ანდრიი სიბიჰა: კიევს საქართველოსთან ურთიერთობის "ახალი ფურცლის გახსნა“ სურს
გაზიარება
გაზიარება
ანდრი სიბიჰა საქართველოზე და უკრაინაზე
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა აცხადებს, რომ კიევი მზად არის გააგრძელოს საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზება, მიუხედავად ბოლო წლების პოლიტიკური დაძაბულობისა ორ ქვეყანას შორის.
უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა 2022 წელს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინაში, თუმცა დაძაბულობა მანამდეც არსებობდა, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებული საკითხების ფონზე.
თბილისი კიევს ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებდა და უკრაინის დანგრეული ქალაქების ფოტოებს შიდა პოლიტიკურ კამპანიებშიც იყენებდა. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებდა, რომ „ქართული ოცნება“ რუსულ ინტერესებთან იყო დაკავშირებული და სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს და სხვა მაღალჩინოსნებს.
სიბიჰას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის რჩება „მგრძნობიარე საკითხები“, უკრაინა მზად არის წინსვლისა და დიალოგის გასაგრძელებლად. მისი განცხადებით, მხარეებს სურთ ურთიერთობებში „ახალი ფურცლის გახსნა“.
„ჩვენ ასევე გვსურს ახალი ფურცლის გახსნა ჩვენს ქართველ პარტნიორებთან. ერევანში შედგა ისტორიული შეხვედრა ჩვენს ლიდერებს შორის. ეს იყო აზრების კარგი გაზიარება. ჩვენ ღია ვართ ამ კონსტრუქციული დიალოგის გასაგრძელებლად. უახლოეს მომავალში მოლდოვაში მექნება შეხვედრა ჩემს ქართველ კოლეგასთან. ჩვენ გვსურს, ჯეროვნად მოვაგვაროთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დიპლომატიური ხაზი. ჩვენი ხალხი, ჩვენი საზოგადოებები იმსახურებენ ამას“, — განაცხადა სიბიჰამ ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭომდე, „ევროსკოპის“ კითხვის პასუხად.
მისივე თქმით, 6 მაისს სატელეფონო საუბრისას ის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი შეთანხმდნენ ურთიერთობების ნორმალიზების აუცილებლობაზე.
ბოლო პერიოდში ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის კონტაქტები გააქტიურდა. მაკა ბოჭორიშვილი და ანდრიი სიბიჰა ერთმანეთს შეხვდნენ ერევანში გამართული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, სადაც ასევე გაიმართა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის. შეხვედრები უკრაინული მხარის ინიციატივით შედგა.
ამასთან, უკრაინამ ცოტა ხნის წინ საქართველოში ელჩი დანიშნა მას შემდეგ, რაც ქვეყანა თითქმის ოთხი წლის განმავლობაში ელჩის გარეშე იყო დარჩენილი. უკრაინამ საქართველოს ელჩი იგორ დოლგოვი 2022 წლის მარტში კონსულტაციებისთვის გაიწვია, ხოლო მოგვიანებით საბოლოოდაც დააბრუნა. კიევმა მაშინ მიზეზად დაასახელა საქართველოს პოზიცია სანქციების მიმართ და მოხალისეების საკითხი.
თავის მხრივ, უკრაინაში საქართველოს ელჩის თანამდებობა ვაკანტური რჩება 2023 წლის ივლისიდან, როდესაც დიპლომატიური დაძაბულობის ფონზე ელჩი გიორგი ზაქარაშვილი კიევში საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და მან მალევე დატოვა ქვეყანა.