კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერისთვის ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
გაზიარება
გაზიარება
ელენე ხოშტარიას პატიმრობა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერ პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა იმის გამო, რომ მან დედაქალაქის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერა “რუსული ოცნება“ გააკეთა.
განაჩენი მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა. გადაწყვეტილების დასაბუთებისას მან აღნიშნა, რომ ხოშტარიას მიერ ჩადენილ ქმედებას ადასტურებს ტელევიზიით გავრცელებული ვიდეოკადრები, ასევე საქმეს ერთვის დაცვის თანამშრომლის ჩვენება.
ხოშტარია სასამართლო სხდომას არ დასწრებია და ბრალს არ აღიარებს. მისი დაკავება 2025 წლის 15 სექტემბერს მოხდა, მას შემდეგ რაც მან უარი განაცხადა 5.000 ლარიანი საპატიმრო გირაოს გადახდაზე, რომელიც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა.
საქმე უკავშირდება ინციდენტს, რომელიც ერთი დღით ადრე, 14 სექტემბერს მოხდა. ხოშტარიამ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან განთავსებულ ბანერზე მარკერით გააკეთა წარწერა “რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო მან თავადვე გაავრცელა სოციალურ ქსელში და განაცხადა, რომ ეს იყო სოლიდარობის გამოხატვა მეგი დიასამიძის მიმართ – აქტივისტის, რომელიც ანალოგიური ქმედების გამო დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
პროკურატურამ ხოშტარიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, თუ ამ ქმედებამ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული მუხლი ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ 12 მარტს ევროპარლამენტმა რეზოლუცია “ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები “ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“ 438 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო.
რეზოლუციაში დაგმობილია საქართველოში “ქართული ოცნების” რეჟიმის” მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების “სისტემატური დევნა” და დაყენებულია მოთხოვნა, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ელენე ხოშტარია და სხვა პირები, რომლებიც საქართველოში ბოლო პერიოდის დემონსტრაციებთან დაკავშირებით “პოლიტიკური მოტივით” დააკავეს.