მოსაზრება: ზელენსკისთვის მნიშვნელოვანია, რომ შავი ზღვის ქვეყანა არ იყოს იზოლირებული
კობახიძის და ზელენსკის შეხვედრა
აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი დავით სიხარულიძე გამოეხმაურა ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას. მისი თქმით, ზელენსკისთვის, “თავისუფალი სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერისთვის” მნიშვნელოვანია, რომ შავი ზღვის ქვეყანა არ იყოს იზოლირებული, ამიტომ მან გახსნა საუბრის კარი
როგორც სიხარულიძემ აღნიშნა, საქართველოს მიერ უკრაინასთან ურთიერთობების გაფუჭება, მხოლოდ და მხოლოდ კრემლის ინტერესებში შეიძლება იყოს.
საქართველოსა და უკრაინის ლიდერები ერთმანეთს 4 მაისს ერევანში, ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში შეხვდნენ. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეეხო.

დავით სიხარულიძე: “რა თქმა უნდა, ვარაუდია, მაგრამ ჩანს ეს ყველაფერი, რომ ეს [ირაკლი კობახიძისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა] არის ზელენსკის ინიციატივა. ის არის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი თავისუფალი სამყაროსი. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მით უმეტეს შავი ზღვის ქვეყანა არ იყოს იზოლირებული. ამიტომ მან, ხაზგასმით, კიდევ ერთხელ გახსნა საუბრის კარი.
მართალი გითხრათ, ვერ დავინახე კობახიძის მხრიდან რაიმე ენთუზიაზმი ან სულისკვეთება ამ მიმართულებით, მაგრამ გასაკვირი არც არის, რადგან ის დიდად გადაწყვეტილების მიმღებად არ გამოიყურება. ალბათ, ამბის წამღებ-წამომღებად გამოიყურება. ვფიქრობ, რომ აქ მნიშვნელოვანია თვითონ კონტექსტი, რა კონტექსტში ხდება. ფუნდამენტური ცვლილება ხდება მთელს კონტინენტზე.
უკრაინის წინააღმდეგობამ, რომელიც მეხუთე წელია მიმდინარეობს და თავის სამშობლოს, ქვეყანას, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას იცავენ, დიდი შესაძლებლობები გააჩნია. პრაქტიკულად, სამხრეთ კავკასიაში, ფუნდამენტური, ტექტონიკური ცვლილებები მოხდა. დასრულდა ომი, რომელიც 30 წლის განმავლობაში რუსეთის მანიპულაციის იარაღი იყო. რუსეთი მუდმივად იყენებდა ყარაბაღის ომს იმისთვის, რომ არც აზერბაიჯანისა და არც სომხეთისთვის არ მიეცა განვითარების საშუალება.
ნიკოლ ფაშინიანის ლიდერობას მინდა აქვე ხაზი გავუსვა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ლიდერია ალიევი. მშვიდობა დამყარდა მათ შორის, რაც უზარმაზარ შესაძლებლობებს ქმნის ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის. ეს მშვიდობა გარდა იმისა, რომ განვითარების შესაძლებლობებია, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის იმიტომ, რომ ეს ყველაფერი დასრულდა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.
რუსული რიტორიკა ერთი- ერთზე იყო გადმოტანილი “ქართული ოცნების“ მიერ. გახსოვთ კიდევაც არჩევნების დროს ნიშნის მოგების კონტექსტში დანგრეული უკრაინული ქალაქების ფოტოები იყო საარჩევნო ბანერზე. რაიმე არსებობს რუსული პროპაგანდისტული რიტორიკა, რომელიც “ოცნებას“ ან მის პროპაგანდისტებს არ აქვთ გამეორებული სხვადასხვა კონტექსტში? – არაფერი!
ვფიქრობ, აქ ძალიან მნიშვნელოვანი სწორედ ზელენსკის ნაბიჯი იყო. მისი მცდელობა, რომ შეწყვიტოს ეს. იმიტომ, რომ ეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია. ანუ საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია კარგი ურთიერთობები უკრაინასთან. ასევე, უკრაინის გამარჯვება, რუსეთის დამარცხება და ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია. საქართველოს მიერ უკრაინასთან ურთიერთობების გაფუჭება, მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება იყოს კრემლის ინტერესებში. სხვა არანაირი ინტერესი საქართველოსთვის უკრაინასთან, მის ახლანდელ მთავრობასთან ურთიერთობის გაფუჭების არ შეიძლება არსებობდეს.
როგორც მაიმუნი იმეორებს ხოლმე, ასევე იყო ეს რიტორიკა გამეორებული. მე არ მომისმენია არანაირი არგუმენტი, რატომ შეიძლება საქართველოს სურდეს ცუდი ურთიერთობები უკრაინასთან ან რა არ მოსწონდეს უკრაინაში. ეს ემოციური სიძულვილი, რომელიც შინაარსობრივად სრულიად აბსურდულია, არის თავიდან ბოლომდე რუსული პროპაგანდის შედეგი.
არ შეიძლება სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დააყენო საკუთარი სიმპათიები და ანტიპათიები. შეიძლება ვიღაც ადამიანი, რომელიც დღეს უკრაინაში ცხოვრობს [საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები] არ მოსწონდეს ამ ხელისუფლებას, მაგრამ ეროვნული ინტერესები გაცილებით უფრო მაღლა დგას, ვიდრე “ოცნების“ წარმომადგენლების სიმპათიები და ანტიპათიები.
ამიტომ წარმოუდგენელია, რომ ეს გახდეს პოლიტიკის შემუშავების ძირითადი მამოძრავებელი ძალა. ეს სრულიად აბსურდული გამოხტომებია, ანტიუკრაინული გამოხტომები. საქართველოს მხრიდან უკრაინის ლანძღვა ერთადერთი შეიძლება აწყობდეს რუსეთს. სხვა არ არსებობს დედამიწის ზურგზე ძალა, ქვეყანა, ვისთვისაც ეს კარგი იყოს, საქართველოს ჩათვლით.
საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინასთან კარგი ურთიერთობები, უკრაინის წარმატება, რუსეთის დამარცხება.”