"კონკრეტიკის გარეშე“: ოპოზიციური მედია აანალიზებს აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ინტერვიუს
ინტერვიუ აფხაზეთის პრეზიდენტ ბადრა გუნბასთან
აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა თითქმის ერთი წელია ხელისუფლებაშია, თუმცა ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ორი ინტერვიუ მისცა – ორივე სახელმწიფო ტელევიზიას. მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოსვლები ბევრმა ზედმეტად სტერილურად და მწვავე თემებისგან დაცლილად შეაფასა, ოპოზიციურმა გამოცემამ რესპუბლიკა გუნბას ნათქვამი დეტალურად გააანალიზა და დაასკვნა, რომ ინტერვიუებმა უფრო მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი გასცა
აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობები — რიტორიკა კონკრეტიკის გარეშე
გუნბამ, როგორც მისმა წინამორბედებმა, ვრცლად ისაუბრა რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე. თუმცა, როგორც “რესპუბლიკა“ შენიშნავს, ამ პარტნიორობის გაღრმავების ახალი მიმართულებები, მექანიზმები თუ პრაქტიკული ნაბიჯები არ გაჟღერებულა.
გამოცემა ხაზს უსვამს, რომ საზოგადოებას სჭირდება არა მხოლოდ დადასტურება, რომ ურთიერთობები მნიშვნელოვანია, არამედ კონკრეტიკა – პროექტები, ვადები, ეკონომიკური მაჩვენებლები და თანამშრომლობის პარამეტრები. არსებული ფორმულირებები კი უფრო პოლიტიკურ ლოზუნგებს ჰგავს, ვიდრე განვითარების გეგმას.
სოფლის განვითარება – ხედვა დეტალების გარეშე
ინტერვიუში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოფლის რაიონების მნიშვნელობას, თუმცა ისევ – კონკრეტული სტრატეგიისა და მკაფიო გეგმის გარეშე.
“რესპუბლიკის“ შეფასებით, სოფლის განვითარების მთავარი ამოცანა უნდა იყოს მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე, კონკურენტუნარიანი პროდუქტის შექმნა. ეს მოითხოვს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, გადამუშავების სექტორის განვითარებასა და სამეცნიერო მხარდაჭერას.
გამოცემა პირდაპირ მიუთითებს, რომ სოფლის მეურნეობის კვლევითი ინსტიტუტების აღდგენის გარეშე სისტემურ მოდერნიზაციაზე საუბარი შეუძლებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო ხარჯები შესაძლოა ერთჯერად ინიციატივებად დარჩეს მდგრადი შედეგის გარეშე.
ოპოზიციასთან დიალოგი — ფორმალური ჩარჩო
ე.წ. პრეზიდენტმა ინტერვიუში ოპოზიციასთან დიალოგის აუცილებლობაც ახსენა. “რესპუბლიკა“ ამ ფაქტს პოზიტიურ სიგნალად მიიჩნევს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მისი წინამორბედი, ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია, ასეთ ფორმატსაც არ ემხრობოდა.
თუმცა გამოცემა შენიშნავს, რომ არსებული დიალოგი უფრო რეაქციული და არასისტემურია — იგი კრიზისების მართვის ინსტრუმენტად გამოიყურება და არა გრძელვადიანი პოლიტიკური შეთანხმების პლატფორმად. ამ ფორმატში სტრატეგიული გარღვევების მოლოდინი ნაკლებად რეალისტურია.
რა დარჩა ეთერს მიღმა
საერთო შეფასებით, ინტერვიუმ უფრო დახურული ფორმატის შთაბეჭდილება დატოვა – მნიშვნელოვანი თემების ნაწილი, სავარაუდოდ, გადაცემის სტრუქტურის გამო, არ გაჟღერებულა.
ოპოზიციური გამოცემა მიიჩნევს, რომ არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, პრეზიდენტისთვის უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა ფართო პრესკონფერენციების ჩატარება, სადაც სხვადასხვა მედიასაშუალებას ექნებოდა შეკითხვების დასმის შესაძლებლობა.
ამ ეტაპზე კი, გუნბას საჯარო კომუნიკაცია კვლავ კონტროლირებულ სივრცეში რჩება, იქ, სადაც კითხვები წინასწარ არის განსაზღვრული, ხოლო პასუხები, ხშირად, ზოგადი ფორმულირებებით შემოიფარგლება.