კომენტარი: დემოკრატიული დებატები არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული საკითხის ირგვლივ მოწყობილი სატელევიზიო შოუ
გაზიარება
გაზიარება
დიმიტრი ცქიტიშვილის კომენტარი
პოლიტოლოგი დიმიტრი ცქიტიშვილი “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება პოლიტიკური დებატების შესახებ და ამბობს, რომ დემოკრატიული დებატები არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული საკითხის ირგვლივ მოწყობილი სატელევიზიო შოუ. მისივე განმარტებით, დებატი შეიძლება არსებობდეს მაშინაც, როცა მხარეები ერთ სივრცეში არ იკვეთებიან, ზუსტად ისე, როგორც დღეს ხდება საქართველოში.
ირაკლი კობახიძე საჯარო დისკუსიის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყანაში უნდა აღდგეს პოლიტიკური დებატების კულტურა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში კობახიძე წერს, რომ მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, საჯაროდ მოისმინონ ყველა იმ პოლიტიკური ძალის პოზიცია, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს, რათა არჩევანი გააკეთონ ინფორმირებული ანალიზის საფუძველზე.
დიმიტრი ცქიტიშვილი: “დემოკრატიული დებატები არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული საკითხის ირგვლივ მოწყობილი სატელევიზიო შოუ.
დებატი შეიძლება არსებობდეს მაშინაც, როცა მხარეები ერთ სივრცეში არ იკვეთებიან, ზუსტად ისე, როგორც დღეს ხდება საქართველოში: ყველა საკუთარ სივრცეში საუბრობს და მიმდინარეობს ვირტუალური დებატი ყველა მნიშვნელოვან საკითხზე.
არის ეს ქვეყნის დემოკრატიული პოლიტიკური კლიმატისთვის რაიმე მომტანი? ცალსახად არა!
როდესაც ხელისუფლებამ ოპოზიციას ჩაუკეტა მის მიერ კონტროლირებადი მედია სივრცე, თავადაც არ მიდის კრიტიკულ მედიაში, როდესაც ოპონენტების დემონიზებას ახდენ ფეიკ-პროპაგანდით, აჯარიმებ ან აპატიმრებ განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების გამოხატვისთვის; როდესაც მიტაცებულია ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი, ასეთ პირობებში დებატების ინიცირება არის პლურალისტური დემოკრატიის სიმულაციის მცდელობა და არაფერი სხვა — ანუ თაღლითობა/დემაგოგია.