ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო
საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ყოველწლიური ანგარიში დაამტკიცა, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობასა და ევროპული ინტეგრაციის პროცესზე მზარდ შეშფოთებას ასახავს. დოკუმენტს მხარი 53-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 14 წავიდა.
ანგარიში შეიცავს გაფრთხილებას, რომ არსებული კურსის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა საკითხი დადგეს მთელი საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე, რაზეც პასუხისმგებლობა, დოკუმენტის მიხედვით, ქვეყნის ხელისუფლებას დაეკისრება.
ანგარიში წარმოადგენს ევროკავშირის კანდიდატი საქართველოს შესახებ მეორე ასეთ დოკუმენტს და იგი მომზადებულია ევროკომისიის 2025 წლის შეფასების საფუძველზე. განმარტებით ნაწილში აღნიშნულია, რომ ტექსტი კონცენტრირებულია ევროპარლამენტის ძირითად შეშფოთებებზე, რომლებიც უკავშირდება დემოკრატიულ უკუსვლას, კანონის უზენაესობის ეროზიას და ქვეყნის ევროპული კურსის პერსპექტივას.
რა წერია დოკუმენტში
● დოკუმენტში ევროპარლამენტი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, რომელიც, ტექსტის მიხედვით, აგრძელებს ბრძოლას “ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის“ მზარდი რეპრესიების, მტრული რიტორიკის, დეზინფორმაციისა და ზეწოლის ფონზე.
● ანგარიშის პროექტი მკაცრ შეფასებას აძლევს ქვეყნის მმართველ ძალას. მასში ნათქვამია, რომ “ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი.
● დოკუმენტი ასევე ეხება სანქციების პოლიტიკას. მასში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ დაწესებული მიზნობრივი პერსონალური სანქციები, რომლებიც მიმართული უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილის, მმართველი პარტიის ლიდერების, ასევე მოსამართლეების, პროკურორებისა და სხვა თანამდებობის პირების წინააღმდეგ, წარმოადგენს დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს.
● ტექსტში დადებითად არის შეფასებული ის ფაქტიც, რომ ევროკავშირის დონეზე ერთსულოვნების არარსებობის მიუხედავად, ცალკეული წევრი სახელმწიფოები მაინც აწესებენ ინდივიდუალურ სანქციებს და სხვა ქვეყნებსაც ანალოგიური ნაბიჯებისკენ მოუწოდებენ.
● ანგარიში ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო მექანიზმებზეც. მასში მიესალმებიან ეუთოს მიერ “მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას, რაც 24 ქვეყნის ინიციატივით განხორციელდა და საქართველოში ექსპერტთა მისიის გაგზავნას ითვალისწინებს, ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესაფასებლად.
● დოკუმენტში ასევე საუბარია სავიზო პოლიტიკაზე. ევროპარლამენტი აღნიშნავს ევროკომისიის გადაწყვეტილებას, შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა ქართული დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის, რაც შეფასებულია როგორც პასუხი ხელისუფლების მხრიდან ფუნდამენტური ღირებულებების დარღვევაზე.
● ამავე დროს, ტექსტში გამოთქმულია წუხილი, რომ ევროკავშირის მასშტაბით ვიზების აკრძალვა კონკრეტული ქართველი ოფიციალური პირებისთვის ვერ განხორციელდა უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობის გამო.
ხელისუფლების რეაქცია
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღებას მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა. ხელისუფლების წევრები ევროპარლამენტს აკრიტიკებენ და მის გადაწყვეტილებებს “მტრულად“ და “არასამართლიანად“ აფასებენ.
პარლამენტის წევრმა არჩილ გორდულაძემ ევროპარლამენტის მოქმედ ბიუროკრატიას “კლასიკურ ბოლშევიზმი“ უწოდა და განაცხადა, რომ ის დემოკრატიასა და თავისუფალ სიტყვას უპირისპირდება. მისი თქმით, ევროკავშირის ბიუროკრატია “დაცლილია ევროპული საწყისებისგან“ და საქართველოს, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მოქმედებს.

მსგავსი შეფასებები გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმაც. მისი განცხადებით, ევროპარლამენტი “საბჭოთა კავშირის საკავშირო სახალხო დეპუტატთა ყრილობის მემკვიდრედ“ ყალიბდება და საქართველოს მიმართ ისეთივე “მტრულ გადაწყვეტილებებს“ იღებს, როგორც წარსულში მოსკოვი. პაპუაშვილმა ასევე გააკრიტიკა რეზოლუციის ავტორი რასა იუკნევიჩიანე, რომელსაც “ფაშისტურ განცხადებებში“ დასდო ბრალი და მისი წარსული პოზიციები გაიხსენა.
ევროპარლამენტის მიმართ კრიტიკა გამოთქვა დეპუტატმა ლევან მახაშვილმაც. მისი თქმით, რეზოლუცია ადასტურებს, რომ ევროპარლამენტი და მისი პოლიტიკური ჯგუფები თავად არიან “დიალოგისა და პარტნიორობის ხელის შემშლელები“ და “უაზრო ბრალდებებით“ ცდილობენ ურთიერთობების დაზიანებას.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა, რომ ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს მიმართ კრიტიკა, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის თემაზე, “ქართველ ხალხზე თავდასხმას“ წარმოადგენს. მისი თქმით, ხელისუფლება მზად არის ღია დიალოგისთვის, თუმცა, მისი თქმით, ევროკავშირის ბიუროკრატიას “საბჭოური მიდგომები” აქვს.
კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ “გამჭვირვალობის კანონმდებლობის“ მიღების შემდეგ ქვეყანაში სტაბილურობა დამყარდა და წარსულში არსებული “რევოლუციური მცდელობები“ შეწყდა. მისივე განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ პოლიტიკა “შანტაჟზე“ იყო დაფუძნებული, რის საშუალებასაც ხელისუფლება აღარ იძლევა.