"შესაძლოა, თავად ევროპა მიდიოდეს ბნელი წარსულისკენ" — შალვა პაპუაშვილი ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
შალვა პაპუაშვილის წერილი ჰერჩინსკის
“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის, ევროპის დღესთან დაკავშირებით ღია წერილით მიმართავს და აცხადებს, რომ ევროკავშირის დღევანდელი პოლიტიკა “დაპირისპირების გაღრმავებისა და უთანხმოებების ზრდისკენ“ არის მიმართული.
წერილი, რომელიც პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, 9 მაისის სიმბოლურ მნიშვნელობას, მეორე მსოფლიო ომის დასრულებასა და ევროკავშირის იდეის საწყის პრინციპებს ეხება. პარლამენტის თავმჯდომარე წერილში რამდენჯერმე იმოწმებს ევროკავშირის ერთ-ერთ დამფუძნებელს, რობერ შუმანს, და ამბობს, რომ თანამედროვე ევროპული პოლიტიკა შუმანის ხედვას დაშორდა.
“შუმანის დეკლარაციას საფუძვლად ედო ერთი უმთავრესი მიზანი: უზრუნველეყო, რომ ომს აღარასოდეს გაენადგურებინა ევროპა და ევროკავშირის დღევანდელი პოლიტიკაც სწორედ ამ ხედვის ფონზე უნდა შეფასდეს“, – წერს პაპუაშვილი.
წერილში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა მეორე მსოფლიო ომსა და ქართველების მონაწილეობას ანტიფაშისტურ ბრძოლაში. პაპუაშვილი აკრიტიკებს ჰერჩინსკის გასული წლის მიმართვას და აცხადებს, რომ ევროპის დღის გამარჯვების დღისგან გამიჯვნა საქართველოსთვის მიუღებელია.
“საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელმაც ამ ომში მსხვერპლი არ გაიღო. ევროპის დღის გამარჯვების დღისგან გამიჯვნა ჩვენთვის მიუღებელია,“ – წერს ის და აღნიშნავს, რომ იმედოვნებს, 9 მაისის ღონისძიებაზე სათანადო პატივს მიაგებენ “300,000 ქართველს, რომელმაც სიცოცხლე დადო ფაშიზმისაგან თავისუფალი ევროპისათვის“.
პაპუაშვილი ევროკავშირს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევასა და “პოლიტიკურად მოტივირებულ“ ქმედებებში ადანაშაულებს. მისი თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციები, სანქციებისა და ეკონომიკური ზეწოლის მუქარები, ასევე ბრიუსელის განცხადებები, მიზნად ისახავს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში დაპირისპირების გაღრმავებას.
“ნამდვილი ერთიანი ევროპა არის ის, რომელიც არა მხოლოდ მომავალ ომებს აღკვეთს, არამედ მიმდინარე კონფლიქტებსაც დაასრულებს,“ — ნათქვამია წერილში.
ევროპული ინტეგრაციის საკითხზე პაპუაშვილი აცხადებს, რომ საქართველო “ევროპული ცივილიზაციის თანაშემოქმედია“ და ევროპასთან დაახლოება არ უნდა ნიშნავდეს ბრიუსელის ერთპიროვნულ “ბატონობას” საქართველოზე.
წერილში ის ასევე აკრიტიკებს ევროკავშირის პოლიტიკას ტრადიციული ღირებულებებისა და ეროვნული სუვერენიტეტის საკითხებზე. მისი თქმით, “ევროპული იდეალები“, როგორიცაა ეროვნული დამოუკიდებლობა, ქრისტიანული ღირებულებები და ტრადიციული ცხოვრების წესი, ვერ გაუქმდება “განსხვავებული იდეოლოგიური შეხედულებების“ გამო.
პაპუაშვილი ეკონომიკურ საკითხებსაც ეხება და აცხადებს, რომ ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ დაპირისპირებაში ჩართვას უსაფრთხოების გარანტიებისა და ეკონომიკური მხარდაჭერის გარეშე მოითხოვდა, რაც, მისი შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკურ და რეგიონულ სტაბილურობას საფრთხეს შეუქმნიდა.
წერილის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ნაწილი ეხება ძალადობისა და რადიკალიზმის თემას. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებს საჯაროდ არ დაუგმიათ “გადატრიალების მცდელობა“, რაც, მისი თქმით, გასული წლის 4 ოქტომბრის მოვლენებში გამოიხატა.
“შვიდ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, არც ერთ ევროპელ მაღალჩინოსანს საჯაროდ არ დაუგმია გადატრიალების ეს მცდელობა, თითქოს, ძალადობრივი გადატრიალებები ევროპულ პოლიტიკაში ნორმალური პრაქტიკა იყოს,“ – წერს პაპუაშვილი.
წერილის ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირთან ურთიერთობის მკაფიო შეთავაზება აქვს: “აგრესიული რიტორიკის შეწყვეტა, მავნე პოლიტიკის გადახედვა და უსამართლო რეზოლუციების გაუქმება“.
“თუ გვინდა, რომ ევროპის დღემ შეინარჩუნოს თავისი მნიშვნელობა, მაშინ ის კვლავ უნდა ნიშნავდეს იმას, რასაც თავდაპირველად წარმოადგენდა – მშვიდობას, თანამშრომლობას და ერთიანობას, დაფუძნებულს ერების და მათი იდენტობის პატივისცემაზე,
საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული უკანასკნელი მიუღებელი და ჩვენი ხალხის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებები, თითქოს ქვეყანა “ბნელ წარსულს“ უბრუნდება, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რამდენად არასწორია ევროკავშირის ამჟამინდელი პოლიტიკა. თუმცა რეალობას ქართველი ხალხის პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, შესაძლოა, თავად ევროპა მიდიოდეს იმ ბნელი წარსულისკენ, რომლის თავიდან აცილებასაც რობერ შუმანი და მისი თაობის სხვა დიდი მოღვაწეები ცდილობდნენ.” – ნათქვამია წერილში.