თამარ მეარაყიშვილის ცხინვალიდან გამოძევება საშიშ სიგნალს უგზავნის იქ დარჩენილ ქართველებს - SJC
თამარ მეარაყიშვილის საქმე
ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორელი აქტივისტი და ჟურნალისტი თამარ მეარაყიშვილი რეგიონიდან გააძევა. ამ გადაწყვეტილებას “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” (SJC) პოლიტიკურ რეპრესიად აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს საშიშ პრეცედენტს ქმნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის.
ორგანიზაციის განცხადებით, მეარაყიშვილის დაპატიმრება, შემდეგ კი მოულოდნელი გამოძევება არა მხოლოდ ერთი აქტივისტის უფლებების დარღვევაა, არამედ გზავნილია იმ ქართველებისთვის, რომლებიც ცხინვალის რეგიონში ცხოვრობენ და საქართველოს მოქალაქეობას ინარჩუნებენ.
SJC-ის შეფასებით, ახალგორის მოსახლეობა უკვე წლებია დეპოპულაციის პროცესშია: გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობები და უსაფრთხოების მუდმივი განცდა ადამიანებს აიძულებს, რეგიონი დატოვონ. ორგანიზაციის განმარტებით, თამარ მეარაყიშვილის საქმე ამ პროცესს კიდევ უფრო ამძაფრებს და ეთნიკური ქართველებისთვის ყოფნას უფრო დაუცველსა და გაურკვეველს ხდის.
“როგორც ცნობილია, თამარ მეარაყიშვილი 2025 წლის 22 დეკემბერს ღამით, ცხინვალში საკუთარ სახლში დააკავეს. დე ფაქტო პროკურატურა მას რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს – ჯაშუშობას ედავებოდა, რაც 10-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დაკავება დემონსტრაციული სპეცოპერაციის ფორმით განხორციელდა: აქტივისტის აღწერით, მის სახლში 20-ზე მეტი ნიღბიანი და შეიარაღებული პირი შეიჭრა, ხოლო გარეთ ტერიტორიას ასზე მეტი სპეცრაზმელი აკონტროლებდა. დაკავებამდე მას ბრალდება არ განუმარტეს.
პროტესტის ნიშნად მეარაყიშვილმა ციხეში მშრალი შიმშილობა დაიწყო. ამ პერიოდში, მისი თქმით, იგი ეთნიკური ნიშნით შეურაცხყოფისა და ძალადობის მუქარის სამიზნეც გახდა. საქმის მასალების მიხედვით, დე ფაქტო ორგანოები მას ადანაშაულებდნენ ცხინვალში გადაღებული ვიდეოს გავრცელებაში, სადაც საკომუნიკაციო ანძა ჩანდა. ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცებით, ეს ობიექტი “სტრატეგიული მნიშვნელობისაა“ და მისი საჯარო გავრცელება “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უსაფრთხოებას“ აზიანებდა.
24 დეკემბერს ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ აქტივისტს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. თუმცა რამდენიმე დღეში ვითარება რადიკალურად შეიცვალა. 31 დეკემბერს იგივე სასამართლომ უკვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საფუძველზე გადაწყვიტა მისი დაჯარიმება და რეგიონიდან გაძევება, მოტივით, რომ თამარ მეარაყიშვილმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა უკანონოდ მიიღო, მაშინ როცა საქართველოს მოქალაქეობაც ჰქონდა.” – წერს ორგანიზაცია.
“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” თქმით, სწორედ ეს მოულოდნელი ტრანსფორმაცია – მძიმე სისხლის სამართლის საქმის ადმინისტრაციულ სანქციად “გადაქცევა“ – აჩენს ეჭვს, რომ საქმე თავიდანვე პოლიტიკური მოტივებით მიმდინარეობდა.
ორგანიზაცია მიუთითებს, რომ მოქალაქეობის შეწყვეტისა და გამოძევებისათვის აუცილებელი სამართლებრივი პროცედურები სრულად უგულებელყოფილი იყო და მეარაყიშვილი ფაქტობრივად ერთ დღეში გააძევეს რეგიონიდან.
SJC-ის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ატარებს მკაფიო პოლიტიკურ გზავნილს იმ ეთნიკური ქართველების მიმართ, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ და კრიტიკულ პოზიციას გამოხატავენ.
“თამარ მეარაყიშვილი წლების განმავლობაში იყო ერთ-ერთი იშვიათი დამოუკიდებელი ხმა ახალგორსა და მთლიანად ცხინვალის რეგიონში — საუბრობდა უფლებრივ და სოციალურ პრობლემებზე, ამხელდა კორუფციას და აკრიტიკებდა ადგილობრივ ჩინოვნიკებს. მისი საქმიანობა მხოლოდ ქართველების ინტერესებით არ შემოიფარგლებოდა, იგი ოსი თემის პრობლემებზეც საჯაროდ საუბრობდა და დიალოგის შენარჩუნებას ცდილობდა.
აქტივისტის გაჩუმების მცდელობები ახალი არ არის. 2017 წელს იგი ცილისწამებისა და დოკუმენტების ფალსიფიკაციის ბრალდებით დააკავეს, თუმცა ხანგრძლივი პროცესის შემდეგ გაამართლეს. მიუხედავად ამისა, დე ფაქტო რეჟიმმა მას პასპორტი არ დაუბრუნა, რის გამოც წლების განმავლობაში ფაქტობრივ იზოლაციაში ცხოვრობდა და გადაადგილების შესაძლებლობა არ ჰქონდა.” – აცხადებს ორგანიზაცია.
“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ასევე კრიტიკულად აფასებს საქართველოს ხელისუფლების რეაქციას. ორგანიზაციის განცხადებით, თბილისმა ეთნიკურად ქართველი მოქალაქის ოკუპირებული რეგიონიდან გამოძევება სათანადოდ არ დაგმო, ხოლო ცალკეულმა პოლიტიკოსებმა მეარაყიშვილი პროვოკატორობაშიც კი დაადანაშაულეს. ამასთან, სახელმწიფოს არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები მისი საცხოვრებლით უზრუნველყოფისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისთვის, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა აქტივისტმა ხანგრძლივი შიმშილობა გადაიტანა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს, რომ აგრძელებს თამარ მეარაყიშვილის მხარდაჭერასა და სამართლებრივ ბრძოლას და აფრთხილებს, რომ მისი საქმე მხოლოდ ერთი ადამიანის ბედს არ ეხება: ის ასახავს იმ პოლიტიკურ რეალობას, რომელშიც ცხინვალის რეგიონში დარჩენილი ეთნიკური ქართველები ყოველდღიურად ცხოვრობენ.