ოცნების დეპუტატების ბიზნესკავშირები, სახელმწიფო შესყიდვები და შემოწირულობები – TI-ის კვლევა
ოცნების დეპუტატების ბიზნესკავშირები
არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TI) აქვეყნებს კვლევას “ქართული ოცნების” დეპუტატების კავშირებზე ბიზნესთან, სახელმწიფო შესყიდვებსა და პარტიული შემოწირულობებთან.
TI-ის თანახმად, კვლევის ძირითადი მიგნებებია:
- 87-დან 41 დეპუტატს აქვს კავშირი ბიზნესთან;
- 7 კომპანიას, რომლებშიც დეპუტატები ფლობენ წილს, მოგებული აქვთ 271 ტენდერი;
- 13 კომპანიას, რომლებშიც დეპუტატები ფლობენ წილს, მოგებული აქვთ 301 გამარტივებული შესყიდვა;
- იმ კომპანიებმა, რომლებშიც ოცნების მოქმედი დეპუტატები ფლობენ წილს, გამარტივებული შესყიდვებში მონაწილეობით სახელმწიფოსგან მიიღეს 7 736 986 ლარი;
- იმ კომპანიებმა, რომლებშიც ოცნების მოქმედი დეპუტატები ფლობენ წილს, ტენდერების მოგების შემდეგ მიიღეს 465 900 569 ლარი;
- მოქმედ დეპუტატებს 2012 წლიდან შეწირული აქვთ 2 738 586 ლარი, აქედან: 66 500 ლარი ნაციონალურ მოძრაობას, 39 000 ლარი ხალხის ძალას, ხოლო 2 633 086 ლარი ქართულ ოცნებას და მის საპრეზიდენტო კანდიდატს (სალომე ზურაბიშვილი).
ორგანიზაციის ცნობით, კვლევა ეყრდნობა საჯარო წყაროებს. კვლევაში არსებული მონაცემები არის 2025 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით და მოიცავს იმ დეპუტატების მონაცემებს (87 დეპუტატი), რომლებიც ამ დროისათვის მონაწილეობდნენ საპარლამენტო საქმიანობაში.
“კვლევაში განხილულია პარლამენტის წევრების ბიზნეს კავშირები (წილები კომპანიებში), გამარტივებულ შესყიდვებსა და ტენდერებში დეპუტატების კომპანიების მონაწილეობა, წინასაარჩევნოდ დეპუტატების მიერ განხორციელებული პოლიტიკური დონაციები”. – წერს TI.
1. რამდენი დეპუტატი ფლობს ბიზნეს წილს?
87 დეპუტატიდან 41 კავშირი აქვს ბიზნესთან, აქედან შემოსავლის შესახებ დეკლარაციაში უთითებს 17.
საანგარიშო პერიოდში ბოლოს წარდგენილი დეკლარაციების შესაბამისად, ბიზნესებიდან მილიონი ლარი და მეტი შემოსავალი მიღებული აქვთ შემდეგ დეპუტატებს:
- ანტონ ობოლაშვილი 4 860 828,41 ლარი
- ბერეკაშვილი შოთა 4 712 134,18 ლარი
- ჭყონია გიორგი – 4 373 744,02 ლარი
- ზაალ დუგლაძე 1 470 979,19 ლარი
- ბარვენაშვილი გიორგი 1 033 008,48 ლარი
- ლაშა ტალახაძე – 680 000 USD (დეკლარაციაში თანხა დოლარში აქვს მითითებული)
ყველაზე მეტ კომპანიაში წილი აქვს ვასილ ჩიგოგიძეს (21 კომპანია).
5-ზე მეტი კომპანიის მეწილეები არიან შემდეგი დეპუტატები:
- ვასილ ჩიგოგიძე – 21
- გიორგი ჭყონია – 20
- გიორგი ბარვენაშვილი – 11
- ბეჟან წაქაძე – 8
- ზაალ დუგლაძე 7
- გიორგი ხახუბია – 6
- ირაკლი კირცხალია – 6
2. დეპუტატებთან დაკავშირებული კომპანიების მონაწილეობა ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში
- 7 კომპანიას რომლებშიც დეპუტატები ფლობენ წილს, მოგებული აქვთ 271 ტენდერი, 465 900 569 ლარი.
- 13 კომპანიას, რომლებშიც დეპუტატები ფლობენ წილს, მიღებული აქვთ 301 გამარტივებული შესყიდვა, 7 736 986 ლარი.


3. პოლიტიკური შეწირულობები
ქართული ოცნების მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრების პარტიული შეწირულობები:
მოქმედ დეპუტატებს 2012 წლიდან შეწირული აქვთ 2 738 586 ლარი, აქედან: 66 500 ნაციონალურ მოძრაობას, 39 000 ხალხის ძალას, ხოლო 2 633 086 ლარი ქართულ ოცნებას და მის საპრეზიდენტო კანდიდატს (სალომე ზურაბიშვილი).
მე-11 მოწვევის ოცნების პარლამენტის დეპუტატებიდან ორმა 2012 წელს იმჟამინდელ სახელისუფლებო პარტიას ერთიან ნაციონალ მოძრაობას შეწირეს თანხა, კერძოდ გოჩა ენუქიძემ – 60 000 ლარი, ანზორ ბოლქვაძემ – 6 500 ლარი. ხოლო პარტია ხალხის ძალას ორმა დეპუტატმა შესწირა თანხა, კერძოდ ვიქტორ ჯაფარიძემ 38 000 ლარი, და გურამ მაჭარაშვილმა 1000 ლარი.
ვიქტორ ჯაფარიძემ მითითებული თანხიდან [158 000 ლარი] 30 000 ლარი და 8000 ლარი შესწირა ივანიშვილის სატელიტ მოძრაობა ხალხის ძალას.
ზემოთ მოყვანილი მონაცემებიდან, კომპანიების მიერ მიღებული ეს შემოსავლები მოცემულია 2015-2025 წლის 24 ოქტომბრის პერიოდზე.
