ევროპის საბჭოს კომისარი: საქართველოში აქციების დაშლაზე პასუხისმგებლობა კვლავ არ დამდგარა
გაზიარება
გაზიარება
ევროპის საბჭოს კომისარი
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი, საქართველოში მისი ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს აჯამებს და შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ 2024 წელსა და 2025 წლის დასაწყისში აქციების ძალისმიერი დაშლისთვის პასუხისგებაში არცერთი სამართალდამცავი არ მიცემულა.
ო’ფლაერტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჩატარდეს დამოუკიდებელი და საფუძვლიანი გამოძიება მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენებაზე. მისი შეფასებით, ეს საკითხი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ეხება ძალის გამოყენების პროპორციულობას და უსაფრთხოების სტანდარტებს.
ამავე დროს, კომისარი დადებითად აფასებს შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივას, რომელიც სამართალდამცავებს ავალდებულებს ატარონ თვალსაჩინო ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომრები, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ეს ნაბიჯი ვერ ანაცვლებს უკვე ჩადენილ შესაძლო დარღვევებზე რეაგირებას.
კომისარი ხელისუფლებას ასევე შეახსენებს გაეროს 2020 წლის სახელმძღვანელოს სამართალდამცავ უწყებებში ნაკლებად ლეტალური იარაღის გამოყენების შესახებ და მოუწოდებს, ეს სტანდარტები პრაქტიკაში აისახოს.
ანგარიშში ყურადღება ეთმობა კანონმდებლობის ცვლილებებსაც, რომლებიც, კომისრის შეფასებით, კუმულაციურად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლებას. მისი თქმით, ბოლო პერიოდში მიღებულმა დამატებითმა ზომებმა ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაამწვავა.
ხელისუფლებასთან შეხვედრებისას ო’ფლაერტმა შეშფოთება გამოთქვა “უცხოური გავლენის“ შესახებ კანონების ეფექტზეც, რომლებიც, მისი შეფასებით, ნეგატიურად აისახება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, ადამიანის უფლებათა დამცველებსა და მედიაზე. ანგარიშში ასევე ნახსენებია ათობით ორგანიზაციის წინააღმდეგ დაწყებული ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც უცხოური დაფინანსების მიღებას ან შესაძლო საბოტაჟს უკავშირდება.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 14 აპრილს დაიწყო, კომისარმა შეხვედრები გამართა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, სახალხო დამცველ ლევან იოსელიანთან, შინაგან საქმეთა მინისტრ გეკა გელაძესთან და სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხებზე უფრო დეტალური შეფასებები მოგვიანებითაც გამოქვეყნდება.
კომისარი ო’ფლაერტი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისი, საქართველო