საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივრით მიმართა
2024 წლის აქციები
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” (საია) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი გაგზავნა, რომელიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართული პროევროპული აქციების დროს დაზარალებულ პირებს ეხება. ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ დემონსტრანტების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან ადგილი ჰქონდა წამებასა და არასათანადო მოპყრობის სისტემურ პრაქტიკას.
20 აპრილს გამართულ ბრიფინგზე საიას თავმჯდომარემ, თამარ ონიანმა განაცხადა, რომ სასამართლოს ოთხი მომჩივნის სახელით მიმართეს. მისი თქმით, წარმოდგენილი საქმე მიზნად ისახავს არა მხოლოდ ცალკეული ფაქტების, არამედ სახელმწიფოს ქმედებების ფართო სურათის შეფასებას.
საია ამტკიცებს, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა არ იყო ინდივიდუალური გადაცდომების შედეგი. ორგანიზაციის შეფასებით, ეს წარმოადგენდა კოორდინირებულ ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც მიზნად ისახავდა პროევროპული პროტესტის ჩახშობას და სცდებოდა დემოკრატიული წესრიგის ფარგლებს.
ორგანიზაციის განცხადებით, სტრასბურგში წარდგენილი საჩივრის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, სასამართლომ დაადგინოს, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენები იყო არა სპონტანური ან არაპროპორციული რეაგირება, არამედ ორგანიზებული ძალადობა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქვეყანაში ადამიანის უფლებების გაუარესებულ მდგომარეობას 28 ნოემბრის შემდეგ.
მტკიცებულებებზე დაყრდნობით, საია აღწერს ძალადობის სისტემურ ხასიათს:
- აქციების დარბევის პარალელურად, როგორც წესი, სპეციალური დანიშნულების რაზმი აქციის მონაწილეებს უსაფუძვლოდ აკავებდა, სცემდა, ხშირად ჯგუფურად, შემდეგ კი გადაჰყავდა პოლიციის კორდონის მიღმა, მედიის კამერებისგან მოშორებით, სადაც ძალადობა კიდევ უფრო ინტენსიური ხდებოდა.
- ძალადობა, როგორც წესი, გრძელდებოდა სპეციალურად მოწყობილ სადამსჯელო მიკროავტობუსებში. სპეცრაზმის წევრები, სპეციალური ხელთათმანების საშუალებით, ფეხით, ზოგ შემთხვევაში, კეტით ან სხვა ხელსაწყოს გამოყენებით, ჯგუფურად სცემდნენ მსხვერპლებს.
- ფიზიკურ ძალადობას, როგორც დაკავების შემდეგ, ისე მიკროავტობუსში, თან ახლდა ნივთების წართმევა, შეურაცხყოფა, დამცირება და მუქარა, მათ შორის, გაუპატიურებით დამუქრება. როგორც წესი, სპეცრაზმელები მსხვერპლებს მიზანმიმართულად ურტყამდნენ თავისა და სახის არეში.
- მიკროავტობუსში ცემის შემდეგ, რაც, ხშირად, რამდენიმე ეპიზოდად მიმდინარეობდა, მსხვერპლებს გადასცემდნენ საპატრულო ან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს, რომლებსაც ისინი პოლიციის განყოფილებებში მიჰყავდათ და დაკავების შესახებ ყალბ ოქმებს აფორმებდნენ.
- ხშირად, ფსიქოლოგიური ძალადობა და, ზოგიერთ შემთხვევაში, ფიზიკური ძალადობა გრძელდებოდა როგორც ტრანსპორტირების დროს, ასევე პოლიციის განყოფილებაში.
საიას შეფასებით, ძალადობის სისტემურ ხასიათზე მიუთითებს არა მხოლოდ მსგავსი შემთხვევების განმეორებადობა, არამედ პასუხისმგებელი პირების დაუსჯელობაც. ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ მაღალი თანამდებობის პირები საჯაროდ აჯილდოებდნენ ძალადობაში მონაწილე პირებს, მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან გაჟღერებული კრიტიკისა.
საჩივარი ასევე ეხება გამოძიების პროცესში არსებულ ხარვეზებს. ორგანიზაციის განცხადებით, გამოძიებას აფერხებს მტკიცებულებების მიუწვდომლობა და ინსტიტუციური პრობლემები:
- რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის გარშემო არსებული შენობების სათვალთვალო კამერების კადრების გამოძიებისთვის გადაცემაზე სახელმწიფო უწყებები უარს აცხადებენ, ხშირად “სისტემის გაუმართაობის“ ან “კამერების დაზიანების“ მიზეზის ხსენებით (მაშინ, როდესაც ამ კამერათა ჩანაწერები დემონსტრანტებთან მიმართებით საქმეების ხშირად უსაფუძვლო წარმოებისთვის მთავარი მტკიცებულება ხდება ადგილობრივი სასამართლოებში);
- ამასთანავე, შსს-მ დაადასტურა, რომ სპეციალური აღჭურვილობა გაიცემოდა ინდივიდუალური ნომრების მითითების გარეშე;
- გამოძიებაში დაზარალებულთა ჩართულობას ზღუდავს სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლების არ გადმოცემა. მხოლოდ მათი ნაწილის გაცნობაა შესაძლებელი, და მხოლოდ საგამოძიებო ორგანოში ვიზიტისას, რაზე დაყრდნობითაც, ორგანიზაცია ასკვნის, რომ 2025 წლის მარტიდან მოყოლებული ეფექტიანი საგამოძიებო მოქმედებები არ განხორციელებულა. არც ერთი პირი არ არის დღემდე ბრალდებული, მათ შორის არც სახელმწიფო თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის დადგენის მხრივ არის გადადგმული ნაბიჯები.
საიას საჩივარი ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის სავარაუდო დარღვევას, მათ შორის წამების აკრძალვას, შეკრების თავისუფლებას, დისკრიმინაციის აკრძალვასა და საკუთრების დაცვის უფლებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მე-17 მუხლს, რომელიც უფლებების ბოროტად გამოყენებას კრძალავს – ნორმას, რომლის გამოყენებაც დემონსტრაციების კონტექსტში საქართველოს მიმართ, ორგანიზაციის თქმით, პრაქტიკაში პირველად ხდება.
საქმეში აღწერილია ოთხი კონკრეტული შემთხვევა, რომლებიც, საიას შეფასებით, ასახავს უფრო ფართო ტენდენციას. მომჩივნები აღწერენ მძიმე ფიზიკურ ძალადობას, შეურაცხყოფასა და მუქარას. ერთ-ერთმა მათგანმა დაკარგა გონება მრავალჯერადი ცემის შედეგად; სხვებს აღენიშნებოდათ ძვლების მოტეხილობები, სისხლდენა და ფსიქოლოგიური ტრავმა. ერთ შემთხვევაში, დაკავებულს ჩამოერთვა მობილური ტელეფონი, რომელიც აღარ დაუბრუნებიათ.
ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ:
- კონვენციის მე-3 მუხლის (წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა) დარღვევა
მატერიალური დარღვევა (მე-14 მუხლთან ერთობლიობაში):
- წამება (1-ლი, მე-2 და მე-3 მომჩივნების მიმართ): მომჩივნების მიმართ განხორციელებული ხანგრძლივი და მიზანმიმართული სასტიკი ცემა, მათ შორის გაუპატიურების მუქარა და დახურულ სივრცეში (მიკროავტობუსებში) წამება, აღწევს წამების ზღვარს. ეს ქმედებები მიზნად ისახავდა მათ დასჯას და დაშინებას მათი პროევროპული პოლიტიკური მოსაზრებების გამო, რაც დისკრიმინაციული მოპყრობის ნაწილია.
- არასათანადო მოპყრობა (მე-4 მომჩივნის მიმართ): გამოყენებული არასაჭირო და არაპროპორციული ძალა, ასევე ჰომოფობიური შეურაცხყოფა, წარმოადგენს დამამცირებელ მოპყრობას.
- ადმინისტრაციული პრაქტიკა: შემთხვევები მიუთითებს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან წინასწარ ორგანიზებულ და კოორდინირებულ სისტემაზე, რომელიც მიმართული იყო პროტესტის ჩახშობისკენ.
პროცედურული დარღვევა (ოთხივე მომჩივნის მიმართ):
- დანაშაულის არასწორი კვალიფიკაცია: გამოძიება მიმდინარეობს “უფლებამოსილების გადამეტების“ მუხლით, ნაცვლად “წამებისა“ და “არაადამიანური მოპყრობის“ მუხლებისა, რაც ხელს უშლის საქმის სწორად წარმართვას.
- პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირება: ნიღბიანი ოფიცრების იდენტიფიცირება ვერ ხერხდება; სპეცაღჭურვილობა გაიცემოდა ინდივიდუალური ნომრების გარეშე; არც ერთი პირი არ არის ბრალდებული.
- მტკიცებულებების მოპოვება: სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გადაცემაზე სახელმწიფო უწყებები უარს აცხადებენ.
- საქმის მასალებზე წვდომა: პროკურატურა უარს ამბობს მასალების ასლების გადაცემაზე დაზარალებულებისთვის.
- გამოძიების დაყოვნება: 2025 წლის მარტიდან ეფექტიანი საგამოძიებო მოქმედებები არ განხორციელებულა.
- სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმება: უფლებამოსილების პროკურატურაზე გადაცემამ დაასუსტა ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.
კონვენციის მე-11 მუხლის (შეკრების თავისუფლება) დარღვევა მე-14 მუხლთან ერთობლიობაში:
- გაუმართლებელი ჩარევა: დაკავება და ძალადობა არ იყო გამართლებული, რადგან მომჩივნები მშვიდობიანად მონაწილეობდნენ აქციაში.
- დისკრიმინაციული მოტივი: დარღვევა მოხდა პოლიტიკური აზრის გამო.
კონვენციის 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევა (მე-3 მომჩივანთან მიმართებით):
- ქონების უკანონო ჩამორთმევა: ჩამოერთვა მობილური ტელეფონი.
- ეფექტიანი გამოძიების არარსებობა.
კონვენციის მე-17 მუხლის დარღვევა:
- ძალაუფლების სისტემური ბოროტად გამოყენება: სახელმწიფოს ქმედებები მიმართული იყო პროტესტის ჩახშობისკენ და სცდებოდა დემოკრატიული წესრიგის ფარგლებს.
საია აცხადებს, რომ გააგრძელებს სტრატეგიულ სამართალწარმოებას სტრასბურგში და საზოგადოებას საქმის მიმდინარეობის შესახებ პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას.