"არ მჯერა თქვენი ერთი სიტყვისაც კი" - ახალგორელი უფლებადამცველი პრემიერს შეხვედრას სთხოვს
“გამარჯობა, ბატონო გიორგი. მე ვარ თამარ მეარაყიშვილი. სამოქალაქო აქტივისტი. ვცხოვრობ ახალგორში. აქედან გწერთ... მძიმე მდგომარეობაში ვართ. ძალიან მძიმე მდგომარეობაში. გთხოვთ, დაგველაპარაკოთ,” – ეს სიტყვები წერია წერილში, რომელიც ახალგორში მცხოვრებმა აქტივისტმა, ადამიანის უფლებების დამცველმა თამარ მეარაყიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მიწერა.
მეარაყიშვილი წერილს ფეისბუქზე აქვეყნებს და გახარიას შეხვედრას სთხოვს.
აქტივისტი ახალგორში შექმნილ გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებზე ჰყვება, წერილს დათოვლილი ახალგორის ფოტოს ურთავს და ამბობს, რომ ქართული მოსახლეობა ტოვებს რეგიონს სამუდამოდ, უყურადღებობისა და სიდუხჭირის გამო.
ახალგორი – ცხინვალის მიერ კონტროლირებადი ერთადერთი რაიონია სამხრეთ ოსეთში, სადაც 2008 წლის ომის შემდეგ ეთნიკურ ქართველებს საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება მისცეს.
ახალგორის მოსახლეობის დიდი ნაწილი ეთნიკური ქართველია. რეგიონს ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება აკონტროლებს. იქ მცხოვრები ქართველები საქართველოს მოქალაქეები არიან (ზოგს ადგილობრივი მოქალაქეობაც აქვს), რომლებიც იღებენ ქართულ პენსიას.
“გავეცანი ინფორმაციას გეგმებზე, რასაც ჩვენი მიმართულებითაც აპირებთ. რა საჭირო იყო ასეთი ლამაზი დაპირებების გაცემა პარლამენტში, სადაც კითხვას არ დასვამდნენ? ისედაც “დაგიჯერებდნენ”, რომ ჩვენზე ფიქრობთ და ზრუნავთ“, – წერს მეარაყიშვილი.
წერილში ის აღნიშნავს, რომ მანამდეც უთხოვია პრემიერთან შეხვედრა, თუმცა უშედეგოდ:
“არაერთხელ მოგმართეთ ღია წერილით, სატელევიზიო სივრციდან, რომ დაგეთმოთ რამდენიმე წუთი და მოგესმინათ ჩემთვის. მე ახალგორელებისგან მაქვს უფლება, დაგლაპარაკებოდით მათი სახელით, მაგრამ ჩემმა სურვილმა თქვენამდე ვერ მოაღწია.“
მეარაშიშვილი ეხმაურება პარლამენტში პრემიერ-მინისტრის გამოსვლას, და მიმართავს მას:
“რა საჭირო იყო ასეთი ლამაზი დაპირებების გაცემა პარლამენტში, სადაც კითხვას არ დასვამდნენ?… არ მჯერა თქვენი ერთი სიტყვისაც კი, სამწუხაროდ, რადგან თქვენთვის ადამიანი არაა მთავარი” – წერს აქტივისტი.
ახალგორი – ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე
ახალგორში მცხოვრებმა აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა ქართული მედიასაშუალებებით, მათ შორის JAMnews-ზე, არაერთხელ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალგორი ჰუმანიტარული კატასტროფის პირასაა, რადგან რეგიონი წელიწადზე მეტია, რაც ჩაკეტილია სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ.
ახალგორი ცხინვალმა 2019 წლის 4 სექტემბერს ჩაკეტა და შემდეგ მხოლოდ რამდენიმე დღით გახსნა.
________________________
● იზოლაციის 142 დღე. ცხინვალმა ჩაკეტილი ახალგორი გახსნა პენსიონერებისა და მძიმე ავადმყოფებისთვის
● ახალგორი ისევ ჩაიკეტა სულ მცირე ორი თვით
_________________________
ახალგორში მცხოვრები ეთნიკური ქართველები ვერ გადმოდიან თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაზე, აქვთ საკვების, მედიკამენტების პრობლემა, თვეობით ვერ იღებენ პენსიას.
რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა იმის გამო, არ ჰქონდა წვდომა ექიმთან და საავადმყოფოსთან, რადგან თბილისში ოსურმა მხარემ არ გამოუშვა.
_____________________________
● კაცი, რომელიც ცხინვალიდან თბილისში სამკურნალოდ მოჰყავდათ, გზაში გარდაიცვალა
● რით დაეხმარა covid-19-თან ბრძოლაში საქართველო ოსურ და აფხაზურ მხარეებს