მიწების დარჩენილი ნაწილი კი სიმბოლურ ფასად გადასცეს ყოფილ ყმებს. 1920 წლისთვის, გლეხების უმრავლესობა უკვე საკუთარ მიწას ამუშავებდა.
“ეს იყო ძალიან ფუმდამენტური ნაბიჯი, რომელმაც ბოლშევიკებს გამოაცალა დასაყრდენი”, ამბობს ირამაძე. საბჭოთა ხელისუფლების დაარსებიდან ძალიან მალე რუსებმა ქართველ გლეხებს ისევ ჩამოართვეს საკუთრებაში არსებული მიწა.
სასამართლო რეფორმა: რევოლუციური ცვლილებები გატარდა ამ მიმართულებითაც –
1919 წლიდან, საქართველოში სასამართლოს სხდომები რუსულის ნაცვლად, ქართულ ენაზე იმართებოდა.
მეორე მნიშვნელოვანი ცვლილებაც მალევე მოხდა – დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ შემოიღო ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი და ხელი შეუწყო მედიატირული სასამართლოს ჩამოყალიბებას რეგიონებში, რომელიც ძირითადად ეკონომიკურ დავებს წყვეტდა.
ამ ნაბიჯებმა აამაღლა მართლმსაჯულების ნდობა საზოგადოებაში.
“პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი საქმეებისთვის არსებობდა უმაღლესი სასამართლო, სენატი. მოსამართლეებს მაშინ დემოკრატიული პრინციპით ირჩევდნენ. სენატში იყვნენ ოპოზიციონერებიც, თუმცა არ იყო არც ერთი სოციალ-დემოკრატი, ანუ მმართველი პარტიის წარმომადგენელი”.
ეკლესია და სეკულარიზმი: სოციალ-დემოკრატიულ პოლიტიკურ წყობაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა სეკულარიზმი. რელიგიამ დატოვა საჯარო სივრცე — სკოლებიდან გაიტანეს “საღთო რჯული” და შეზღუდეს არა მხოლოდ ქრისტიანული, არამედ სხვა რელიგიური მოძღვრების სწავლებაც. ერთი სიტყვით, არც ერთი რელიგიის წარმომადგენელს არ ენიჭებოდა პრივილეგია კანონის წინაშე.
მსგავსი მიდგომა არსებოდა, ზოგადად, მოწყვლადი ჯგუფების მიმართაც.
“სოციალ-დემოკრატებს არ ჰქონიათ სპეციალური კანონები ქალების, ან უმცირესობების უფლებების შესახებ. მათი იდეოლოგია თავისთავად მოიაზრებდა ემანსიპაციას და მათთვის პოლიტიკური თუ ეკონომიკური უფლებების მინიჭებას,” – აღნიშნავს ირაკლი ირემაძე.
ეკლესიას, როლთან ერთად, შეუმცირდა ქონებაც, როცა მას, აგრარული რეფორმის შედეგად, მიწები ჩამოერთვეს. ამასთან, სახელმწიფო შეეცადა, ეკლესიისგან რელიგიურ მემკვიდრეობაზე ზრუნვის ვალდებულებაც გადაებარებინა. ამის მიზეზი ასევე გახდა ისიც, რომ იყო ეკლესიის განძის გაყიდვის შემთხვევები.
არსებოდა ცნობები, რომ გელათის განძი იყიდებოდა ქუთაისის ბაზრობაზე. სახელმწიფომ მოითხოვა, რომ ის განძეული, რაც არ გამოიყენებოდა წირვა-ლოცვაში, გადაეტანათ ეროვნულ მუზეუმში.
სწორედ სეკულარულ დაწესებულებებში გადატანილი არტეფაქტები შემორჩა დღეს ქვეყანას:
“რაც ეკლესიებში დატოვეს, შემდეგ კომუნისტებმა გადაადნეს ან მოიპარეს, მუზეუმებში დაცული საეკლესიო საგანძური კი ფაქტობრივად უკლებლივ დაბრუნდა უკან ემიგრაციიდან”, – ამბობს ირემაძე.
საქართველოს დემოკრატიული პირველი რესპუბლიკის დასასრული
მიუხედავად ქვეყნის შიგნით მიღწეული პროგრესისა, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას არ ჰქონდა საგარეო პოლიტიკაში მოქმედებისთვის საჭირო ბერკეტები.
1920 წლის ბოლოსთვის ბოლშევიკებს უკვე ანექსირებული ჰქონდათ აზერბაიჯანი და სომხეთი. “დამფუძნებელი მამები” ხვდებოდნენ, რომ რუსებთან ბრძოლაში მეზობლების ბედს გაიზიარებდნენ.
“საქართველოს რაღაც სასწაული თუ გადაარჩენდ – შეიძლება თებერვალში გადავრჩენილიყავით, მაგრამ ზაფხულში და შემოდგომაზე კიდევ ერთ შემოტევას ვერ გავუძლებდით”, – აღნიშნავს ისტორიკოსი.
საქართველოს არ ჰყავდა ძლიერი საგარეო გულშემატკივრები — დიდი ბრიტანეთი 1921 წლისთვის უკვე გასული იყო კავკასიიდან, “ერთა ლიგამ” კი ახალი რესპუბლიკა თავის რიგებში არ მიიღო. ორგანიზაციას არ ჰქონდა პატარა სახელმწიფოს დაცვის არცრესურსი და არც ინტერესი. ქართველებს კი ბოლშევიკებღან საბრძლოლველად საკმარისი შეიარაღება არ ჰქონდათ.
მარტოდ დარჩენილ ლიდერებს წინ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჰქონდათ — დაეტოვებინათ თუ არა ქვეყანა. სწორედ “გაქცევის” მითი არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მცდარი ინფორმაცია დემოკრატიულ რესპუბლიკაზე.
“გუგლი” სავსეა მითებით, თითქოს გვქონდა იარაღი, არ გამოვაცხადეთ მობილიზაცია და ყველა ლიდერი გაიქცა”, – ამბობს ისტორიკოსი. “არ წასულა კატასტროფული რაოდენობა, არ წასულა ყველა ლიდერი. პოლიტიკოსების დიდი ნაწილი დარჩა, მათ შორის, მინიტრები, ვიცე-პრემიერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, რომლებიც შეეწირნენ კიდეც ამ გადაწყვეტილებას”.
ნოე ჟორდანიასა და პრეზიდიუმის წევრების “გაქცევას” სერიოზული მიზეზები ჰქონდათ — არსებობდა დირექტივები ლენინისგან, რომლებშიც ის მოითხოვდა ჟორდანიას ქვეყანაში დატოვებას, ნებისმიერ ფასად, რადგან საბჭოთა კავშირს ჟორდანიასგან კაპიტულაციაზე ხელმოწერა სჭირდებოდა.
“ეს ჯერ არ იყო ის საბჭოთა კავშირი, რომელიც შემდეგ შეიქმნა, ისინი ჯერ კიდევ აქცვდნენ ბევრ იურიდიულ ფოკუსს ყურადღებას. შესაბამისად, დარჩენა ნიშნავდა, რომ შეიძლება იძულებით მომხდარიყო კაპიტულაციაზე ხელმოწერა”, – ამბობს ირემაძე.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრი, გრიგოლ ლორთქიფანიძე ემიგრაციაში არ წასულა. სწორედ მან მოაწერა ხელი შეთანხმებას საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. ამ დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ერთადერთ კანონიერ მთავრობად დემოკრატიული მთავრობა რჩებოდა. მნიშვნელოვანია ის, რომ ქართველებს არ უღიარებიათ ბოლშევიკური მთავრობა და არც კაპიტულაციას დათანხმებულან.
ამ გადაწყვეტილებიდან 103 წლის შემდეგ, დამოუკიდებელ საქართველოში, JAMnews-მა ისტორიკოსს ჰკითხა იმ მთავარი გაკვეთილის შესახებ, რომელიც დემოკრატიულმა რესპუბლიკამ შეიძლება ასწავლოს ახალ თაობას.
თვითრწმენა უნდა აგვიმაღლდეს”, – ამბობს ირაკლი ირემაძე. – “თუ მაშინ შეგვეძლო, ახლა რატომ არ შეგვიძლია? მაშინ ბევრად მძიმე გამოწვევები იყო, ბევრად რთული და მაშინ შეძლეს, რომ შეექმნათ ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული სახელმწიფო. შევძელით და ვიყავით, ნამდვილად ვიყავით ერთ-ერთი გამორჩეული, დემოკრატიის თვალსაზრისით და ახლა რა გვჭირს? [წარსულის გამოცდილება] ამ კითხვის დასმაში მაინც დაგვეხმარება”.
პირველი რესპუბლიკის დასასრული