ცხინვალის КГБ: თამარ მეარაყიშვილი საქართველოს სპეცსამსახურებისთვის მუშაობდა და სადაზვერვო საქმიანობას ეწეოდა
გაზიარება
გაზიარება
თამარ მეარაყიშვილის საქმე
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ადგილობრივი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი საქართველოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და სადაზვერვო საქმიანობას ეწეოდა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ განცხადებით, მეარაყიშვილი “დაქირავებული იყო დივერსიული ამოცანების შესასრულებლად“, თუმცა ბრალდებები დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმებული არ არის.
უწყება ასევე ასახელებს მის სავარაუდო კონტაქტებს საქართველოს სხვადასხვა ყოფილ და მოქმედ ოფიციალურ პირებთან, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან და სუს-ის ამჟამინდელ უფროს მამუკა მდინარაძესთან, რეინტეგრაციის ყოფილ მინისტრ პაატა ზაქარეიშვილთან, თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ალასანიასთან და “ქართული ოცნების“ ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან.
დე ფაქტო КГБ-ს ვერსიით, მეარაყიშვილს ევალებოდა “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა“. უწყება ირწმუნება, რომ იგი აგროვებდა მონაცემებს პოლიტიკოსებზე, სამართალდამცველებზე, რუს სამხედროებზე, მათი დისლოკაციისა და სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შესახებ.
ოკუპირებული რეჟიმის განცხადებაში ასევე წერია, რომ მეარაყიშვილი ფარულად იწერდა საუბრებს ოფიციალურ პირებთან და ამყარებდა მათთან ახლო კონტაქტებს, რათა, როგორც თავად ამტკიცებენ, ინფორმაცია მიეღო “დივერსიული გეგმების განსახორციელებლად“.
დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მის მონაწილეობაზე საზღვარგარეთ გამართულ ტრენინგებსა და სემინარებში, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოაწყვეს. მათი მტკიცებით, მეარაყიშვილი იქ “სამხრეთ ოსეთის მხარეს წარმოადგენდა, თუმცა ამახინჯებდა ინფორმაციას შიდა პოლიტიკური პროცესების შესახებ“ და ამ გზით, თითქოს, დისკრედიტაციას უწევდა დე ფაქტო ხელისუფლების “სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“.
ამასთან, КГБ აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საქმე დასრულების ეტაპზეა და მეარაყიშვილის “თანამზრახველები, როგორც რესპუბლიკის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, გამოვლინდებიან და პასუხისგებაში მიეცემიან“.
თამარ მეარაყიშვილი ცხინვალში “ჯაშუშობის“ ბრალდებით 2025 წლის 22 დეკემბერს დააკავეს. მოგვიანებით, 31 დეკემბერს, დე ფაქტო ხელისუფლებამ ის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანა. მისი დაკავება მაშინაც აღიქმებოდა როგორც პოლიტიკურად მოტივირებული ნაბიჯი იმ ფონზე, როდესაც ოკუპირებულ რეგიონებში სამოქალაქო აქტივისტებზე ზეწოლა წლებია სისტემურ პრობლემად რჩება.