კომენტარი: ევროპის ქვეყნებში არსებულ გადაცდომებს "ქართული ოცნება“ თავის სამართლებლად იყენებს
პაატა ზაქარეიშვილის მოსაზრება
პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა ირაკლი კობახიძის ღია წერილის შესახებ ისაუბრა, რომელიც მან ევროკავშირის ლიდერებს გაუგზავნა და განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნებში არსებულ გადაცდომებს “ქართული ოცნება“ თავის სამართლებლად იყენებს და ეს წერილიც ამის ნათელი მაგალითია.
როგორც პოლიტოლოგმა განმარტა, ევროკავშირი არ არის ვალდებული, საქართველოს წინაშე თავი იმართლოს, როგორც ამას კობახიძე ღია წერილში მოითხოვს ბრიუსელისგან, რადგან, ზაქარეიშვილის თქმით, ევროკავშირს არ მოუთხოვია საქართველოსთან გაწევრიანება, არამედ პირიქით – ჩვენ მოვითხოვეთ ეს ევროკავშირისგან.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღია წერილით მიმართა ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს. მიმართვაში კობახიძე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარებულ მოვლენებზე. მისი თქმით, მშვიდობიანი დემონსტრაციის დაშლისას პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებამ, მათ შორის ხელკეტებისა და ძაღლების გამოყენებამ, სერიოზული კითხვები გააჩინა ევროკავშირის მიერ დეკლარირებული დემოკრატიული სტანდარტების მიმართ.

პაატა ზაქარეიშვილი: “ძალიან უცნაური წერილია, მაგრამ უცნაური „ქართული ოცნებისგან“ უკვე დიდი ხანია აღარაფერი აღარ არის იმიტომ, რომ მათი მთავარი ამოცანაა, საქართველო არ მიდიოდეს ევროკავშირში.
ისინი თვლიან, რომ შეცდომა დაუშვეს, როდესაც კონსტიტუციაში შეიტანეს ცვლილებები და თავის თავზე აიღეს, რომ საქართველო ევროკავშირში და ნატოში წაიყვანონ, ამას ნანობენ იმიტომ, რომ აშკარად ჩანს, ისეთი ვალდებულებები აიღეს, რომელსაც ისინი ვერ შეასრულებენ იმიტომ, რომ მაშინ ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებენ. ამიტომ მთელი პოლიტიკა, 2020 წლიდან მოყოლებული, განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ, მკაფიოდ არის მიმართული იმისკენ, რომ როგორმე აიძულონ ევროკავშირი, რომ უარი თქვას საქართველოზე.
მიზანმიმართულად ხდება [ევროკავშირთან ხიდების ჩაჩეხა], თანაც ისე, რომ ევროკავშირს დაჰბრალდეს. მუდმივად მიმდინარეობს ევროკავშირის დისკრედიტაცია. ღია წერილი რაღაც საბჭოთა გადმონაშთია. გვიანდელი საბჭოთა კავშირის დროს ვისაც არ ეზარებოდა, ყველა ღია წერილს წერდა. გაზეთი „კომუნისტი“ იქნებოდა თუ სხვა, ვიღაცა ვიღაცას სულ ღია წერილს წერდა.
ეს [ირაკლი კობახიძის] ღია წერილის საბჭოთა გადმონაშთია, სადაც ადრესატი არა ევროკავშირი, არამედ საკუთარი ამომრჩეველია, პირველ რიგში, და ასევე ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი, რადგან, როგორც წესი, „ქართული ოცნება“ ყოველთვის ფიქრობს არჩევნებზე.
წერილი შიდა მოხმარებაზეა გათვლილი და ამომრჩეველს ეუბნება, რომ ჩვენ ვართ ევროპის ტოლი, თბილისი არის ბრიუსელი. კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირმა ანგარიში უნდა ჩაგვაბაროს და გვითხრას, როგორ აფასებს კოპენჰაგენში მიმდინარე პროცესებსო. უკაცრავად, მაგრამ საქართველო გარეთ არის, სულ სხვა მხარეს. ევროკავშირი არც კი არის ვალდებული, საქართველოს დაელაპარაკოს. საქართველომ დაწერა განცხადება ევროკავშირში გაწევრიანებაზე და არა ევროკავშირმა.
ევროკავშირი არაფერს არ ეძებს საქართველოში, საქართველო ეძებს ევროკავშირში, შესაბამისად, ამ განცხადების შემდეგ ევროკავშირმა 12 პუნქტის მოგვცა შესასრულებლად და ჩვენ არ შევასრულეთ. ამის მიუხედავად, ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი მოგვცა და 9 პუნქტი. არც ამას ვასრულებთ პრინციპულად და მეტიც, 2024 წელს მოლაპარაკება შევწყვიტეთ ევროკავშირში გაერთიანებაზე და 2028 წლამდე გადავიტანეთ. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ კონსტიტუციაში გვიწერია ევროკავშირისკენ სვლა და ამ სვლაზე რომ გვეთქვა უარი, ეს პირდაპირ კონსტიტუციის დარღვევა იქნებოდა.
მათ ახლა იმედი აქვთ, რომ ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციას მაინც გაგვიუქმებს, რომ მერე თქვან, რა საშინელებაა ევროკავშირიო. კოპენჰაგენში რამე რომ მოხდეს, ვენაში რამე რომ მოხდეს ან ვარშავაში, ამას მუდმივად იყენებენ თავის ამომრჩეველთან თავის მართლებისთვის.
პროპალესტინული მიტინგები ევროპაში რეგულარულად ტარდება. ევროპაში მოსაზრება გაყოფილია და მკაფიოდ არის გამოკვეთილი პალესტინელების მხარდამჭერი და ისრაელის მხარდამჭერი ძალები. ამ ფონზე მე მიკვირს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია – მას პროპალესტინული პოზიცია არასდროს არ გამოუხატავს. საქართველოს ხელისუფლება არასდროს არ იცავს პალესტინის პოზიციას, მეტიც – საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური ისრაელელი ფიგურა ბენ-გვირი ჩამოიყვანეს, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სასტიკი და ისრაელშიც კი მიუღებელია მისი რიტორიკა პალესტინელებისა და არაბების მიმართ.
საქართველოს პოზიცია მკაფიოდ პროისრაეულურია. როცა შენ ხარ ისრაელის მხარეს და ამ დროს პალესტინის მომხრეთა ბედი გადარდებს, ეს არის წმინდა წყლის ფარისევლობა.
მე რომ ვიყო დანიის მოქალაქე, აუცილებლად მოვთხოვდი მთავრობას პასუხს, რამდენად ჩატარდა ეს ოპერაცია კანონის შესაბამისად და იქნება თუ არა ამაზე გამოძიება. ვნახავთ, „ქართული ოცნება“ კი ამას გაატარებს, რომ დანიაში, საქართველოსგან განსხვავებით, აუცილებლად ჩატარდება ამაზე გამოძიება. ევროპაში ყოველთვის ასე ხდება, იქ ისჯებიან ხოლმე ძალის გადამეტებაზე.
ევროპა ღირებულია არა მარტო იმით, რომ ევროპაა, არამედ იმითაც, რომ ის თავის შეცდომებს აღიარებს. ევროკავშირი ამასაც მიხედავს. ტრაგედია არის ის, რომ ირაკლი კობახიძე თავის თავს აძლევს იმის უფლებას, დანიაზე ილაპარაკოს და ირანსა და ჩინეთზე არ ილაპარაკოს. არაფერი საერთო ადამიანის უფლებებთან „ქართულ ოცნებას“ არ აქვს, ეს არის წმინდა წყლის ანტი-ევროპული კამპანია, რათა საზოგადოებაში მოამზადონ ნიადაგი, თუ რატომ არ შეიძლება ვიყოთ ჩვენ ევროკავშირის წევრი.”