აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა განახლდა. რას (არ) ცვლის ეს?
გაზიარება
გაზიარება
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა განახლდა, თუმცა ცვლილებები იმ მასშტაბის არ აღმოჩნდა, როგორსაც ნაწილი ელოდა. განსაკუთრებით უსაფრთხოების ბლოკთან დაკავშირებით გავრცელებული მოლოდინები არ გამართლდა, რადგან საუბრობდნენ თითქმის სრულ საკადრო რეორგანიზაციაზე, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ თავდაცვის მინისტრი, ვლადიმერ ანუა გადადგა. მის ნაცვლად თანამდებობა მისმა პირველმა მოადგილემ, ბესლან ცვიჟბამ დაიკავა.
დანარჩენი ცვლილებები უფრო ადმინისტრაციულ გადაადგილებებს ჰგავდა.
● კამა აძინბა, რომელიც 2025 წლის შემოდგომიდან ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს, ოფიციალურად დამტკიცდა მინისტრის პოსტზე და “მოვალეობის შემსრულებლის“ სტატუსი მოეხსნა.
● სოფლის მეურნეობის მინისტრად დაინიშნა ინჟინერი ბესლან პერცხელია. მისი წინამორბედი, ბესლან ჯოპუა, დე ფაქტო პრეზიდენტ ბადრა გუნბას მრჩეველი გახდა.
● ცვლილებები შეეხო ჯანდაცვის სამინისტროსაც. ედუარდ ბუტბას გადაყენება მოსალოდნელი იყო – სამინისტროს მუშაობასთან დაკავშირებით დაგროვილი კრიტიკა და საჩივრები უკვე დიდი ხანია საჯაროდ ისმოდა. ახალ მინისტრად ასტამურ გუნია დაინიშნა, რომელსაც ამ პრობლემების ფონზე უწევს მუშაობის დაწყება.
● კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დანიშვნა მაია ციბულევსკაიას უკავშირდება. მასწავლებელი და მეცნიერი დე ფაქტო მთავრობის მეხუთე ვიცე-პრემიერი გახდა. ეს პოზიცია, რომელსაც აფხაზურ პოლიტიკურ წრეებში არაოფიციალურად ეთნიკური რუსებისთვის განკუთვნილ პოსტად მიიჩნევდნენ, ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვაკანტური იყო. მიზეზად შესაბამისი კანდიდატის არარსებობა სახელდებოდა. ციბულევსკაიას დანიშვნის მიუხედავად, ამ დრომდე უცნობია, კონკრეტულად რა მიმართულებას უხელმძღვანელებს იგი ახალ თანამდებობაზე.
● ე.წ. პრეზიდენტ ბადრა გუნბასთან პირდაპირ არის დაკავშირებული კიდევ ერთი საკადრო გადაწყვეტილებაც: მის თანაშემწედ ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის ვეტერანი ალიას ავიძბა დაინიშნა.
აფხაზურმა მედიამ ცვლილებები განსაკუთრებული ენთუზიაზმის გარეშე შეაფასა. ადგილობრივი კომენტატორების ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავრობას ახალი თანამდებობებისა და გადაადგილებების ნაცვლად, პირიქით, აპარატის შემცირება სჭირდება.
“ხუთი ვიცე-პრემიერი – შთამბეჭდავი რიცხვია ღარიბი ქვეყნისთვის. ვინმეს საერთოდ ახსოვს, ვინ არიან დანარჩენი ვიცე-პრემიერები? რა ფუნქციები აქვთ? რატომ არსებობს ამდენი საფეხური – პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია, პრემიერ-მინისტრი და კაბინეტი? აშკარად რაღაც ზედმეტია“, — წერს ერთ-ერთი აფხაზური გამოცემა.
იმავე კომენტარში აღნიშნულია, რომ “პრაგმატული თვალსაზრისით, ქვეყანას პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის გარეშეც შეუძლია ფუნქციონირება, ხოლო ვიცე-პრემიერების რაოდენობა მხოლოდ ბიუროკრატიულ ტვირთს ზრდის.“