ევროკომისიამ სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი დაიწყო
უვიზო მიმოსვლის შეჩერება
ევროკომისიამ საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც დიპლომატიურ, სამსახურებრივ და ოფიციალურ პასპორტებს ფლობენ, ვიზების შეჩერების ახალი მექანიზმის საფუძველზე უვიზო რეჟიმის შეჩერების პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა 21 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ახალი მექანიზმი უზრუნველყოფს, რომ შეჩერება ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში ერთიანად და თანმიმდევრულად განხორციელდეს.
ლამერტის განმარტებით, ვიზალიბერალიზაციის მიზანია ქვეყნებს შორის კონტაქტების გაძლიერება და საერთო ღირებულებების, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მხარდაჭერა. ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ამ პრინციპებს არღვევენ, რაც უარყოფითად აისახება ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, კულტურულ და სამეცნიერო კავშირებზე.
“ამ ეტაპზე კომისიამ თავისი შეფასება გადაუგზავნა ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოს. მიღების შემდეგ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზების შეჩერება ყველა ქვეყანაში ერთიანად განხორციელდება,” – თქვა ლამერტმა.
პროცედურა ჯერჯერობით ჩვეულებრივი ბიომეტრიული პასპორტის მქონე მოქალაქეებს არ ეხება, მათ შორის იმ დიპლომატებსაც, რომლებიც ჩვეულებრივი პასპორტით მოგზაურობენ. ლამერტის თქმით, შეჩერების მექანიზმი ორი ეტაპისგან შედგება: პირველი ეტაპი ეხება მხოლოდ დიპლომატიურ პასპორტებს, ხოლო შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ზომების გავრცელება ფართო საზოგადოებაზე.
ევროკომისიის პრესსპიკერი დასძენს, რომ ახალი სამართლებრივი საფუძველი უფრო მოქნილი და სწრაფია და უზრუნველყოფს ზომების ერთიანად გამოყენებას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში.
“მნიშვნელოვანია, რომ აქ საუბარია პასპორტებზე და არა კონკრეტულ პირებზე,” – აღნიშნა ლამერტმა.
გასული წლის 27 იანვარს ევროკავშირმა უკვე შეაჩერა უვიზო რეჟიმი ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის, თუმცა ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას მისი რატიფიცირება არ მოუხდენია. ლამერტის თქმით, ახალი მექანიზმი ამ პრობლემას აგვარებს და ერთიანი გამოყენების საშუალებას იძლევა.
“გასულ წელს მიღებული ზომები განსხვავებულ სამართლებრივ ბაზას ეყრდნობოდა. ახალი სამართლებრივი საფუძვლის უპირატესობა ის არის, რომ უფრო მოქნილი და საგრძნობლად უფრო სწრაფია. სწორედ ამიტომ შეგვიძლია მისი გამოყენება ამ შემთხვევაში. აქ ზომების ფოკუსი თავად პასპორტებზეა და არა კონკრეტულ პირებზე, საუბარია პასპორტის მფლობელებზე. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ზომები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ერთიანად და ერთნაირად იქნება გამოყენებული. ადრე ეს უფრო რეკომენდაციის ხასიათს ატარებდა, ახლა კი შესაძლებელია ერთიანი გამოყენების უზრუნველყოფა.“ – თქვა ევროკომისიის პრესსპიკერმა.
17 ნოემბერს ევროკავშირის საბჭომ საბოლოოდ დაამტკიცა განახლებული მექანიზმი, რომელიც საშუალებას აძლევს ბლოკს, უფრო სწრაფად და ეფექტიანად შეაჩეროს ვიზალიბერალიზაცია იმ მესამე ქვეყნებისათვის, სადაც უვიზო რეჟიმი ბოროტად გამოიყენება ან ეწინააღმდეგება ევროკავშირის ინტერესებს.
ევროპის კომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის საფუძვლები ბოლო წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად დასუსტდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებამ პრაქტიკულად შეაჩერა გაწევრიანების პროცესი და საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ფურცელზე დარჩა.