"მხარდაჭერა ხალხს, არა მთავრობას“ - რა თქვეს ევროკავშირის საგარეო მინისტრებმა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე
ევროკავშირის საგარეო მინისტრები
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ საქართველოს მიმართ მათი გზავნილი ორ ნაწილად იყოფა: მხარდაჭერა ქართული საზოგადოების ევროპული მისწრაფებებისადმი და მკვეთრი კრიტიკა ხელისუფლების მიერ არჩეული პოლიტიკური კურსის მიმართ.
მათი შეფასებით, ბოლო პერიოდში დემოკრატიული უკუსვლა, ოპოზიციის წინააღმდეგ ნაბიჯები და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემები არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ბრიუსელი უფრო მკაცრ ტონზე გადავიდა და სანქციების საკითხიც კვლავ დღის წესრიგში დადგა.
ამის შესახებ მინისტრებმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ისაუბრეს. საგარეო საქმეთა მინისტრების კომენტარები “ევროსკოპის” რედაქტორმა, თამარ ნუცუბიძემ ჩაწერა.„მხარდაჭერა ხალხს, არა მთავრობას“
ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული გზა, ოპოზიციის რეპრესია, მედიის თავისუფლების შეზღუდვა და საკანონმდებლო ცვლილებები, ევროკავშირისთვის მიუღებელია და საჭიროა ამ მიმართულებით რეალური პროგრესის ნახვა. კალასმა ასევე მიანიშნა, რომ უნგრეთში პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ შესაძლოა ხელახლა გაიხსნას იმ საკითხების განხილვა, რომლებიც ადრე ბლოკირებული იყო, მათ შორის პერსონალური სანქციები.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიასტუტის ბუდრისმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა დააგვიანა რეაგირება. მისი თქმით, უკვე ერთ წელზე მეტია, რაც ლიეტუვა სანქციების დაწესებას მოითხოვდა ევროკავშირის დონეზე, თუმცა გადაწყვეტილებები გაჭიანურდა, რის შედეგადაც საქართველოში დემოკრატიული მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ბუდრისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ როგორც კანდიდატ ქვეყანას, საქართველოს აქვს ვალდებულება დაიცვას დემოკრატიული სტანდარტები, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დადგეს ასოცირების შეთანხმებისა და კანდიდატის სტატუსის გადახედვის საკითხი.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა დააწესოს პერსონალური სანქციები იმ პირების მიმართ, ვინც დემოკრატიულ პროცესებს აფერხებს, და აღნიშნა, რომ ესტონეთი ასეთ ნაბიჯებს უკვე ეროვნულ დონეზე დგამს.
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა-სილვია ტოიუმ აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი მყარად არის დაკავშირებული ევროპულ იდეასთან, თუმცა ამ გზის გასაგრძელებლად აუცილებელია რეფორმები. მისი თქმით, დაკავებული ოპოზიციის ლიდერებს უნდა ჰქონდეთ სამართლიანი სასამართლოს უფლება და სასამართლო სისტემა არ უნდა გამოიყენებოდეს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის ინსტრუმენტად. ტოიუმ ასევე გაამახვილა ყურადღება უსაფრთხოებაზე და აღნიშნა, რომ პროევროპული ალტერნატივის გაძლიერება არის გზა, რომელიც შეიძლება გახდეს საპირწონე პრორუსული გავლენებისთვის.

ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰელენ მაკენტეიმ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს საკითხი დარჩეს დღის წესრიგში და გაგრძელდეს თანამშრომლობა როგორც ხელისუფლებასთან, ისე საზოგადოებასთან. მისი თქმით, ევროკავშირი უნდა დარჩეს ჩართული პროცესებში და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს იმ გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყანაში ჩნდება, რათა რეფორმები რეალურად გახდეს პრიორიტეტი.
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა დაეხმაროს საქართველოს გააგრძელოს გზა, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობას სურს – ევროპული ინტეგრაცია. მისი თქმით, მხარდაჭერა მიმართულია ქართველი ხალხისადმი, რათა ქვეყანამ შეინარჩუნოს დემოკრატიული და მშვიდობიანი განვითარება ევროპული მიმართულებით.